მოგზაურები, ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის, კოსტა-რიკას ყველაზე სასიამოვნო ქვეყნად თვლიან. კოსტრა-რიკა 1502 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა. ეს ერთადერთი სახელმწიფოა კონტინენტზე, სადაც არა ჰყავთ არმია და მხოლოდ პოლიცია იცავს ქვეყანას. ”ტიკო” ასე უწოდებენ კოსტა-რიკელებს მეზობელი ქვეყნები. ისინი კი იმით ამაყობენ, რომ მათ უფრო მეტი მასწავლებლები ყავთ, ვიდრე პოლიციელები. მართლაც, ეს ცენტრალური ამერიკის ყველაზე განათლებული სახელმწიფოა, სადაც მოსახლეობის 90 % წერა-კითხვის მცოდნეა.
კოსტა-რიკაში ნაყოფიერი ნიადაგები და სოფლის მეურნეობისთვის ხელშემწყობი ჰავაა. წიაღი მდიდარია ოქროთი, ვერცხლით, მანგანუმით, ნავთობით, რაც ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას. კოსტა-რიკა აგრარული ქვეყანაა. მოჰყავთ ყავა, ბანანი, კაკაო, განვითარებულია მეცხოველეობა, რომლის პროდუქციაც საზღვარგარეთ გააქვთ.
ქვეყანაში ხშირი მიწისძვრების გამო ძირითადად ჭარბობს ხის სახლები. ქალაქის ცენტრალურ მოედნიდან კარგად მოჩანს ვულკანი ”ოთხი ძმა”, რომლებსაც საერთო მასიური ძირი აქვთ. ერთი ბოლავს, მეორედან ძლიერი ხმები ისმის და კრატერიდან კილომეტრზე ფერფლისა და აირის ნარევი ადის, მესამედან კი – ცხელი გეიზერი გადმოჩქეფს. ქვეყნის დედაქალაქ სან-ხოსედან გაყვანილია გზა ვულკან ირასუმდე, სადაც ცნობისმოყვარე და დაინტერესებულ პირებს კრატერში ჩახედვაც კი შეუძლიათ. 1968 წელს ირასუს ამოფრქვევამ დიდი ზიანი მიაყენა ახლომახლო რაიონებს. არანაკლებ საშიშია ვულკანი არენალია, რომელიც დედაქალაქიდან 175 კმ-ითაა დაშორებული. 1968 წელს მისმა ამოფრქვევამ უსახლკაროდ დატოვა 20 ათასი ადამიანი.
კოსტა-რიკელები, მეზობელი ქვეყნების მხიარული და ხმაურიანი ხალხისგან, სიდინჯით გამოირჩევიან. გარეგნულად, ჩაცმულობით, მანერებით, გემოვნებით ისინი უფრო ინგლისელებს ჰგვანან.
კოსტა-რიკის ტერიტორიას წარმოადგენს ასევე კუნძული ქოქოსი წყნარ ოკეანეში და ქვეყნის დასავლეთი სანაპიროდან 600 კილომეტრზე, გალაპაგოსის არქიპელაგის მახლობლად მდებარეობს. 1997 წელს კუნძული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს.