რეუნიონი – კუნძული ინდოეთის ოკეანეში – მადაგასკარის აღმოსავლეთით მდებარეობს და საფრანგეთის საზღვარგარეთის რეგიონს წარმოადგენს. კუნძულის ფართობი 2,5 ათასი კმ²-ია, მოსახლეობა 793 ათასი ადამიანი (2007 წლის აღწერით). რეიუნიონის მოსახლეობის ნახევარზე მეტი კრეოლებია (შერეული წარმოშობის, ძირითადად ფრანგულ-აფრიკულ-მალაგასური ნაზავი), ფრანგები მოსახლეობის დაახლოებით ¼-ს შეადგენენ, ინდიელები კი, დაახლოებით, 20-ს, ხოლო დანარჩენი ჩინელები და სხვ, ხალხებია. მოსახლეობის დაახლოებით 90% კათოლიკეა, არიან ინდუსები, მუსულმანები, ბუდისტები და ასევე რასტაფარიანები.
კრეოლური ენა (ფრანგულზე დაფუძნებული) ჯერ კიდევ გავრცელებულია, თუმცა სკოლაში სწავლება ოფიციალურად მხოლოდ ფრანგულ ენაზეა.
კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრია სენ-დენი (95 ათასი ადამიანი 2004 წელს). 1946 წლიდან რეუნიონი გახდა საფრანგეთის საზღვარგარეთის დეპარტამენტი, ხოლო 1974 წლიდან – ადმინისტრაციული რეგიონი. რეიუნიონს მართავს საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ დანიშნული პრეფექტი.
რეიუნიონის ეკონომიკის წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა, ხოლო ძირითადი საექსპორტო კულტურა – შაქრის ლერწამი. ასევე მოჰყავთ სიმინდი, კარტოფილი, ბანანი და მანგო. მეცხოველეობაში მეღორეობას და მეთხეობას მისდევენ. კუნძულზე ფართოდ არის განვითარებული ტურისტული ბიზნესი. მრეწველობაში ძირითადი დარგი შაქრის ლერწმისგან შაქრისა და რომის წარმოებაა. შაქრის გარდა ექსპორტზე გააქვთ რომი, ვანილი, გერანიუმის ესენცია და სხვა არომატიზატორები. შესამჩნევი განსხვავებაა კუნძულზე მცხოვრები ფრანგებისა და ინდიელების, კრეოლებისა და სხვა თემების წარმომადგენლების ცხოვრების დონეში. საფრანგეთის მთავრობა სუბსიდირებს კუნძულის ეკონომიკას, რათა შემცირდეს ეს განსხვავება.