გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

მსოფლიოს ბოტანიკური ბაღები

ბოტანიკური ბაღი ტერიტორაა, სადაც წარმოდგენილია კარგად მოვლილი მცენარეები და თითოეულ მცენარეს მინიჭებული აქვს ბოტანიკური სახელი. ბოტანიკური ბაღის ფუნქციაა შეინარჩუნოს ცოცხალი მცენარეების დოკუმენტირებული კოლექციები, მათი სამეცნიერო კვლევის, კონსერვაციის, ჩვენების და ზოგადად, განათლების მიზნით. კორნელის უნივერსიტეტის “ლიბერთი ჰაიდი ბეილის” თანამშრომლების მიერ 1976 წელს ბოტანიკური ბაღი, განმარტებული იქნა, როგორც კონტროლირებული და თანამშრომლებით დაკომპლექტებული დაწესებულება, რომლის მიზანია მცენარეთა ცოცხალი კოლექციების შენარჩუნება, მათი მეცნიერული მართვის ფარგლებში განათლებისა და კვლევის მიზნით, ისეთ ბიბლიოთეკებთან, ჰერბარიუმთან, ლაბორატორიებთან და მუზეუმებთან ერთად, რომელიც აუცილებელია განსაკუთრებული ღონისძიებების გასატარებლად.

თითოეული ბოტანიკური ბაღი ბუნებრივად ავითარებს საკუთარი ინტერესების განსაკუთრებულ სფეროებს, რომელიც დამოკიდებულია მის პერსონალზე, ადგილმდებარეობაზე, მოცულობაზე, სახსრების ხელმისაწვდომობაზე და მისი წესდების პირობებზე. იგი შეიძლება მოიცავდეს სათბურებს, საცდელ ნიადაგებს, ჰერბარიუმს, სანაშენეს და სხვა სფეროებს. მას გააჩნია, როგორც სამეცნიერო, ასევე მცენარეთა მომვლელი პერსონალი და მათი აზრების გამოხატვის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას პუბლიკაციების გამოცემა წარმოადგენს.

ამჟამად, მსოფლიოს დაახლოებით 150 ქვეყანაში (ძირითადად ზომიერი სარტყლის რეგიონებში), 1800-მდე ბოტანიკური ბაღი და დენდრარიუმი არსებობს. მათგან 400 ევროპაში, 200 ჩრდილოეთ ამერიკაში, 150 რუსეთში და დანარჩენი აღმოსავლეთ აზიაშია. ეს ბაღები წელიწადში, დაახლოებით. 150 მილიონამდე ვიზიტორს იღებენ.

ისტორიულად, ბოტანიკური ბაღები, ერთიმეორეს უზიარებდნენ სხვადასხვა მცენარეებს, ამ მცენარეთა თესლების სიების გამოქვეყნების საშუალებით და ეს ბოტანიკურ ბაღებს შორის მცენარეთა და ინფორმაციების გაცვლის საშუალებას წარმოადგენდა. მსგავსი სისტემა დღესაც გრძელდება. ამ მიზნით1954 წელს ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო ასოციაცია BGCI -ი (http://www.bgci.org/) შეიქმნა. მისი მისიაა „ბოტანიკური ბაღების მობილიზება და პარტნიორების ჩართვა მცენარეთა მრავალფეროვნების დაცვაში, ხალხთა და ზოგადად, პლანეტის კეთილდღეობისათვის ” BGCI -ში, დაახლოებით, 700 წევრიამსოფლიოს 118 ქვეყანიდან, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ მცენარეთა კონსერვაციის გლობალურ სტრატეგიას. ამ ბოლო დროს, ძირითადი აქცენტი კეთდება საზოგადოების ინფორმირებაზე, იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც ეკოსისტემებს დღეს დედამიწაზე არსებული ჭარბი მოსახლეობისგან ემუქრება.

