ოკეანის (ზღვის) დინებები ოკეანეებსა და ზღვებში წყლის მასების ჰორიზონტალური გადაადგილებაა დიდი ნაკადების სახით, განსაზღვრული მუდმივი გზებით. არსებობს მუდმივი, პერიოდული, ხანმოკლე, ზედაპირული და სიღრმითი დინებები. ოკეანის ზედაპირზე დინება ფართო ზოლად ვრცელდება. ზღვის დინებებს იწვევს ზღვის ზედაპირზე მოძრავ ჰაერსა და წყალს შორის არსებული ხახუნის ძალა, წყალში წარმოქმნილი წნევის გრადიენტები და მთვარისა და მზის მიერ გამოწვეული მოქცევის ძალები. დინების მიმართულებაზე გავლენას ახდენს დედამიწის ბრუნვის ძალა, რის გამოც დინებები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადაიხრება მარჯნივ, სამხრეთ ნახევარსფეროში – მარცხნივ. ზღვებისა და ოკეანეების წყლის ზედაპირული შრის მოძრაობის ძირითადი სახეა ქარისმიერი დინება. აღსანიშნავია აგრეთვე ჩამონადენისმიერი დინება და კომპენსაციური დინება. ყველაზე მკაფიოდ გამოხატული ზღვის დინებები მრავალი ფაქტორის ზემოქმედების შედეგია. მაგალითად, გოლფსტრიმი ერთდროულად ქარისმიერი, ჩამონადენისმიერი და კომპენსაციური დინებაცაა.
განლაგების მიხედვით განარჩევენ: ზედაპირულ, სიღრმით, ფსკერულ და სხვა დინებებს; ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით კი – თბილ, ცივ, მლაშე და გამტკნარებულ დინებებს. აგრეთვე დინება შეიძლება იყოს მუდმივი, დროებითი და პერიოდული (მოქცევა-მიქცევით გამოწვეული).