
ოკეანეებისა და ზღვების როლი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად იზრდება. საზღვაო რესურსების გონივრული მართვა და ზღვების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება არის გზა მდგრადი მომავლისკენ, რისი მიღწევაც ერთობლივი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია.
“ლურჯი“ ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა საზღვაო რესურსების მდგრადი გამოყენებაა ეკონომიკური განვითარებისათვის, რაც როგორც გაუმჯობესებულ სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს, ასევე ოკეანის ეკოსისტემის სიჯანსაღეს გულისხმობს.
„ლურჯი“ ეკონომიკა საზღვაო რესურსებს, ბიომრავალფეროვნებას და ეკოსისტემას აღადგენს, იცავს და ინარჩუნებს მას. ეს კი თავის მხრივ, მოითხოვს სუფთა ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიის გამოყენებას.
ლურჯი ეკონომიკა სხვადასხვა სექტორებისგან შედგება, რომელთა შემოსავალი დაკავშირებულია ოკეანეების, როგორც ცოცხალ „განახლებად“ რესურსებთან (როგორიცაა მეთევზეობა), ისევე არაცოცხალ და, შესაბამისად, „არაგანახლებად“ რესურსებთან (მათ შორის, მოპოვებითი მრეწველობასთან), მაგალითად, ზღვის ფსკერზე ნავთობისა და გაზის მოპოვება, თუ ეს ისე ხდება, რომ არ აყენებს შეუქცევად ზიანს ეკოსისტემას.
„ლურჯი“ ეკონომიკის სექტორები

ლურჯი ეკონომიკა დაფუძნებულია ნარჩენების, როგორც რესურსებად მოაზრებასა და იმ გადაწყვეტილებების ძიებაზე, რომლებიც ბუნების მიერ არის შთაგონებული და შემოთავაზებული.
ლურჯი ეკონომიკა თანამედროვეობის ახალი გამოძახილია, რომელიც დღეს არსებული პრობლემების (უმუშევრობა, სიღარიბე, რესურსების უკმარისობა, კეთილდღეობის ამაღლების საჭიროება, ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სხვ.) გადაჭრაზეა ორინტირებული. ამავე დროს, ნაკლები საინვესტიციო დანახარჯების საფუძველზე უზრუნველყოფს მწარმოებლურობის ამაღლებას.
ლურჯი ეკონომიკა ბიზნესის წარმართვის ინოვაციური მიდგომაა, რომელიც ბუნებისა და ბიზნესსაქმიანობის ჰარმონიულ შერწყმას ითვალისწინებს და სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება:
- ნებისმიერი რესურსი შეიძლება შეიცვალოს სხვა რესურსით;
- ბუნება არ ქმნის ნარჩენებს და, აქედან, არც ბიზნესმა და არც ადამიანებმა არ უნდა შექმნან ნარჩენები;
- წარმოებისა და მოხმარების ნებისმიერი ნარჩენი არის სხვა პროდუქტის წარმოების წყარო.
ლურჯი ეკონომიკა ბუნებრივი ეკოსისტემების დინამიკის შესწავლისა და განვითარებიდან გამომდინარეობს და განიხილება, როგორც წარმოებისა და მოხმარების წარმატებული მოდელების შექმნის აუცილებელი და სასარგებლო საწინდარი.
ლურჯი ეკონომიკა:
- არის ინკლუზიური და აუმჯობესებს ყველას ცხოვრებას;
- იყენებს განახლებად ენერგიას;
- იყენებს ჭკვიან გადაზიდვებს გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად;
- დაფუძნებულია მდგრად თევზჭერაზე;
- ქმნის სამუშაო ადგილებს, ამცირებს სიღარიბეს და წყვეტს შიმშილს;
- იღებს ზომებს უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ;
- ინარჩუნებს ზღვის ორგანიზმებს და ოკეანეებს;
- იცავს სანაპირო თემებს კლიმატის ცვლილების გავლენისგან;
- ებრძვის ზღვის ნარჩენებს და ოკეანის დაბინძურებას;
ლურჯი ეკონომიკის კონცეფციის თანახმად, ეკონომიკური სისტემები და ბიზნესმოდელები მოქმედებენ როგორც ეკოსისტემები, ხოლო ბუნება განიხილება როგორც საზოგადოებაში არსებული სოციალურ- ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისათვის სასარგებლო იდეების მიწოდების საუკეთესო წყარო.
ლურჯი ეკონომიკის პრინციპებზე აგებული ქალაქის, რეგიონის თუ ქვეყნის ბიზნესმოდელი ეფუძნება ახალ მიდგომებს და ეკოინოვაციურ ტექნოლოგიებს, როცა ბუნებრივი გარემოს დაუზიანებლად ბუნებიდან მიიღება ის, რაც მას გააჩნია და უზრუნველყოფილი იქნება პროდუქციისა და მომსახურების მრავალფეროვნება რესურსების სრულყოფილი გამოყენებისა და ენერგოდანახარჯების შემცირების პირობებში.
ამრიგად, ლურჯი ეკონომიკის კონცეფციის მიზანი ეკონომიკური ზრდა, სოციალური ჩართულობა და საარსებო წყაროს შენარჩუნება ან გაუმჯობესებაა და, ამავე დროს, ოკეანეებისა და სანაპირო ზონების გარემოსდაცვითი მდგრადობის უზრუნველყოფა.