პირველი ბოტანიკური ბაღი ჯერ კიდევ XIV საუკუნეში გაიხსნა საპერნოში მათეოს სილვატიკოს მედიცინის სკოლასთან, შემდეგ კი მთელს ევროპაში გავრცელდა. დღეს მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ბოტანიკური ბაღებს შორის რამდენიმე მაინც გამოირჩევა:

კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღი (Royal Botanic Gardens, Kew) 121 ჰა-ზე განთავსებული ბაღების კომეპლექსია, რომელიც ლონდონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რიჩმონდსა და კიუს შორის მდებარეობს. ბაღი 1759 წელს დაარსდა და 2009 წელს 250 წლისთავი იზეიმა. ამჟამად, კიუს სამეფო ბაღი ცნობილი სამეცნიერო და სასწავლო ცენრტია და აქ პროფესიონალ მებაღეებს ამზადებენ. ბაღს დაახლოებით 700 თანამშრომელი ემსახურება და ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იღებს.ბაღში თავმოყრილია მცენარეების მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლექცია, მათ შორის ტროპიკული და სუბტროპიკული ეგზოტიკური მცენარეებიცაა, რომლებიც შესაბამის პირობებში ჰყავთ. სულ კიუს ბაღში დაახლოებით 300 ათასი მცენარეა, რომელთა შორისაა მტაცებელი მცენარეების, როდოდენდრონების, აზალიების, ალპური ბალახების, გვიმრების, ორქიდეების, სამკურნალო მცენარეების, ბონსაის არაჩვეულებრივი კოლექციები. მნახველთა აღფრთოვანებას იწვევს სირინგარია (იასამნისფერი ბაღი), ბამბუკისა და წყლის მცენარეების ბაღები. არანაკლებ შთამბეჭდავია 7 მილიონი ეგზემპლარის შემცველი ჰერბარიუმი, რომელიც მეორეა სიდიდით მსოფლიოში, ხოლო სამეფო ბოტანიკური ბაღის ბიბლიოთეკაში 750 ათასი წიგნი და მცენარის 175 ათასზე მეტი ნახატია. ბაღში ასევე ნახავთ მსოფლიოში ყველაზე დიდ კომპოსტის დასამზადებელ მოწყობილეობას. 2003 წელს კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იქნა შეტანილი.

კიოტოს ბოტანიკური ბაღი (Kyoto botanical Garden) იაპონიაში, კიოტოს პრეფექტურაში მდებარეობს და თავისი ორანჟერიებითაა ცნობილი, რომელთა ფართობი 24 ჰა-ია. ბაღი 1924 წელს შეიქმნა და დღეს აქ დაახლოებით 12 ათასი სხვადასხვა სახეობის მცენარეა. განსაკუთრებით საინტერესო სანახავია ბამბუკის, კამელიების, ალუბლის, პიონების ჰორტენზიების ბაღები, ბანსაის ექსპონატები, ლოტოსების ტბორი და სხვ.

530 ჰა ფართობის კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი (Kirstenbosch National Botanical Garden) სამხრეთ აფრიკის რეპსპუბლიკაში ქ. კეიპტაუნთან ახლოს, ე.წ. მაგიდა მთის ძირში მდებარეობს. იგი 1913 დაარსდა და მისი ძირითადი დანიშნულება აფრიკის სამხრეთი ნაწილის ფლორის შენარჩუნება და პროპაგანდაა. თავისი შინაარსით ეს პირველი ბოტანიკური ბაღია მსოფლიოში, რომელიც ადგილობრივი მცენარეების დაცვასა და გავრცელებაზეა ორიენტირებული. ბაღის ორანჟერიაში აფრიკის სხვადასხვა რეგიონის – კარუს, სავანას, ფინბოშის მცენარეებს უვლიან, ხოლო ღია გრუნტში, ძირითადად, კაპის მთის რეგიონის ფლორაა წარმოდგენილი. კირსტენბოშის ბაღიდან ბილიკების საშუალებით შესაძლებელია მაგიდა მთის მწვერვალზე ასვლა. ყოველ წელს ბაღში ქვის ქანდაკებების ფესტივალი ეწყობა, ხოლო ზაფხულში, ყოველ კვირას, ღია ცის ქვეშ – კონცერტები.

