ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ( ეუთო) — ჩამოყალიბდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოს საფუძველზე პარიზის 1990 წლის და ვენისა და ჰელსინკის 1992 წლის დეკლარაციების საფუძველზე. ფუნქციონირებს 1995 წლიდან. 1990 წლამდე ეუთო ფუნქციონირებდა როგორც შეხვედრებისა და კონფერენციების ფორუმი, რომელიც ადგენდა სახელმწიფოთა და მოქალაქეთა მოქმედების წესებს და პერიოდულად მიმოიხილავდა მათ შესრულებას (ამ დროს მისი სახელწოდება იყო ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირი – ეუთთ).” ეუთოს მთავარი ორგანოა სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების სათათბირო, რომელიც თავის სესიაზე ორ წელიწადში ერთხელ იკრიბება. სათათბირო განსაზღვრავს ეუთოს პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებს.
ეუთოს მიზნებია: ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა, აგრეთვე ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა; საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვისათვის ზრუნვა; ევროპული უსაფრთხოების განუყოფლობის აღიარება, ასევე წევრ-სახელმწიფოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარების სტიმულირება; მშვიდობისა და უსაფრთხოების მჭიდრო ურთიერთკავშირის აღიარება როგორც ევროპის, ისე მსოფლიო მასშტაბით; საკუთარი წვლილის შეტანა ადამიანის უფლებათა დაცვაში, ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესსა და ყველა ერის კეთილდღეობაში.