ნორდკაპი, ანუ ჩრდილოეთის კონცხი, ქვიანი და უსიცოცხლო კუნძულ მაგერიოს (ნორვეგია) დაბოლოებას წარმოადგენს. კონცხის სიმაღლე 307 მეტრია და ევროპის უკიდურეს ჩრდილეოთ წერტილად ითვლება.
აქ ზაფხულობით უამრავი ტურისტი ჩამოდის შუაღამის მზის სანახავად, მაგრამ ყველას როდი უღიმის ბედი. გამუდმებული ნისლი და წვიმები ნაცრისფერი ფარდით ბურავენ ნორდკაპს. ნათელი დღეები კი აქ ძალზე იშვიათია. ირგვლივ ყველაფერი დაღვრემილი და ნაცრისფერია. ზაფხულშიც კი ხშირია ზამთრის გრიგალი და თოვლის ქარბუქი. თოვლი და წყალი გრანიტით აგებულ კლდეთა ნაპრალებში ხვდება, იყინება, აფართოებს ქანებს და დაშლილი ქვები ხმაურით ეცემიან ზღვაში; ცოფმორეული ტალღები ძლიერად ეხეთქებიან ნაპირს და გამაყრუებელი ხმაური საკმაოდ შორს ისმის.
როცა შავი ღრუბლები დაბლა ეშვებიან, როცა განრისხებული ოკეანე მაგერიოს ქვის კედლებს უტევს, სწორედ ამ დროს მრისხანე ზღვის ფონზე ნათლად გამოჩნდება დაღვრემილი, მაგრამ დიდებული ნორდკაპი, როგორც ციხე-სიმაგრე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მისი დანიშნულება ტალღების შეჩერება იყოს.
სულ ერთია, როდის ნახავთ ნორდკაპს – ზამთარსა თუ ზაფხულში, ნათელ თუ ღრუბლიან ამინდში, მისი მრისხანე დიდებულება არასდროს არ დაგვავიწყდება.