თამარ ჭიჭინაძე
79 წელს, ვეზუვის ამოფრქვევამ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავდროულად უნიკალური კვალი დატოვა.
ვეზუვიის ამოფრქვევამ არა მხოლოდ გაანადგურა რომაული ქალაქები, არამედ პარადოქსულად ისინი მომავალს შეუნახა.
პომპეი ხშირად უბრალოდ „დაკარგულ ქალაქად“ მოიხსენიება, თუმცა სინამდვილეში ის გაცილებით მეტია: ეს არის დროის ერთ მომენტში გაყინული ურბანული სისტემა ქალაქი, რომელმაც თითქმის სრულად შემოგვინახა ანტიკური ყოველდღიურობის სივრცითი ანატომია.
ვეზუვი: საფრთხე, რომელსაც ვერ ცნობდნენ
ამოფრქვევამდე ვეზუვი რომაელებისთვის აქტიურ ვულკანად აღარ აღიქმებოდა. მისი ფერდობები ვენახებითა და ფერმებით იყო დაფარული, ხოლო კამპანიის რეგიონი რომაული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ და მდიდარ ტერიტორიად ითვლებოდა.
მართალია, 62 წელს ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც პომპეი მნიშვნელოვნად დააზიანა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა სეისმურ აქტივობას მიჩვეული იყო. სწორედ ამიტომ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე საათში მთელი ურბანული სივრცე განადგურდებოდა.
რა ვიცით ტრაგედიის შესახებ?
პომპეის კატასტროფის მთავარი წერილობითი წყაროებია პლინიუს უფროსის წერილები, რომლებიც მან ისტორიკოს ტაციტუს მისწერა.
ის აღწერს უზარმაზარ ვულკანურ ღრუბელს, რომელსაც ფიჭვის ხეს ადარებს ვიწრო ღეროთი და ზემოთ ფართოდ გაშლილი ფორმით. სწორედ ამ ჩანაწერებმა მოაღწია ჩვენამდე და ისინი დღემდე რჩება ვულკანოლოგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ დოკუმენტად. ამავე მოვლენას ემსხვერპლა პლინიუს უფროსი, რომელიც როგორც მეცნიერი და რომაული ფლოტის მეთაური, კატასტროფის ზონასთან მიახლოებას ცდილობდა.
რატომ არ დატოვეს ქალაქი?
თანამედროვე ადამიანის თვალით ხშირად ჩნდება კითხვა რატომ არ გაიქცნენ?
პასუხი კომპლექსურია:
* მოსახლეობას არ ჰქონდა წარმოდგენა ვულკანური პროცესების შესახებ;
* მიწისძვრები მათთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო;
* ამოფრქვევის პირველი ეტაპი შედარებით ნელი ჩანდა;
* ადამიანები ცდილობდნენ ოჯახის წევრების, ქონებისა და სახლების გადარჩენას.
არქეოლოგიური მასალა აჩვენებს, რომ ბევრი მოქალაქე ქალაქიდან გასვლას უკვე მაშინ ცდილობდა, როცა ქუჩები ფერფლითა და ნანგრევებით ივსებოდა. ადამიანების ნაწილს თან ჰქონდა ოქრო, გასაღებები, სამკაულები თითქოს უკან დაბრუნებას ელოდნენ.
საბოლოოდ ყველაზე მომაკვდინებელი აღმოჩნდა პიროკლასტური ნაკადები ზემაღალი ტემპერატურის აირებისა და ფერფლის მასები, რომლებიც წარმოუდგენელი სიჩქარით დაეშვა ქალაქებზე.

დაკარგული ქალაქიდან მსოფლიო არქეოლოგიის სიმბოლომდე
საუკუნეების განმავლობაში Pompeii მიწის ქვეშ დარჩა. შუა საუკუნეებში მისი ზუსტი მდებარეობაც კი თითქმის დავიწყებული იყო.
XVIII საუკუნეში დაწყებულმა გათხრებმა სრულიად ახალი ეპოქა შექმნა არქეოლოგიაში. თავდაპირველად გათხრები უფრო „განძის ძიებას“ ჰგავდა, თუმცა მოგვიანებით კვლევა მეცნიერულ პროცესად გადაიქცა.
გადამწყვეტი როლი ითამაშა ჯუზეპე ფიორელმა, რომელმაც ფერფლში დარჩენილი სიცარიელეების თაბაშირით შევსების მეთოდი შექმნა. ასე გაჩნდა ცნობილი „პომპეის ფიგურები“ ადამიანების ბოლო მოძრაობების სამგანზომილებიანი ანაბეჭდები, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის იმდროინდელი ქალაქის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
პომპეი როგორც გაყინული, ურბანული რუკა?
პომპეის განსაკუთრებულობა მხოლოდ ტრაგედიაში არ არის. ეს ქალაქი უნიკალურია იმიტომ, რომ მან თითქმის სრულად შემოგვინახა:
* ქუჩების ქსელი
* წყლის სისტემა
* საცხოვრებელი კვარტლები
* ბაზრები
* ტავერნები
* საარჩევნო წარწერები
* სოციალური და ეკონომიკური სივრცეები
თუ სხვა ანტიკური ქალაქები ჩვენამდე ფრაგმენტულად მოვიდა, პომპეი ერთდროულად გვაძლევს ინფორმაციას:
* ქალაქის სტრუქტურას
* მოსახლეობის ყოველდღიურობას
* და იმ მომენტის ფსიქოლოგიურ ანაბეჭდსაც კი, როცა ადამიანები კატასტროფის წინაშე აღმოჩნდნენ.
სწორედ ამიტომ პომპეი არ არის მხოლოდ არქეოლოგიური ძეგლი. ის არის დროის მიერ შეჩერებული ცივილიზაცია ადგილი, სადაც ისტორია სივრცედ, ერთგვარ ურბანულ რუკად გადაიქცა.