სინგაპურის ბოტანიკური ბაღის (Singapur Botanical Gardens) ფართობი 74 ჰია, ხოლო ჩრდილოეთ და სამხრეთ საზღვრებს შორის მანძილი 2,5 კმ-ია, რაც ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის მხოლოდ მეხუთედს შეადგენს. ბაღი 1822 წელს დაარსდა და მაშინ მას ბოტანიკური და ექსპერიმენტალური ბაღი ერქვა. მისი დანიშნულება კი ისეთი კულტურების გამოყვანა იყო, რომელთაც შეიძლებოდა პოტენციური ეკონომიკური დანიშნულება ჰქონოდათ. პირველ რიგში ეს ხეხილი, ბოსტნეული და სხვა სასარგებლო მცენარეები იყო. 1829 წელს ბაღი დაიკეტა და 30 წლის შემდეგ ხელახლა გაიხსნა. სწორედ იმ დროიდან დაიწყო მისი თანამედროვე იერსახის ფორმირება და ლანდშაფტების ცნობილი დიზაინერის ლაურენსიო ნივენის წყალობით მიტოვებული პლანტაციები და ხელუხლებელი ტროპიკული ტყე საზოგადოებრივ პარკად იქცია.

სინგაპურის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 6 ჰა-ზე ტროპიკული ტყეა, რომელიც თავად ბაღზე ”უფროსია”. ეროვნული პარკის ცენტრალურ ნაწილში კი უნიკალური ე.წ. ”ევოლუციის ბაღია” განთავსებული, რომელიც დედამიწაზე მცენარეულობის განვითარების ისტორიასა და ევოლუციას ”მოგვითხრობს”.

ამჟამად ბაღის, და ზოგადად, მთელი ქალაქის ეროვნულ ღირშესანიშნაობას ორქიდეების ბაღი წარმოადგენს, რომელიც 1995 წელს გაიხსნა და ბოტანიკური ბაღის დასავლეთ ნაწილში, მაღალ ბორცვზეა განთავსებული. აქ ორქიდეის ათასზე მეტი სახეობა და მისი 2 ათასზე მეტი ჰიბრიდია თავმოყრილი. ასევე ძალიან საინტერესოა ეროვნული ბაღის დიზაინერული კონცეფცია, რომელიც ცალკეული ფერადი ზონებითაა წარმოდგენილი: ”გაზაფხულის” ზონაში ოქროსფერის, ყვითელისა და კრემისფერის ნათელი და ცოცხალი ფერები ჭარბობს, ”ზაფხულის” ზონაში უფრო ”ვარდისფერი და წითელი ფერებია დომინანტი, ზონა ”შემოდგომა” მწვანე და სხვა ფერებითაა წარმოდგენილი, ხოლო ზონა ”ზამთარი” – ცისფერი და თეთრი ფერების სინთეზია. ფერების შეხამება ხეების, ბუჩქების, ყვავილებისა და ბალახების კომბინაციით ხდება.

მონრეალის ბოტანიკური ბაღი (Montreal Botanical garden) კვებეკის პროვინციის ყველაზე მსხვილ და კანადის სიდიდით მეორე ქალაქში მონრეალში მდებარეობს. პარკის ფართობი 75 ჰა-ია. 2008 წელს ბაღი კანადის ეროვნულ ისტორიულ ღირშესანიშნაობად აღიარეს. ბაღი 31 თემატურ ბაღასა და სასათბურე კომპლექსისგან შედგება, რომლებშიც 20 ათასზე მეტი სახეობის მცენარეა თავმოყილი მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ბოტანიკური ბაღი 1931 წელს დაარსდა და მისი დანიშნულებაა საზოგადოებისა, განსაკუთრებით კი, მოსწავლეებისა და სტუდენტების ინფორმირება, ასევე გადაშენების პირას მყოფი მცენარეების დაცვა. თემატურ ბაღებს შორის აღსანიშნავია ჩინური, იაპონური, ალპური, ეკონომიკური, შხამიანი მცენარეების ბაღები.

ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს საუკეთესო კომუნიკაციის საშუალებას მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის. საგანმანათლებლო პროგრამებს შეუძლიათ განავითარონ და აამაღლონ საზოგადოებაშიგარემოსდაცვითი ცნობიერება, მათი განათლებით იმ მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, რომელიც გარემოს კონსერვაციას და მის მდგრადობასთან არის დაკავშირებული.