გეოგრაფიის მამა, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და მეცნიერი სტრაბონი რომის იმპერიაში ათასწლეულის მიჯნაზე ცხოვრობდა და გეოგრაფიაში სამეცნიერო ნაშრომი ბერძნულ ენაზე, სავარაუდოდ, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის 20-იან წლებში დაწერა. ეს ნაშრომი 17 წიგნისგან შედგება და მასში იმ დროისათვის ცნობილი ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნები და ხალხებია აღწერილი. დაახლოებით 3000-ზე მეტი გეოგრაფიული ადგილი – კუნძულ ირლანდიიდან მდინარე განგის დელტამდე – ახლა შესაძლებელია სპეციალურ ონლაინრუკაზეც მოვძებნოთ.
ახალ ინტერაქტიულ რუკას – სტრაბონის ”გეოგრაფია” თან ახლავს დ. როლერის ინგლისურენოვანი თარგმანი, რომელიც 2014 წლის მაისში კემბრიჯში გამოქვეყნდა. ელექტრონული ვერსიის ყიდვისას მკითხველს შეუძლია ტექსტში გეოგრაფიული სახელი მონიშნოს და რუკაზე მისი ადგილმდებარეობა ნახოს. უნდა აღინიშნოს, რომ ონლაინრუკა უფასოა, ამიტომაც სტარბონის ”გეოგრაფიის” გაცნობა და შესწავლა დ. როლერის ტექსტის გარეშეც შეიძლება.
რუკა ძველი მსოფლიოს კარტოგრაფიის ცენტრში (AWMC) შეიქმნა გეოგრაფიული ცნობარის ”პლეიადის” ბაზაზე (Pleiades), რომელიც საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ, შევქმნათ და გავავრცელოთ გეოგრაფიული ცნობები ძველი მსოფლიოს შესახებ. ტოპონიმები გროვდება მონაცემთა ბაზაში და რუკაზე მათ მდებარეობას ებმება. ”პლეიადი” პროექტი ღიაა პროგრამული უზრუნველყოფით, ამიტომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ინფორმაციის რედაქტირება და დამატება. სტრაბონის რუკის შესაქმნელად გამოყენებულ იქნა AWMC-ის მიერ შემუშავებული GIS-ის დამატებაAntiquity À-la-Carte.