გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

არჩევნების გეოგრაფია, საქართველო

საქართველოს საარჩევნო გეოგრაფია

სტატიის ავტორი: იოანე მახარაძე

საარჩენო გეოგრაფია საზოგადოებრივი გეოგრაფიის ერთ-ერთი ქვემიმართულებაა, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში ჯერ-ჯერობით განვითარებული არ არის. თუმცა, მეორე მხრივ, საარჩევნო გეოგრაფიის კანონზომიერებებზე დაყრდნობა აუცილებელია პარტიული სუბიექტებისა და კანდიდატებისთვის, რადგან მათ კამპანიას სწორი გეოგრაფიული მიმართულება მიეცეს. წლების მიხედვით არჩევნების შედეგებზე დეტალური გეოგრაფიული დაკვირვება გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ რომელი იდეოლოგიისა და პლატფორმის მქონე პოლიტიკურ ძალას აქვს მეტი შანსი სხვადასხვა რეგიონში, ამ რეგიონის ფიზიკური თუ საზოგადოებრივი გეოგრაფიული მახასიათებლების გავლენით.

  საქართველოს საარჩევნო გეოგრაფიის კანონზომიერებების დადგენას 2008 წლის არჩევნებით ვიწყებთ. ამ წელს საკმაოდ პოპულარული მოქმედი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძეს უპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგების სამართლიან დათვლასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულება არსებობს, ერთი რამ ცხადია. ოფიციალურ შედეგებზე დაყრდნობითაც კი: თუმცა მიხეილ სააკაშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვა, მან წააგო დედაქალაქი. ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ საქართველოს საარჩევნო გეოგრაფიის პირველ სიგნალად, რომ ოპოზიციურ პარტიებს ტრადიციულად ძლიერი ველი აქვთ დედაქალაქში და სავარაუდოა, რომ პერსპექტვივა აქვთ სხვა დიდ ქალაქებშიც. განსხვავებით, სოფლებისგან. რურალურ, ანუ სასოფლო ტიპის დასახლებებში მიხეილ სააკაშვილის პროცენტული მაჩვენებლები 80-ს აჭარბებდა. 2008 წლის არჩევნების შედეგების ანალიზზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ჩნდებოდა მთელს მსოფლიოში გავრცელებული საარჩევნო „დაპირისპირება“ ურბანულ და რურალურ ტერიტორიებს შორის. როცა საქალაქო და სასოფლო ტიპის დასახლებები ყოველთვის ფუნდამენტურად განსხვავებულ არჩევანს აკეთებენ ხოლმე.

2008 წლის საარჩევნო რუკა.

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოქმედ ხელისუფლებას ძალიან სერიოზულ ოპოზიციურ ძალასთან მოუწია დაპირისპირება. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში „კოალიცია ქართული ოცნება“ დაუპირისპირდა. მაშინდელმა ოპოზიციამ- „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუგო საქართველოს თითქმის ყველა დიდი ქალაქი, თუმცა ხელისუფლების დამარცხებაში მთავარი წვლილი ისევ დედაქალაქმა შეიტანა. ოღონდ 2008 წელთან შედარებით, უკვე თბილისში იყო ძალიან დიდი სხვაობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. „ქართული ოცნება“ დედაქალაქში ხმათა 70%-ზე მეტს აგროვებდა. გარდა თბილისისა, ოპოზიციამ მოიგო სხვა დიდი ურბანული არეალები, როგორებიცაა: ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი.

მეორე მხრივ, იმდროინდელმა ხელისუფლებამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა სამხრეთ საქართველოში, რომელიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებითაა დასახლებული და ეს რეგიონები ყოველთვის ხელისუფლებისკენ იხრებიან. რასაც რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის ინფორმაციული ვაკუუმი, ინფორმირების შედარებით დაბალი დონე, ხელისუფლების მხრიდან მანიპულაციების სიმარტივე და ადგილობრივი მოსახლეობის ხელისუფლებასთან დაპირისპირების შიში.

2012 წლის საარჩენო რუკა.

 

2008 და 2012 წლების საარჩევნო რუკების ანალიზი უკვე გვიჩვენებს საქართველოს საარჩენო გეოგრაფიის ტენდენციებს. განსხვავებულ შედეგებს ქალაქებსა და სოფლებს შორის. რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიდრეკილებას, მხარი დაუჭირონ ხელისუფლებას. მომდევნო წლების არჩევნების ანალიზით, გადამოწმდება ეს ტენდენციები გაღრმავდა თუ არა.

 კიდევ ერთი ძალიან კონკურენტუნარიანი არჩევნები საქართველოში 2018 წელს ჩატარდა, საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატი არ წამოაყენა, თუმცა მთელი თავისი რესურსით მხარი დაუჭირა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მეორე მხრივ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კანდიდატად ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. კენჭს ასევე იყრიდნენ დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი და შალვა ნათელაშვილი.

  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს იყო პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც საჭირო გახდა მეორე ტურის ჩატარება, რადგან პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი.

