გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

Darvaza Gas Crater

დარვაზას გაზის კრატერი – ჯოჯოხეთის კარიბჭე

დარვაზას გაზის კრატერი (Darvaza Gas Crater)  თურქმენეთის ყარაყუმის უდაბნოში მდებარე  მუდმივად ანთებული ბუნებრივი აირის კრატერია.  მსოფლიოში ის განსაკუთრებით ცნობილია სახელით „ჯოჯოხეთის კარიბჭე“ (Door to Hell ან Gates of Hell) და ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობად ითვლება.

კრატერის წარმოშობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა ყველაზე გავრცელებულის მიხედვით, 1971 წელს საბჭოთა გეოლოგების მიერ  ბურღვისას მიწა ბუნებრივი აირით სავსე ღრუს თავზე ჩაიშალა. მეთანის გაჟონვის შესაჩერებლად ადგილს  ცეცხლს წაუკიდეს იმ იმედით, რომ რამდენიმე დღეში ჩაიწვებოდა, მაგრამ ალი  აგერ უკვე რამდენიმე ათწლეულების განმავლობაში არ ჩამქრალა. ისტორიული დეტალები ბოლომდე დადასტურებული არ არის, რადგან იმ პერიოდის დოკუმენტაცია არასრულია.

კრატერის დიამეტრი დაახლოებით 60–70 მეტრია, ხოლო სიღრმე, დაახლოებით,  30 მეტრი. ღამით ასობით პატარა ალი ანათებს კრატერის ფსკერსა და კიდეებს, რაც მას განსაკუთრებით შთამბეჭდავ იერს აძლევს და ფოტოგრაფებისა და მოგზაურების პოპულარულ დანიშნულების ადგილად აქცევს.

ბოლო წლებში თურქმენეთის ხელისუფლებამ დაიწყო ღონისძიებები ბუნებრივი აირის დანაკარგისა და მეთანის ემისიების შესამცირებლად. გავრცელებული ინფორმაციით 2025–2026 წლებში კრატერის ცეცხლის ინტენსივობა მნიშვნელოვნად შემცირდა ახლომდებარე ჭაბურღილებიდან გაზის მოპოვების შემდეგ, თუმცა კრატერი კვლავ აქტიურია და ბოლომდე არ ჩამქრალა.

დარვაზას გაზის კრატერი ყარაყუმის უდაბნოში,  აშხაბადიდან დაახლოებით 260 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარეობს. იქ მისასვლელად ყველგანმავალი ავტომობილითაა შესაძლებელი. ვიზიტორების უმეტესობა კრატერს მზის ჩასვლის შემდეგ სტუმრობს, როდესაც ცეცხლის ნათება ყველაზე შთამბეჭდავად სწორედ ამ დროს  ჩანს.