გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

სამხრეთი კორეა  – საუკუნეების მემკვიდრეობა და ინოვაციების ძალა

სამხრეთი კორეა აღმოსავლეთ აზიაში, კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. სახელი კორეა მომდინარეობს კორიოს სამეფოდან. ქვეყანას გააჩნია სახმელეთო ასტრონომიული საზღვარი ჩრდილოეთ კორეასთან (ჩრდილოეთით, გადის 38-ე პარალელზე) და საზღვაო საზღვრები იაპონიასა (აღმოსავლეთით) და ჩინეთთან (დასავლეთით).

მეტად საინტერესოა ის ფაქტი, რომ კორეასა და იაპონიას შორის მდებარე იაპონიის ზღვას სამხრეთ კორეაში აღმოსავლეთის ზღვად მოიხსენიებენ.  კორეის მხარის განცხადებით სახელი „იაპონიის ზღვა“ მსოფლიო საზოგადოებას თავს იაპონიის იმპერიამ მოახვია. 1910-1945 წლებში კორეაში ადგილი ჰქონდა იაპონიის ინტერვენციას. ამიტომ კორეის მთავრობის პოზიცია ზღვის სახელწოდებასთან დაკავშირებით არ იქნა გათვალისწინებული, როცა 1929 წელს საერთაშორისო ჰიდროგრაფიულმა საზოგადოებამ (IHO) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ოკეანეებისა და ზღვების საზღვრები“. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ  სახელწოდება „აღმოსავლეთის ზღვა“ დაახლოებით 2000 წელს ითვლის და ბევრ ძველ რუკაზე გვხდება. მაგ; მარკო პოლოს მოგზაურობის რუკაზე, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ თარგმნილ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე და სხვ. ამჟამად, ეს საკითხი  ჯერაც განხილვის საკითხია.  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოცემულ რუკებსა და გლობუსებზე, ასევე; Googl Maps-ის, Bing. Maps-is, National Geographic-ის ციფრულ რუკებზე, ორივე სახელწოდებაა დატანილი.

ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 70% მთიანია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დასახლებასა და მიწათმოქმედებაზე. უმაღლესი მწვერვალია ჰალასანი (1950 მ), რომელიც ვულკანური წარმოშობისაა და მდებარეობს კუნძულზე.

სამხრეთ კორეას 3000-ზე მეტი კუნძული  ეკუთვნის, მათ შორის ყველაზე დიდი არის ჯეჯუს კუნძული – პოპულარული ტურისტული რეგიონი.

ქვეყანაში მუსონური კლიმატია – ზაფხულში უხვი ნალექი მოდის, ხოლო , ხოლო ზამთარი ცივი და მშრალია. მნიშვნელოვანი მდინარეებია ჰანგანგი და ნაკდონგანგი, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ და ეკოლოგიურ განვითარებაში დიდ როლს თამაშობენ.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამაგრებული საზღვარი – დემილიტარიზებული ზონა (DMZ).

მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს ქალაქებში, განსაკუთრებით დედაქალაქში სეულში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი მეგაპოლისია მსოფლიოში. სეული გაშენებულია მდინარე ჰანგანგის ნაპირებზე, რომელიც ქალაქს ორ ნაწილად ყოფს და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და რეკრეაციული ზონაა. სეული გარშემორტყმულია მთებით, რაც ქალაქს ბუნებრივ დაცვასა და უნიკალურ ლანდშაფტს აძლევს.

სეული ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული დედაქალაქია მსოფლიოში, სადაც მილიონობით ადამიანი მცირე ტერიტორიაზე ცხოვრობს.

ქალაქში გვერდიგვერდ ნახავთ თანამედროვე ცათამბჯენებსა და ისტორიულ სასახლეებს, როგორიცაა გიონგბოკგუნგის სასახლე, რომელიც მე-14 საუკუნეში აშენდა.

სეული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქალაქია, სადაც ინტერნეტის სიჩქარე და ციფრული სერვისები ძალიან განვითარებულია.

სამხრეთი კორეა ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით აღმოსავლეთ აზიის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. მისი მოქალაქეები სარგებლობენ ცხოვრების ძალიან მაღალი ხარისხით, გააჩნიათ რეგიონში ყველაზე მაღალი ინდივიდუალური შემოსავალი და საშუალო ხელფასი.  კორეა ჯანდაცვის ხარისხისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, ასევე წამყვან ქვეყნებს შორისაა მსოფლიო მასშტაბით. კორეა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანაა მსოფლიოში, კორეელები აქტიურად ინარჩუნებენ კავშირს ბუნებასთან. მაგალითად, სეულში არის ეგრეთ წოდებული „ტყის ბიბლიოთეკები“ – მყუდრო ღია ცის ქვეშ ხეებით გარშემორტყმული სამკითხველო ადგილები.

კორეელები ძალიან შრომისმოყვარეები არიან: ისინი დასვენების დღეების გარეშე მუშაობენ.

სამხრეთ კორეაში ადამიანის ასაკი ტრადიციულად იზომება არა მხოლოდ დაბადების მომენტიდან, არამედ მოიცავს საშვილოსნოში გატარებულ დროსაც. ახალშობილი ბავშვი დაბადების მომენტიდან ერთი წლისაა. ეს გამოწვეულია კონფუციანური ტრადიციით, რომლის მიხედვით ჩვილის მიერ საშვილოსნოში გატარებული  დრო ასევე ასაკად ითვლება.