ლეგენდა: ლურჯი- სალომე ზურაბიშვილი. წითელი- გრიგოლ ვაშაძე

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის რუკა გვიჩვენებს, რომ სახელისუფლო კანდიდატის სასარგებლოდ არჩევანი გააკეთა სამხრეთ საქართველოს რეგიონებმა, რომლებიც რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით არის დასახლებული, შესაბამისად, ჩვენს მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ ეს რეგიონები  მხარს უჭერენ ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ დადასტურდა. მეტიც, სახელისუფლო კანდიდატს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს მთიანმა მუნიციპალიტეტებმა, როგორებიცაა: ყაზბეგი, დუშეთი, თიანეთი, მესტია, ცაგერი, ლენტეხი, ონი და ამბროლაური. ვფიქრობთ, ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებით დიდია რურალური, აგრალური, ანუ სასოფლო მოსახლეობის წილი, რომელიც როგორც ვთქვით აქტიურად უჭერენ მხარს ხელისუფლებას. მეორე მხრივ, ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მოიგო საქართველოს ყველა დიდი ქალაქი- თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი, გორი. ყველა ის არეალი, რომელშიც დიდია ურბანული მოსახლეობის რაოდენობა. გარდა საარჩევნო რუკისა, შეგვიძლია დავაკვირდეთ საინტერესო მონაცემებს, რომელთა კალკულაციაც მოხდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

2018 წლის არჩევნების შედეგების ანალიზი ცხრილის მიხედვით, გეოგრაფიულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, გვიჩვენებს, რომ წინა არჩევნებისას გამოკვეთილი ტენდენციები ზუსტია. ოპოზიციის შედეგი ბევრად მაღალია დიდ ქალაქებში, ხოლო სოფლებში უპირატესობა აქვს სახელისუფლებო კანდიდატს.

 2021 წელს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა, რომელსაც საკმაოდ ძლიერად შეხვდა მმართველი პარტია. „ქართულმა ოცნებამ“ მთელს ქვეყანაში 47%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. თუმცა, „ქართული ოცნების“ ეს მაღალი შედეგი, რომელიც ჯამურად დაფიქსირდა, არ გადაითარგმნა დიდ ქალაქებში არსებულ რეალობაში და მეტიც, რამდენიმე დიდი ქალაქის საკრებულოში ხელისუფლებამ საერთოდ ვერ შეძლო უმრავლესობის მოპოვება. ქართულმა ოცნებამ მხოლოდ 40% მიიღო თბილისში, ანუ 7%-ით უფრო ნაკლები, ვიდრე მთელს ქვეყანაში. სხვა დიდ ქალაქებში კი ან ჩამორჩა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ან გაუტოლდა მას. (ვერ გადაუსწრო). ასეთი იყო რუსთავი. ქუთაისში ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ პირველ ტურში პირველ ადგილზე გასვლა შეძლო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიულ არჩევნებში მოიგო ზუგდიდი და ბათუმიც.

 2021 წლის არჩევნებმაც ზუსტად იგივე ტენდენცია გამოავლინა, ოღონდ ამ შემთხვევაში ურბანულ და რურალურ (ქალაქებსა და სოფლებს) შორის საარჩევნო დაპირისპირება კიდევ უფრო ღრმა იყო. ქალაქებმა აბსოლუტურად სხვა არჩევანი გააკეთეს, ხოლო მონაცემები პატარა რაიონებსა და სოფლებში მკვეთრად განსხვავებული იყო.

რას უნდა ველოდეთ 2024 წლის არჩევნებზე, რომელიც სულ რამდენიმე დღეში გაიმართება:

 2024 წლის არჩევნები პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სრულად პროპორციულად ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ სუბიექტს სჭირდება ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, რომ მთავრობა ერთპარტიულად დააკომპლექტოს. (ეს შეიძლება იყოს 40-45% და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია გადალახავს 5%-იან ბარიერს).

 გეოგრაფიული კუთხით, ეჭვგარეშეა, რომ ის ტენდენციები, რომელთა შესახებაც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ, მკვეთრად გამოჩნდება 26 ოქტომბრის საარჩევნო რუკაზეც. პირადად მე, ვფიქრობ, რომ აღნიშნული განსხვავებები გეოგრაფიული პარამეტრების მიხედვით, უფრო დიდი იქნება, ვიდრე აქამდე, ოდესმე ყოფილა. ოპოზიციურ ფლანგს განსაკუთრებით მაღალი შედეგი ექნება დიდ ქალაქებსა და დედაქალაქში,  ხოლო სახელისუფლებლო გუნდი მოიგებს სამხრეთ საქართველოს, მაღალმთიან ოლქებსა და საშუალო ზომის რაიონებს, რომლებშიც უმეტესობა რურალური არეალის მოსახლეობაა. თუ ვინ გაიმარჯვებს საბოლოოდ არჩევნებში ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება აქტივობაზე. რომელი მხარე იაქტიურებს უფრო მეტად.

ერთი რამ ეჭვგარეშეა, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ისტორიაში უდიდესი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საარჩევნო აქტივობა იქნება და მეტად სავარაუდოა, რომ იგი 60%-ს გადააჭარბებს.