ბუვეს კუნძული (Bouvet Island), რომელსაც ხშირად დედამიწის ყველაზე „მარტოსულ“ ადგილს უწოდებენ, დაუსახლებელი ვულკანური კუნძულია. იგი ატლანტის ოკეანის სამხრეთში და სამხრეთ აფრიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. კუნძული სამხრეთის 60°-იან პარალელზეა და აფრიკიდან დაახლოებით 2600 კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო ანტარქტიდიდან, კერძოდ კი დედოფალ მოდის მიწიდან, 1600 კილომეტრით, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ ხმელეთად აქცევს. ბუვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაშორებული კუნძული კონტინენტიდან აღდგომისა და ტრისტან და კუნიას კუნძულების შემდეგ.

კუნძულს სახელი მისი აღმომჩენის, ფრანგი ჟან-ბატისტ ბუვე დე ლოზიეს (1705–1786) პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც კუნძული 1739 წლის 1 იანვარს აღმოაჩინა. ნისლის გამო მან კუნძული კონცხად ჩათვალა, რომლის იქითაც დიდი ხმელეთი უნდა ყოფილიყო გადაჭიმული. ბუნებრივია, მან ივარაუდა, რომ ეს იყო უცნობი სამხრეთის მიწა, რომელიც იმ დროის რუკებზე იყო მონიშნული.

1772 წელს ჯეიმს კუკმა ბუვეს მიერ მითითებული წერტილის მახლობლად გაცურა, მაგრამ რადგან ბუვემ შეცდომით განსაზღვრა კუნძულის გრძედი, კუკმა ხმელეთს ვერ მიაღწია. 1808 წელს, ვეშაპებზე სანადირო გემის კაპიტანმა, ჯეიმს ლინდსიმ, პირველმა ზუსტად განსაზღვრა კუნძულის კოორდინატები, რომელიც მაშინვე არ იქნა იდენტიფიცირებული ბუვეს მიერ აღმოჩენილ მიწასთან და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცნობილი იყო, როგორც „ლინდსის კუნძული“. 1825 წლის 10 დეკემბერს, კუნძულზე კაპიტანი ნორისი გადავიდა. მან ბუვე ბრიტანეთის საკუთრებად გამოაცხადა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ლორდ ლივერპულის, პატივსაცემად „ლივერპულის კუნძული“ უწოდა.
ნორვეგიული გემის „Norge“-ს ეკიპაჟმა კუნძულზე 1927 წელს, დაახლოებით, ერთი თვე გაატარა. 1927 წლის 1 დეკემბერს, ექსპედიციის ლიდერმა ლარს კრისტენსენმა კუნძული ნორვეგიულად გამოაცხადა. მეფე ჰააკონ VII-ის 1928 წლის 23 იანვრის ბრძანებულებით, ბუვეს კუნძული „ნორვეგიის ტერიტორიად“ გამოცხადდა. 1929 წელს დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა ბუვეს კუნძულზე ტერიტორიულ პრეტენზიებზე. 1930 წელს სტორტინგმა მიიღო კანონი, რომლითაც ბუვეს კუნძული ნორვეგიის დამოკიდებულ ტერიტორიად გამოცხადდა.
დღესაც ბუვე ნორვეგიის დამოკიდებული ტერიტორიაა და მასზე არ ვრცელდება ანტარქტიდის შესახებ შეთანხმება. ეს არის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ანტარქტიდის დემილიტარიზაციას, მის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოყენებას და ბირთვული იარაღისაგან თავისუფალ ზონად გადაქცევას, 1959 წლის 1 დეკემბერს ვაშინგტონში დაიდო და ძალაში 1961 წლის 23 ივნისს შევიდა 12 პირველმონაწილე სახელმწიფოს ხელმოწერის შემდეგ.
კუნძულის ფართობი 60 კმ²-ია და ტერიტორიის 93% ყინულითაა დაფარული. იგი გარშემორტყმულია ციცაბო კლდეებით, რაც კუნძულზე გადასვლას საკმაოდ ართულებს, ხოლო მკაცრი ამინდი, ყინვა და ხშირი შტორმები, კიდევ უფრო ხაზს უსვამს მის მიუწვდომლობას.
ბუვეს კუნძული არ არის მხოლოდ შორეული ტერიტორია – ის თითქმის მთლიანად მოწყვეტილია მსოფლიოსგან. ესაა კუნძული აეროდრომისა და მუდმივად მცხოვრები ადამიანების გარეშე. ამიტომ იქ მოხვედრა მხოლოდ სპეციალიზირებული გემებითაა შესაძლებელი, რომლებსაც ცივ სამხრეთ ოკეანეში შეუძლიათ ნავიგაცია. ადამიანთა უახლოესი დასახლებები ათასობით კილომეტრითაა დაშორებული, რაც ბუვეს, ჩვენი პლანეტის ხელუხლებელი კუთხის სტატუსს ანიჭებს.

კუნძულზე ზამთარი ჯერ არავის გაუტარებია. კუნძულის შესწავლას მნიშვნელოვნად აფერხებს ექსპედიციების ტრანსპორტირების სირთულეები, რაც კუნძულის რელიეფთან არის დაკავშირებული.
მიუხედავად იზოლაციისა, ბუვეს კუნძულს სამეცნიერო მნიშვნელობა გააჩნია. ის ნაკრძალია და მისი ხელუხლებელი გარემო მეტად ღირებულ მონაცემებს გვაწვდის გლობალური ამინდისა და ანტარქტიდის ეკოსისტემების შესასწავლად. ლოჯისტიკური სირთულეებისა და ექსტრემალური პირობების გამო მკვლევართა და ავანტიურისტთა ვიზიტები აქ საკმაოდ იშვიათია.
ბუვეს კუნძულზე ყინულის საფარის ქვეშ მდებარეობს აქტიური ვულკანი. კუნძულზე გვხვდება ხავსების, ლიქენების და ზღვის ფრინველების, მათ შორის პინგვინებისა პატარა ეკოსისტემა. მის კლდოვან ნაპირებზე ხშირად ამოდიან სელაპები, რაც კუნძულის ბიომრავალფეროვნებას ამდიდრებს.
