გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

ინდუსტრია

ინდუსტრიალიზაცია და ინდუსტრიული რევოლუცია

ინდუსტრია (ლათინური  industria “საქმიანობა”) – სამანქანო  ტექნიკით აღჭურვილი საფაბრიკო-საქარხნო მრეწველობა.

ინდუსტრიალიზაცია (ლათ. `ინდუსტრია~ – საქმიანობა) – მეურნეობაში, უპირატესად მრეწველობაში, მსხვილი მანქანური წარმოების ზრდის პროცესი.  ტერმინი ინდუსტრიალიზაცია გამოიყენება იმ სოციალური პროცესის დასახასიათებლად, რომელიც გულისხმობს აგრარულ და კუსტარულ მრეწველობაზე ორიენტირებული ეკონომიკისა და საზოგადოებების გადაქცევას ისეთ ეკონომიკად, რომელშიც წამყვანია მსხვილი, ავტომატიზაციაზე დამყარებული მრეწველობა.

ინდუსტრიული რევოლუცია — პერიოდი 1750 წლიდან 1850 წლამდე, როდესაც მიწათმოქმედებაში, მრეწველობაში, სამთო მრეწველობაში, ტრანსპორტირებასა და ტექნოლოგიებში მომხდარმა ცვლილებებმა  დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე და კულტურულ გარემოებებზე. ტერმინით „ინდუსტრიული რევოლუცია“ აღინიშნება უმნიშვნელოვანესი გარდატეხა კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც დასაბამი მისცა კაცობრიობის ცხოვრების სრულიად ახალ წესს და, შესაბამისად, ახალ ინდუსტრიულ ეპოქას. თავისი ისტორიული მნიშვნელობით მას 10 ათასი წლის წინ კაცობრიობის მომთაბარეობიდან ბინადარ ცხოვრებისა სამიწათმოქმედო მეურნეობის წესზე გადასვლა თუ შეედრება, რომელიც „ნეოლითური რევოლუციის“ სახელითაა ცნობილი. ინდუსტრიული რევოლუციის სამშობლოდ ინგლისი, ხოლო მისი დაწყების თარიღად XVIII საუკუნის 60–იანი წლებია მიჩნეული.

ინგლისში ინდუსტრიალიზაცია ბამბის საფეიქრო მრეწველობაში დაიწყო. თავდაპირველად ინდოეთიდან შემოსული მოდურ ბამბის ქსოვილებზე მოთხოვნილების ზრდასთან ერთად, გაჩნდა მათი წარმოების გაფართოების საჭიროება. 1765 წელს ინგლისელმა ფეიქარმა ჯეიმზ ჰარგრივსმა ძაფის სართავი მექანიზმი  –  “სართავი ჯენი” (ჰარგრივსმა თავისი გამოგონებას თავისი ქალიშვილის პატივსაცემად „ჯენი“ დაარქვა) გამოიგონა. ამას მოჰყვა მექანიკური საქსოვი დაზგის გამოგონება. XVIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისისათვის ინგლისში ჩნდება ორთქლის მანქანაზე მომუშავე პირველი საფეიქრო ფაბრიკები. მანუფაქტურული (ხელით) წარმოება მექანიზებული საფაბრიკო წარმოებით იცვლება. ახალი საფეიქრო ინდუსტრიის ცენტრი ლანკაშირი გახდა, ლივერპული კი მთავარი პორტი, რომელიც მის ტვირთებს ემსახურებოდა.