სუეცის არხი სინაის ნახევარკუნძულის დასავლეთით, 163 კმ სიგრძისა და მის ყველაზე ვიწრო ყელთან, 300 მ სიგანის სანაოსნო არხია ეგვიპტეში. მის ერთ ბოლოში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს პორტ-საიდი, ხოლო მეორე ბოლოს წითელ ზღვაზე – სუეცი (ალ-სუვაის).
არხი ორმხრივ, ჩრდილო და სამხრეთ საწყლოსნო ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა ევროპასა და აზიას შორის აფრიკის შემოვლის გვერდის ავლით.
არხის 1869 წელს გახსნამდე, საქონელი ხშირად გემებიდან სახმელეთო ტრანსპორტზე გადაჰქონდათ ხმელთაშუა და წითელ ზღვებს შორის.
არხი ორი ნაწილისგან შედგება – დიდი ბიტერის ტბის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილები, რომლებიც ამ ტბას ხმელთაშუა ზღვასა და სუეცის ყურესთან აერთებს წითელ ზღვაზე.
მეტად საინტერესოა ორი ზღვის გაერთიანების ამბავი. იმ დღეებში ეგვიპტე გრანდიოზულ ზეიმს მასპინძლობდა – ისეთს, რომლის მსგავსი არავის ახსოვდა. 6000 სტუმარს შორის მრავლად იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები: საფრანგეთის იმპერატრიცა ევგენია, ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი ფრანც იოსიფ I, ჰოლანდიის პრინცი და პრინცესა, პრუსიის უფლისწული…
ეგვიპტეს არც ევროპისა და სხვა კონტინენტების სამეფო ოჯახთა წარმომადგენლებისა თუ დიდგვაროვნების ასეთი სტუმრიანობა ახსოვდა, მათ ნება-სურვილებს კი შვიდი დღე-ღამის განმავლობაში 500 მზარეული და 1000-მდე ხელზე მოსამსახურე ასრულებდა.
პორტ-საიდში გამართული ეს საარაკო ზეიმი, რომელიც სუეცის არხის გახსნას მიეძღვნა, ეგვიპტის ვიცე-მეფე იზმაილ ფაშას 28 მილიონი ოქროს ფრანკი დაუჯდა.
მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ბუნებრივი სტიქია მოთოკეს და ამ არხით ხმელთაშუა ზღვა წითელს დაუკავშირეს, თითქმის საუკუნე ნახევარი გასულა, რასაც მისი გახსნის დღეს, 17 ნოემბერს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ. ამიტომ ჩვენც გავიხსენოთ მსოფლიოს ამ საოცრების შექმნის ისტორია, რაზეც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში ფიქრობდნენ. მსგავსი გეგმა იმ დროს ეგვიპტის მეფე ნეხოსაც ჰქონდა და მისი განხორციელება სცადა კიდეც, მაგრამ ბოლოს, როცა ამ საწყლოსნო გზის გაყვანას 120 000 მონა შეეწირა, ოცნებაზე ხელი აიღო. შემდეგ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500 წლის მიჯნაზე, როცა ეგვიპტე სპარსელებმა დაიპყრეს, მომხდურთა მეფე დარიუს პირველმა არხის გასაყვანად მუშაობა განაახლა და საქმე ბოლომდე მიიყვანა, რაც ნილოსის სანაპიროზე გრანიტის სტელების აღმართვითა და მასზე სათანადო წარწერებიანი ფილებითაც აღნიშნა.
ამ არხის თაობაზე მოგვითხრობს იმ დროის ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე, რომელიც გვაუწყებს, რომ ეს არხი ხმელთაშუა ზღვას წითელთან აერთებდა და მის გავლას ხომალდები ოთხ დღეს ანდომებდნენო. “ისტორიის მამა” არხის სიგანეზეც მიუთითებს. ამბობს, რომ იმდენად განიერი იყო, რომ მასში სამ-სამ ნიჩბიან ორ ნავს გვერდიგვერდ ცურვა შეეძლოთო.
ვარაუდობენ, რომ დარიუსის არხი ნილოსის აღმოსავლეთით გადიოდა და დღევანდელის მსგავსად, ისიც ტბას კვეთდა. მერე ეგვიპტეში რომაელები მოვიდნენ და მათ ეს არხი უფრო სრულყვეს, მაგრამ ბოლოს იგი ქვიშით ამოივსო, მომდევნო თაობებმა კი არხის ხელახლა გაჭრა ვეღარ გაბედეს, თუმცა გეგმები კი ჰქონდათ. ამ არხის გაჭრაზე გეგმებს ამუშავებდნენ ვენეციური სახელმწიფოს ხანაში, ლუდოვიკო მეთოთხმეტის დროს და ნაპოლეონ ბონაპარტეს ბატონობისას.
