გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

მალტა, კუნძული

მალტა

მალტა – მსოფლიოს ერთ-ერთი პატარა სახელმწიფო – სამხრეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულ არქიპელაგზე მდებარეობს, რომელიც სიცილიის სანაპიროდან 93 კმ-ით, ხოლო ტუნისის სანაპიროდან 288 კმ-ით არის დაშორებული. მანძილი გიბრალტარის სრუტემდე 1826 კმ-ია.

კუნძული მალტა, რომლის სახელიც მთლიანად სახელმწიფოს დაერქვა, 6 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგის ყველაზე დიდ კუნძულს  წარმოადგენს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს კუნძულები იმ მთების ნაშთებია, რომელიც ევროპას აფრიკასთან აკავშირებდა. იმ დროს ხმელთაშუა ზღვის ადგილას გადაჭიმული ყოფილა მტკნარი ტბების ჯაჭვი. ექვსი კუნძულიდან სამი – მალტა, გოზო და კომინო დასახლებულია და მათი მთლიანი მოსახლეობა შეადგენს 369 ათას, რომლის 80% ცხოვრობს კუნძულ მალტაზე.

მალტა ფინიკიელების ენაზე  ”თავშესაფარს” ნიშნავს, რაც  კუნძულის სანაპიროს გეოგრაფიული თავისებურებიდან გამომდინარეობს: აქ მრავლადაა მყუდრო და მოსახერხებელი ნავსადგური.  

გეოგრაფიულმა მდებარეობამ – აფრიკის, ევროპის და აზიის გზაჯვარედინზე – მალტა სტრატეგიულ ობიექტად გადააქცია. საუკუნეების განმავლობაში იგი სხვადასხვა ქვეყნის გავლენის ქვეშ ექცეოდა: ჯერ ფინიკიელებმა და რომაელებმა, შემდეგ არაბებმა და ნორმანებმა დაიპყრეს. კუნძულის სტრატეგიული მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ ნაპოლეონმა მასზე თქვა: “მირჩევნია მტერი დავინახო მონ-მარტიდან, ოღონდ არა მალტაზე”. ფრანგებმა მალტა ვერ შეინარჩუნეს. XIX საუკუნეში იგი ინგლისელებმა ჩაიგდეს ხელში და კოლონიად აქციეს.

1964 წლიდან მალტა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 2003 წლის მაისში კუნძულებზე ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირში შესვლას. ქვეყანა 2004 წლიდან ევროკავშირის წევრია.

ქვეყნის ტერიტორიის 2/3 თითქმის გამოუყენებელია მიწათმოქმედებისთვის: აქ არის შიშველი კლდეები და კირქვიანი პლატო. ნიადაგის ფენა იმდენად თხელია, რომ მის ეროზიისგან დასაცავად გლეხები ფერდობებს ხელოვნურად ატერასებენ.  ასეთ ადგილებში სასოფლო-სამეურნეო მანქანებს ვერ იყენებენ. მალტაში არის ნაყოფიერი ადგილებიც, სადაც მოსავალი წელიწადში 2-3-ჯერ მოყავთ. ამასთან, რბილი ხმელთაშუაზღვიური ჰავა აქაურ ფერმერებს ხელს უწყობს, მთელი წლის განმავლობაში მოიყვანონ ბოსტნეული: ყვავილოვანი კომბოსტო, ხახვი, ტკბილი წიწაკა, პომიდორი, კიტრი, რომლითაც ზამთარში ჩრდილო და დასავლეთ ევროპას ამარაგებენ. მალტაზე არის ფორთოხლის, ლიმონის, გრეიფრუტის, ჭერმის და ლეღვის ნარგავები, აგრეთვე ნუშისა და ზეთის ხილის პლანტაციები. მალტელებს უყვართ ყვავილები. კუნძული მდიდარია სამკურნალო მცენარეებითაც. მალტის მცირე მიწაზე ხორბალი, ქერი, ბამბა და თამბაქოც მოყავთ. მალტელები კარგი მეთევზეებიც არიან.

სახელმწიფოს მნიშვნელოვან შემოსავალს აძლევს ტურიზმი. მათ იზიდავს ძველი დედაქალაქი მდინა თავისი ციხე-სიმაგრეების ნანგრევებით, შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლებით, ვიწრო ქუჩებით, რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმული კატაკომბებით, რომელიც დიდი ხანი არაა რაც აღმოაჩინეს. ყურადღებას იპყრობს იოანე იერუსალიმელის ტაძარი, სადაც მძიმე ქვის ფილების ქვეშ ის მალტელი რაინდები განისვენებენ, რომლებიც XVIII საუკუნემდე ერთგულად ემსახურებოდნენ ევროპელ ფეოდალებს. საიდუმლოებით მოცული კოშკები, საოცარი ფორმის სასახლეები და ციხე-სიმაგრენი, შუა საუკუნის ძეგლები დღემდე იზიდავენ ტურისტებს.

ვალეტა, მალტა

მალტის არქიპელაგის კუნძულების ნებისმიერი წერტილიდან ზღვამდე ”ორი ნაბიჯია”. ზღვის სანაპირო მალტაზე ქვიშიანი (გოლდენ ბეი, პარადიზ ბეი) და ქვიანია. ზღვაში ცურვა განსაკუთრებით უსაფრთხო და სასიამოვნოა, რადგან მალტის კუნძულების მახლობლად არ ბინადრობენ ადამინის სიცოცხლისთვის საშიში თევზები და მედუზები, წყლის ტემპერატურა კი (ზამთრის თვეებშიც კი) 14 გრადუსის დაბლა არ ეცემა.”

მალტის სიმბოლოდ ითვლება დელფინები. ადგილობრივი მინის მწარმოებელი ფაბრიკა “დინა-გლასსი” აწარმოებს ორიგინალურ სუვენირებსა და სამკაულებს, რომელთაც ნამდვილად შეუძლიათ გაუწიონ კონკურენცია ჩეხურ მინასაც კი. განსაკუთრებული სუვენირის სახით მალტიდან ჩამოაქვთ ადგილობრივი დელიკატესები: თხის რძისგან დამზადებული ყველი კუნძულ კოზოდან და უნიკალური საჩუქარი – ადგილობრივი წითელი ღვინო.

მალტის დედაქალაქი ლა-ვალეტა 1566 წელს დაარსდა იოანე იერუსალიმელის მაგისტრის – ჟანა ლა ვალეტას მიერ. 

ჩვენთვის, ქართველებისთვის ნამდვილად მაგალითია კ. მალტას მცხოვრებთა შრომისმოყვარეობა, რომლებმაც ეს კლდოვანი კუნძული ნაყოფიერ ადგილად გადააქციეს.