საქართველოში ტყით დაფარული ფართობი 2,69 მლნ. ჰა აღწევს, რაც ტერიტორიის 38,5% შეადგენს. მერქნის საერთო მარაგია 397,4 მლნ. მ³. საქართველოს ტყეები 300-ზე მეტი მერქნიანი სახეობისაგან შედგება. სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით საქართველოს ტყეები შემდეგნაირად ნაწილდება: წიწვოვან ტყეებს უკავია 0,41 მლნ. ჰა (202%), მათ შორის სოჭნარს — 190,7 ათ. ჰა, ნაძვნარს — 128,6 ათ-ჰა, ფიჭვნარს — 91,6 ათ. ჰა. ფოთლოვან ტყეებს უკავია 1,57 მლნ. ჰა (79,8%). მათ შორის მაგარმერქნიანებიდან წიფლნარს — 1,03 მლნ. ჰა, მუხნარს — 214,7 ათ. ჰა, რცხილნარს — 149,2 ათ. ჰა. დანარჩენი 155,9 ათ. ჰა ფართობი რბილმერქნიანი ჯიშის ტყეებზე (მურყნარი, არყნარი, ვერხვნარი და სხვა) მოდის.
საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, ამიტომ აქ ტყეები თითქმის მთლიანად (97,7%) მთის ფერდობებზეა წარმოდგენილი. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს კლიმატის განსხვავებამ განაპირობა მათი მცენარეული საფარის სხვადასხვაგვარობა, რაც ვერტიკალური სარტყლურობის სტრუქტურაშიც ვლინდება. მაგ; დასავლეთ საქართველოში საერთოდ არ არის სემიარიდული და არიდული მცენარეულობის უტყეო სარტყელი; ტყეებით დაფარულია ვაკეები და მთისწინეთის ფერდობები ზღვის ნაპირიდანვე. აღმოსავლეთ საქართველოსთან შედარებით აქ ნაკლებადაა გამოხატული სუბნივალური მცენარეულობის ლანდშაფტები.
მთის ქვედა სარტყელში (500-იდან – 900-1000 მ-მდე) წაბლისა და მუხის ტყეებია. წაბლნარი გვხვდება როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტენიან რაიონებში (კახეთი). დასავლეთ საქართველოს კირიან ნიადაგებზე და აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ რაიონებში (ქართლი, გარეკახეთი) წაბლნარის ნაცვლად მუხნარი, მუხნარ-რცხილნარი და რცხილნარია გავრცელებული. ქვეტყეში იზრდება ზღმარტლი, კუნელი, თხილი, შინდი, თრიმლი და სხვა.
მთის შუა სარტყელში (900—1000-იდან 1500—1600 მ-მდე) ნაირხნოვანი, მაღალი წიფლნარია, როგორც წმინდა, ისე შერეული რცხილასთან, მინდვრის ნეკერჩხალთან, ბოყვთან, ცაცხვთან, ნაძვთან და სხვა. საქართველოში წიფლის ტყის სარტყელი არ არის მხოლოდ მეხეთ-ჯავახეთში. მის ადგილს აქ იკავებს სოჭთან შერეული ნაძვნარი, ნაძვნარ-ფიჭვნარი და წმინდა ფიჭვნარი.
მთის ზედა სარტყელი წარმოდგენილია მუქწიწვოვანი ტყეებით. დასავლეთ საქართველოში იგი 1400 მ-იდან იწყება და ხშირად ტყის გავრცელების ზედა საზღვარს აღწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 1500-დან 2100 მ-მდე ვრცელდება. ამ ტყეების შემქმნელი მცენარეებია აღმოსავლური ნაძვი და კავკასიური სოჭი, რომლებიც ნაირხნოვან, მაღალპროდუქტიულ, წმინდა, უფრო ხშირად კი შერეულ კორომებს ქმნიან. მათ ხშირად ერევა წიფელი, თელა, ცაცხვი და სხვა. ამ სარტყელში გავრცელებულია აგრეთვე ფიჭვი (სამხრეთი ექსპოზიციის, დიდი დაქანების ფერდობებზე). ფიჭვნარის დიდი მასივები განლაგებულია მთათუშეთში, აგრეთვე მესხეთში და თრიალეთის ქედზე. იმ რაიონებში, სადაც ნაძვნარ-სოჭნარი არ არის (გარე- და შიდა კახეთი) მის მაგივრად დაბალი წარმადობის წიფლნარია გავრცელებული.
მთის ზედა ზოლი (ზღვის დონე 1900-2100-დან 2400 მ-მდე) სუბალპურ ტყეებს – სუბალპური ტანბრეციელებსა და სუბალპურ მეჩხერებს უკავია. ტანბრეციელები, რომლებიც თითქმის ყველა რაიონშია გავრცელებული, უმთავრესად არყნარით და წიფლნარითაა წარმოდგენილი. სუბალპური მეჩხერი ტყე უფრო დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის და შქმნილია მაღალმთის ნეკერჩხლით, მაღალმთის მუხით, ჭნავით. მას პარკულ ტყეებსაც უწოდებენ.
ამრიგად, დასავლეთ საქართველოში მხოლოდ 4 ძირითადი სარტყელია: ტყის (ზღვის დონიდან 1900 მ-მდე), სუბალპური (1900- 2500 მ), ალპური (2500-3100 მ) და ნივალური (3100-ზე მეტი). აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით უფრო მეტი – 6 ძირითადი სარტყელია: ნახევრადუდაბნოების, მშრალი ველებისა და არიდული მეჩხერი (ნათელი) ტყეების (150-600 მ), ტყის (600-1900 მ), სუბალპური (1900-2500 მ), ალპური (2500-3000 მ), სუბნივალური (3000-3500 მ) და ნივალური (3500 მ-ზე მეტი).