საინტერესო ფაქტია, რომ სამხრეთ კორეაში ციფრ 4-ს  ცრურწმენის გამო ერიდებიან: აქ რიცხვი 4 უიღბლოდ ითვლება, რადგან სიტყვა „ოთხი“ (사, sa) კორეულად ჟღერს სიტყვა „სიკვდილის“ (사, sa) მსგავსად. ამიტომ ლიფტებში ღილაკის „4“-ის ნაცვლად ხშირად გამოიყენება ასო „F“ (ინგლისური „ოთხიდან“).

სამხრეთ კორეაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, როდესაც მთელი ქვეყანა პრაქტიკულად ისვენებს  და ოჯახთან ერთად დროს ატარებს.  ეს არის მთვარის ახალი წელი (სეოლნალი) და შემოდგომის მოსავლის ფესტივალი (ჩუსეოკი). სეოლნალი აღინიშნება მთვარის კალენდრის პირველი თვის პირველ დღეს, ჩვეულებრივ იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში, ხოლო ჩუსეოკი მთვარის კალენდრის მე-8 თვის მე-15 დღეს, ჩვეულებრივ, სექტემბრის შუა რიცხვებში აღინიშნება.  იგი ასევე ცნობილია როგორც “კორეული მადლიერების დღე”.

კორეაში, გარდა ვალენტინობისა და თეთრი დღისა (14 მარტი), ასევე  აღნიშნავენ შავ დღეს (14 აპრილი).  ეს არის მარტოხელა ადამიანების დღე, რომლებსაც წინა ორ დღესასწაულზე საჩუქრები არ მიუღიათ. ისინი ერთად იკრიბებიან და ჭამენ jjajangmyeon-ს-ლაფშას შავი ლობიოს სოუსით.

K-pop კორეის ყველაზე წარმატებული კულტურული ექსპორტია. ჯგუფები, როგორიცაა BTS და Blackpink, გახდნენ გლობალური სუპერვარსკვლავები და მიიღეს მილიონობით გულშემატკივარის სიყვარული დაიმსახურეს.  BTS პირველი კორეული ჯგუფია, რომელმაც 2020 წელს აშშ-ს Billboard Hot 100-ის პირველი ადგილი დაიკავა თავისი სიმღერით Dynamite. Gangnam Style სიმღერა გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე მეტი მოწონების მქონე ვიდეო YouTube-ზე და პირველი ვიდეო, რომელმაც 1 მილიარდ ნახვას გადააჭარბა პლატფორმაზე. სიმღერა  2012 წლის 15 ივლისს  გამოვიდა და სწრაფად გახდა ვირუსული მისი უნიკალური და მიმზიდველი მუსიკალური ვიდეოს გამო.

მასწავლებლის პროფესიას სამხრეთ კორეაში  არა მარტო მაღალი სტატუსი აქვს, არამედ ღრმა პატივისცემითაც სარგებლობს  საზოგადოებაში. ეს არის ტრადიციული კონფუცისტური ღირებულებების შედეგი , რაც ხელს უწყობს განათლებისა და მასწავლებლების პატივისცემას.

კორეული მოდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში. ეს  აიხსნება როგორც K-pop-ისა და კინოს გავლენით, ასევე კორეული კოსტუმების ისტორიული ტრადიციებით. 

სამხრეთ კორეა გლობალური კოსმეტიკური ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, რომელიც ცნობილია თავისი ინოვაციებით, როგორიცაა BB კრემები, ნიღბები და კანის მოვლის საშუალებების ფართო არჩევანი. ფაქტია ისიც, რომ სამხრეთ კორეა ასევე მსოფლიოში პირველ ადგილზეა მამაკაცის კოსმეტიკური საშუალებების ბაზრით.

კორეა პლასტიკური ქირურგიის მსოფლიო ცენტრია. პლასტიკური ქირურგების საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით, სამხრეთ კორეას  პლასტიკური ქირურგიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე. სტატისტიკური ფაქტი აჩვენებს, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტი ოპერაცია ფიქსირდება

კორეული სამზარეულოს შედევრია  პოპულარული და უნიკალური  კერძი  კიმჩი. ეს ტრადიციული კორეული კერძია, რომელიც შედგება ფერმენტირებული ბოსტნეულისგან, ყველაზე ხშირად კომბოსტოსა და ბოლოკისაგან, სხვადასხვა სანელებლებისა და სეზონური ინგრედიენტების დამატებით. კერძი იმდენად მნიშვნელოვანია კორეის კულტურაში, რომ სამხრეთ კორეაში არის მუზეუმი, რომელიც  მხოლოდ  ამ კერძს ეძღვნება.  კორელეებს აქვთ განსაკუთრებული დღეები, როდესაც ოჯახები იკრიბებიან ზამთრისთვის დიდი რაოდენობით კიმჩის დასამზადებლად  და ამ პროცესს “კიმჯანგი” ჰქვია.

სამხრეთ კორეაში არის ტუალეტებისადმი მიძღვნილი მუზეუმი! მას ჰაევოჯაეს მუზეუმი ჰქვია და მდებარეობს ქალაქ სუვონში. მუზეუმის შენობა გიგანტური ტუალეტის ფორმისაა და გამოფენა მოგვითხრობს ტუალეტის კულტურის ისტორიასა და ევოლუციაზე.