გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

ლურჯი დროშა – სუფთა პლაჟების ინდიკატორი

მრავალწლიურმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ადამიანებს დასუფთავებულ პლაჟზე დასვენება და სუფთა წყალში ბანაობა ურჩევნიათ. ბევრი დამსვენებელი თავის დასასვენებელ ადგილს სწორედ ლურჯი დროშების არსებობით ირჩევს.
ლურჯი დროშა თავისებური სერთიფიკატია, რომელიც პლაჟების ხარისხს 29 კრიტერიუმის მიხედვით აფასებს, მათ შორის: პლაჟამდე მოსახერხებელი
მისასვლელი, წყლის სისუფთავე (ყოველკვირეული ტესტირება), სანაპიროს დასუფთავება და ნაგვის შეგროვება, მუდმივი მონიტორინგი და სამაშველო
სამსახურის არსებობა, გადაუდებელი დახმარების მომსახურება, შხაპების არსებობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა, შინაური ცხოველების არდაშვება და სხვ. სერტიფიკატი ”ლურჯი დროშა” 1985 წელს საფრანგეთში იქნა დამტკიცებული, სადაც ფრანგულ საზღვაო მუნიციპალიტეტებს პირველად მიენიჭათ ეს დროშები მიმდებარე სანაპიროსა და ზღვის წყლის სისუფთავის ხარისხის გამო. იმ პერიოდში ლურჯი დროშის გადაცემით დაკავებული იყო ეკოლოგიური ორგანიზაცია – ევროპის ეკოლოგიური განათლების ფედერაცია (FEEE). 1987 წლიდან ლურჯი დროშის მინიჭების ფრანგული იდეა ფართოდ გავრცელდა მთელ ევროპაში და ეკოლოგიური მენეჯმენტის ახალი მიმართულებებით შეივსო: ნარჩენების მართვა, სანაპირო დაგეგმარება, სანაპირო ტერიტორიების დაცვა. ამავე წელს ევროპის 10 ქვეყნის 244 პლაჟმა და 208 უბემ მიიღო ლურჯი დროშა.
1987 წლიდან ყოველწლიურად იზრდება ლურჯი დროშების რაოდენობა და შეფასების კრიტერიუმებიც საკმაოდ გამკაცრდა. 2001 წელს ეს ჯილდო მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ორგანიზაციის სახელიც შეიცვალა – ეკოლოგიური განათლების ფედერაცია (FEE), რომელიც არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციაა. მასში გაერთიანებულია ევროპის, აფრიკის, აზიის, ოკეანეთისა და ამერიკის 60 ქვეყნის 65 ადგილობრივი ორგანიზაცია. ”ლურჯი დროშის“ პროგრამა ასევე მოქმედებს სარ–ში, კანადაში, მაროკოში, ახალ ზელანდიასა და კარიბის რეგიონის 4 ქვეყანაში. საპილოტე პროგრამები ფუნქციონირებს ჩილეში, აშშ–ში, არგენტინაში, ბრაზილიაში, ეკვადორში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სამხრეთ–აღმოსავლეთი აფრიკის ქვეყნებში.
ამჟამად, ეკოლოგიური განათლების ფედერაცია თანამშრომლობს გაეროს გარემოსდაცვით პროგრამასთან (UNEP) და მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციასთან
(WTO). ფედერაციის ინტერნეტსაიტის მისამართია: http://www.blueflag.org/

„ლურჯი დროშის“ სერტიფიკატის განახლება-გადაცემა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში ყოველი წლის 5 ივნისს ხდება. ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროსა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში – 1 ნოემბერს. 2013 წელს მსოფლიოს 36 ქვეყნის 3300–მა პლაჟმა მიიღო ლურჯი დროშის სერტიფიკატი. ამავე წელს ”ლურჯი დროშების” სიმრავლით ესპანეთი გამოირჩეიოდა. აქ დაახლოებით 550 ადგილას ფრიალებდა სისუფთავის ეს
სიმბოლო. ხუთეულში ასევე შევიდა საბერძნეთი, თურქეთი, საფრანგეთი და პორტუგალია.

საქართველოში „ლურჯი დროშის“ მოპოვების ყველაზე დიდი შანსი სარფის, ბათუმის, გონიოს, კვარიათისა და ურეკის სანაპიროებს აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კურორტებს კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვის პოტენციალი აქვთ. ზღვაზე დამსვენებელმა, ლურჯი დროშის გარდა, ასევე სხვა ფერის დროშების მნიშვნელობაც უნდა იცოდეს.