ცნობილი გერმანელი პოეტი ვოლფგანგ გოეთე იენაში ყოფნისას ამბობდა, რომ ეს ადგილები იტალიას მაგონებსო. ზაალეს ხეობის ქვაბული ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და თბილი ადგილია გერმანიაში. ზაფხულის მზე განსაკუთრებულ მიკროკლიმატურ პირობებს ქმნის და მართლაც უახლოვდება სუბტროპიკულ ხმელთაშუაზღვისპირეთის ჰავას.
იენა გერმანიის ერთ-ერთი ძველი ქალაქია. იგი უკვე IX-XII საუკუნეებში მოიხსენიება, მაგრამ მას სახელი მისმა სიძველემ კი არა, უნივერსიტეტმა გაუთქვა. თიურინგიაში არც ერთი უმაღლესი სასწავლებელი არ იყო. 1558 წელს იენაში კურფიურისტი (ფეოდალურ გერმანიაში მთავარი, რომელსაც უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო იმპერატორის არჩევაში) იოჰან ფრიდრიხ დიდსულოვანის თაოსნობით უნივერსიტეტი გაიხსნა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ქალაქის ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. XVI ს-ში ქალაქში წიგნის ბეჭდვა და წიგნებით ვაჭრობა დაიწყეს.
იენის უნივერსიტეტმა სახელი განსაკუთრებით XVIII-XIX საუკუნეებში გაითქვა, როდესაც აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ გერმანული ფილოსოფიის კლასიკოსები იოჰან გოტლიბ ფიხტე, გეორგ ვილჰემ ფრიდრიხ ჰეგელი; გამოჩენილი მეცნიერი – ექიმი, ისტორიკოსი, მათემატიკოსი ერნსტ ჰეკელი. თავისი ცხოვრების ნაყოფიერი წლები აქ გაატარა დიდმა პოეტმა და დრამატურგმა ფრიდრიხ შილერმა. იგი იენის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი იყო და სწორედ აქ დაწერა მან – ”მარია სტიუარტი”, ”ოცდაათწლიანი ომის ისტორია”, ტრილოგია ”ვალენშტეინი”.
90-იან წლებში შილერი იენაში გოეთეს დაუმეგობრდა, რომელიც აქ ხშირად ჩამოდიოდა. წყნარ, საუნივერსიტეტო ქალაქში დაიბადა მისი უკვდავი ”ფაუსტი” და ”ჰერმანე და დოროთეი” . საყურადღებოა, რომ გოეთემ მთელი რიგი შრომები შექმნა ბუნებისმცოდნეობაში, უმთავრესად მცენარეთა და ცხოველთა მორფოლოგიაში და გამოთქვა აზრი ორგანული ბუნების ევოლუციაზე. მან პირველმა შემოიღო ტერმინი ”მორფოლოგია”. გოეთეს ეკუთვნის ნაშრომები ”მცენარეთა მეტამორფოზები” და ’მეცნიერება ყვავილების შესახებ”, გააძლიერა იენის უნივერსიტეტში მეცნიერული ბუნებისმცოდნეობის მიმართულება. მისი დაუღალავი შრომით მცენარეთა სახეობებით გამდიდრდა აქაური ბოტანიკური ბაღი, რომელიც ამ მხრივ სიმრავლით ახლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ევროპაში.
აღსანიშნავია, რომ იენის სახელგანთქმულ უნივერსიტეტში არაერთმა ქართველმა მიიღო განათლება.
იენა სიდიდით მეორე ქალაქია ფედერალურ მხარე თიურინგიაში ერფრუტის შემდეგ. იენაში მდებარეობს მსხვილი საწარმო „კარლ ცაისი“.