მცირე აზიის ცენტრალურ ნაწილში, თურქეთში მთიანი მხარე – კაბადოკია მდებარეობს. კაბადოკია, რომელიც “ლამაზი ცხენების ქვეყანას ნიშნავს” და მსოფლიოს მერვე საოცრებადაა მიჩნეული, ქართველი პილიგრიმებისათვის პირველ რიგში წმინდა ნინოს და წმინდა გიორგის სამშობლოა.
უძველესი დროიდან ამ კუთხემ ბევრჯერ განიცადა აყვავება და დაცემა. მას თავს ესხმოდნენ ხეთები, ფრიგიელები, სპარსები, ბერძნები, რომაელები, სომხები და თურქ-სელჯუკები.
ბუნებით მკაცრი და თითქმის “მთვარის” ლანდშაფტის მქონე კაბადოკია, ქრისტიანული რელიგიის გავრცელების ერთ-ერთ კუთხედ ითვლება. ცნობილია, რომ წმინდა ნინო კაბადოკიელი იყო. დამპყრობელთა ცვლა, რომლებიც სხვადასხვა რელიგიებს აღიარებდნენ, ბუნებრივია, ქრისტიანული რელიგიის დევნას იწვევდა. ამიტომ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მოსახლეობამ არაერთხელ ჰპოვა თავშესაფარი გამოქვაბულებში. ისინი ყოვლისშემძლე ღმერთს ევედრებოდნენ შემწეობას. რომის იმპერის ბატონობისას კი გამოქვაბულებიდან გამოვიდნენ და ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად აღიარეს. VII საუკუნეში, როდესაც დაიწყო არაბთა ლაშქრობა მცირე აზიაში, კვლავ დაიწყო ქრისტიანების დევნა და მათ კვლავ გამოქვაბულებს მიაშურეს.
1963 წელს კაბადოკიის ერთ-ერთ სოფელში არქეოლოგებმა დიდი მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს, სადაც 7 სართული – იარუსი იყო. მისი სიღრმე 85 მეტრს, სიგრძე კი 30 კმ-ს აღწევდა და 20 ათასამდე ადამიანს იტევდა. აქ საკმარისი იყო წყლის მარაგი ჭების სახით; ვენტილაცია კი კლდეებში მოხერხებულად იყო გაყვანილი. ადამიანები, როგორც ჩანს, თავისი სურვილით ჩადიოდნენ მიწისქვეშა ქალაქში, თან მიყავდათ შინაური პირუტყვი და ფრინველები, მიქონდათ საყოფაცხოვრებო ნივთები და მტერს ემალებოდნენ. შემდგომ პერიოდში აღმოჩენილი იქნა 9 კმ სიგრძის, თითქმის ასეთივე მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც 15 ათას ადამიანს იტევდა.
ამჟამად, კაპადოკიის ტერიტორიის ნუსხაში 36 მდე მიწისქვეშა ქალაქია, რომელსაც ტურისტები ნახულობენ. აქ უამრავი გვირაბია. მართალია, ყველა გვირაბში ვერ შედიხართ, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად შესწავლილია. მიწისქვეშა კაბადოკიის ყველაზე კარგი ექსპონატი გიორემიდან 25 კილომეტრში მდებარეობს.
ამ საოცრებების რელიეფს ვულკანური პროცესების შედეგად წარმოქმნილი სვეტები ქმნის, რომლებიც დროთა განმავლობაში წვიმისა და ქარის მიერ გადაირეცხა და შთენილების სახით დარჩა. ისინი 10 ათასობითაა, სადაც განთავსებულ გამოქვებულებში ქრისტიანობამდე ადამიანის საცხოვრებელი იყო, დღეს კი, ქალაქ გიორემში – სასტუმროთა 90% იქაა მოწყობილი.
კაბადოკია ერთ-ერთი ჰარმონიული ადგილია დედამიწაზე, სადაც ადამიანისა და ბუნების კავშირი ერთმანეთთან დისკომფორტს არ ქმნის. ამჟამად კაბადოკია ტურიზმის მნიშვნელოვანი ცენტრია.