ნაპოლეონის ინჟინერთა პროექტში არხის მრავლად დარაბვა შეიტანეს, რადგან ფრანგი მკვლევარების გაანგარიშებით, წითელი ზღვის დონე ხმელთაშუა ზღვისას 10 მეტრით აღემატებოდა. ბოლოს გაირკვა, რომ ინჟინრები ცდებოდნენ და არავითარი სხვაობა არ იყო, მაგრამ ამის მერე კიდევ ბევრმა წყალმა ჩაიარა, თუმცა არხის გაჭრა ვერავინ გაბედა.
და აი, დარიუსის მერე, ათას წელზე მეტი ხნის შემდეგ, გამოჩნდა ფერდინანდ ლესეპსი, რომელმაც სუეცის არხის გაჭრის იდეა კვლავ წამოჭრა. ფერდინანდ ლესეპსი, რომელიც შესანიშნავი კვალიფიკაციის ჟურნალისტი იყო, 1831-დან 1838 წლებში კაიროში საფრანგეთის კონსულად მუშაობდა და ამის წყალობით კარგად იცნობდა ეგვიპტის ვიცე-მეფე მოჰამედ საიდ-ფაშას (იმ დროს ეგვიპტე ოსმანთა იმპერიის ნაწილი იყო). ლესეპსმა საიდ-ფაშა შეაგულიანა და დიდი ძალისხმევის შემდეგ, 1854 წელს მისგან არხის მშენებლობის ნებართვა მიიღო. იმავე წელს ლესეპსმა ამ საქმისთვის თურქეთის სულთანისგან ფირმანის რატიფიკაცია მიიღო, მაგრამ ამ ფრანგმა პარიზში კომპანიის დაარსება მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ შეძლო, ფრანგ აქციონერთა გუნდიც მიიზიდა და ბოლოს ავსტრიელ ინჟინერ ალოის ნეგრელის გეგმით არხის გაჭრაც დაიწყო, თუმცა ამ საქმეს ბრიტანელები ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდნენ, ხელს უშლიდნენ და ათას ხრიკს მიმართავდნენ. ირწმუნებოდნენ, ეს საქმე უდიდესი ავანტიურაა, ამ პროექტის განხორციელება ფიზიკურად შეუძლებელია, მეტისმეტად ძვირი და არარენტაბელურიაო. ამიტომაც არცერთი აქცია არ უყიდიათ. ბრიტანელები შიშობდნენ, პროექტის განხორციელების შემთხვევაში ეგვიპტე თურქეთის ძალაუფლებისგან გათავისუფლდება, ჩვენ კი ინდოეთზე ბატონობა შეგვისუსტდება და სულაც დავკარგავთო. არადა, სუეცის არხის გაჭრით ყველაზე მეტად მოგებულნი სწორედ ისინი რჩებოდნენ, რადგან ინდოეთისკენ გზას ლონდონიდან ბომბეამდე მთელი 7343 კილომეტრით იმოკლებდნენ.
ასე იყო თუ ისე, ბრიტანელები ლესეპსის მონდომებას წინ ვერ აღუდგნენ, მით უმეტეს, რომ ამ ფრანგის იდეას ნაპოლეონ III და საიდ-ფაშა, შემდგომ (1863 წლიდან) კი მისი მემკვიდრე იზმაილ-ფაშაც მფარველობდნენ.
ბრიტანელები ერთ რამეში მართლაც მართლები იყვნენ – არხის გაჭრა ტექნიკურად უდიდეს სირთულეებს წააწყდა. თავდაპირველად ნავარაუდევი ექვსი წლის ნაცვლად მშენებლობა თერთმეტ წელიწადს გაგრძელდა, ხარჯები კი უზომოდ გაიზარდა. მუშები, რომლებიც პირველ ხანებში კატორღელები და ეგვიპტელი ღარიბ-ღატაკნი იყვნენ, მხურვალე მზის ქვეშ ირჯებოდნენ ქვიშიან უდაბნოში, სადაც მტკნარი წყალი სრულიად არ მოიპოვებოდა. პირველ ხანებში 25000 მუშისთვის სასმელ წყალს 1600-მდე აქლემით ეზიდებოდნენ, მაგრამ 1863 წლისთვის ეს პრობლემა აღმოიფხვრა. იმ დროისთვის ნილოსიდან მტკნარი წყლის არხი გაიყვანეს, რომელიც დაახლოებით იმავე გზით მიემართებოდა, როგორითაც უძველესი არხები, რომელთა ნარჩენები ზოგან გამოიყენეს კიდეც, თუმცა ისინი ნაოსნობისთვის არ იყო გათვალისწინებული. ამ არხის სიგანე, რომელიც სუეცის არხის საპროექტო მარშრუტის სიახლოვეს გაყოლებაზე მიემართებოდა, წყლის ზედაპირზე სიგანეში 17, ხოლო ფსკერზე 8 მეტრს აღწევდა, სიღრმე კი საშუალოდ 2 მეტრზე ცოტა მეტი იყო, ზოგან – გაცილებით ნაკლები. ამ არხის გაჭრამ საქმე შეამსუბუქა, მით უმეტეს, რომ მის გაყოლებაზე მუშათა ბანაკები ჩარიგდა, თუმცა მათ შორის სიკვდილიანობა მაინც მეტად დიდი დარჩა. მოგვიანებით სამუშაო მექანიზებული გახდა, ამან კი საქმე იმდენად შეამსუბუქა, რომ მშენებლობამ ევპროპელი მუშახელიც მიიზიდა. ბოლოს არხის მშენებლობაზე მუშათა რაოდენობამ 40000 მიაღწია.
ასე იყო თუ ისე, ფერდინანდ ლესეპსის მონდომებამ, რომელიც ბრწყინვალე მენეჯერიც აღმოჩნდა და სამუშაოებს ხელმძღვანელობდა, ნაყოფი გამოიღო და 1869 წლის 17 ნოემბერს არხი გემებისთვის გაიხსნა. მისი მშენებლობისთვის აღებულმა საგარეო ვალებმა ისმაილ ფაშა, რომელმაც საიდ ფაშა შეცვალა, იჯულებული გახადა არხში თავისი წილი დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ გაეყიდა.
ამ არხმა, რომელიც დღემდე უდიდესია (სიგრძე – 163 კილომეტრი, სიგანე – 200 მეტრი, მინიმალური სიღრმე – 15 მეტრი), უმალ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა მსოფლიო ვაჭრობაში და გარსაქვეყნო მოგზაურობაც, რომელიც მანამდე მხოლოდ მთელი აფრიკის შემოვლით იყო შესაძლებელი, დროშიც რეკორდულად შეამცირა. არხის გაჭრამ სრულიად არაფრისგან წარმოშვა საპორტო ქალაქი პორტსაიდი. არხმა სამუშაოების დასრულებამდე ექვსი თვით ადრე განაპირობა პირველი ტრანსკონტინენტური რკინიგზის გაყვანაც.
1980 წელს ამ არხმა განაპირობა კიდევ ერთი საინჟინრო საოცრების დაბადება – მისი ფსკერის ქვეშ საავტომობილო გვირაბის მშენებლობა, რომელმაც სინა კონტინენტურ აფრიკას დაუკავშირა. ტექნიკურ სრლუყოფილებასთან ერთად ამ გვირაბმა ყურადღება თავისი მონუმენტურობითაც მიიპყრო, უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობაც მიიღო და ახლა იგი ეგვიპტის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობადაც სამართლიანად ითვლება.
სუეცის არხს დაუკავშირდა კიდევ ერთი საინჟინრო ქმნილების დაბადება, მთელ მსოფლიოში ყველაზე მაღალი (70 მეტრი) დაკიდებული ხიდის მშენებლობა, რომელმაც 2001 წელს ერთმანეთს დაუკავშირა ორი ქალაქი – პორტ-საიდი და ისმაილი.
ამ და სხვა სიკეთეებთან ერთად სუეცის არხმა არაერთი უბედურებაც მოიტანა. ამ არხმა თავის დროზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აფრიკის შემდგომი კოლონიზაციის საქმეში.
სუეცის არხს ახსოვს ომებიც. პირველად ეს განაპირობა ეგვიპტის საბჭოთა კავშირისგან იარაღის შეძენის სურვილმა, რის გამოც დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასუანის კაშხალის მშენებლობისთვის მხარდაჭერაზე უარი თქვეს, ხოლო ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰამალ აბდელ ნასერმა არხის ნაციონალიზაცია მოახდინა. ამის პასუხად იქ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ისრაელის ჯარები შეიჭრნენ, რაც ერთკვირიანი ომით, არხის ნაწილობრივი დანგრევით, გემების ჩაძირვით, სხვა ზარალით, მსხვერპლით და ხომალდების ერთწლიანი მიმოსვლის შეწყვეტით დასრულდა.
1967 წელს ისრაელისა და არაბული ქვეყნების ერთკვირიანი ომის გამო სუეცის არხზე ნაოსნობა კვლავ შეწყდა. ამ ქვეყნებს შორის 1973 წელს ატეხილმა ომმა კვლავ ორი წლით შეაჩერა ნაოსნობა, მისი განაღმვის შემდეგ კი არხის რეკონსტრუქციაც ჩატარდა…
და მაინც, სუეცის არხის ამ საიუბილეო დღეებში, ალბათ უფრო მეტად გაიხსენებენ იმ უდიდეს სიკეთეს, რომელიც მის გახსნას მოჰყვა. ალბათ გაიხსენებენ მსოფლიოს კულტურული საგანძურის გამდიდრებასაც, რაც არხის გახსნის საზეიმო ცერემონიალმა განაპირობა.
საქმე ის იყო, რომ იმ დღისთვის ჯუზეპე ვერდის ახალი ოპერის შექმნა დაუკვეთეს. ასე შეიქმნა “აიდა”, რომლის პრემიერასაც სუეცის არხის გახსნის საზეიმო დღე უნდა დაემშვენებინა. მართალია, კომპოზიტორმა დაკვეთის შესრულება ვერ მოასწრო, მაგრამ მაინც დაიბადა “აიდა”, რომლის პრემიერაც კაიროში 1871 წელს გაიმართა.