აბუდელაურის ფერადი ტბები აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე როკშის წყლის მარჯვენა შენაკადის აბუდელაურის სათავეში ( ხევსურეთის არაგვის აუზი), სოფლების როშკასა და ჯუთასთან ახლოს მდებარეობენ.
ტბები ზღვის დონიდან 2812მ სიმაღლეზეა განლაგებული. ისინი მყინვარული წარმოშობის ტბებია და თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლებით საზრდოობენ. ტბებში წყლის მაქსიმალური დონე ზაფხულშია, მინიმალური კი – ზამთარში. წლის ნახევარზე მ ეტი პერიოდი (თითქმის 6 თვე) ტბები გაყინულია და ყინულისგან მხოლოდ მაისის ბოლოს თავისუფლდება. ტბებში არ ბინადრობენ თევზები.
აბუდელაურის ტბების კომპლესში ერთმანეთთან ახლოს მდებარე სამი ტბაა: მწვანე, თეთრი და ლურჯი. ტბებამდე მისასვლეილი გზა სალმაოდ რთულია. საავტომობილო გზა მხოლოდ სოფელ როშკასთან მთავრდება და შემდეგ საკმაოდ დიდი მანძილი ფეხით უნდა გაიაროთ.
ტბებისკენ მიმავალთ პირველად ლურჯი ტბა შეგვხდეებათ. სწორედ ამ ტბასთანაა დაკავშირებული საკმაოდ საინტერესო ლეგენდა. ამ ტბისთვის ფშაური ანდრეზის (გადმოცემის) მიხედვით იახსარის ლახტს გამოქცეულ უკანასკნელ დევმს შეუფარებია თავი. მანამდე იახსარს ლახტი უსროლია დევისთვის, მაგრამ დევი კლდეს ამოფარებია, ლახტი კლდეს მოხვედრია და მისგან ასხლეტილ ნაფოტს დევისთვის თვალი გამოუთხრია. საინტერესოა, რომ დღესაც დგას ეს კლდე როშკის თავში. ცალთვალა დევი ტბაში ჩასაულა. იახსარი კი თან ჩაჰყოლია და დევი განუგმირავს, მაგრამ დევის უწმინდურმა სისხლმა ტბის ზედაპირი შეკრა და იახსარმა ამოსვლა ვეღარ შეძლო, სანამ ბლოელმა ოთხრქა და ოთხყურა ცხვარი არ დაუკლა და მისი სისხლი ტბას არ ასხურა.
ცხვრის სისხლმა უწმინდურის სისხლით წაბილწული ტბა განწმინდა და იახსარსაც ხმელეთზე ამოსასვლელი გზა გაეხსნა. ამბობენ, ღვთისშვილი მტრედის სახით ამოფრინდა იქიდანო. მადლიერი იახსარი ბლოელს შეპირდა, რომ ამ სიკეთის სანაცვლოდ სამ თხოვნას შეუსრულებდა. დაუბარა: როცა გაგიჭირდება, მიხმე და მეც შენთან გავჩნდებიო. იახსარი აქედან გაფრინილა და ლიქოკის თავზე, კარატის წვერზე დაბრძანებულა. ამ ადგილას იახსარის ნიში (კოშკი) და საზარე ააშენეს. შემდეგ ეს ადგილი დაუტოვებია და უბისთავს, წვერმაღალ მთაზე დაბრძანებულა, სადაც ასევე საზარე და კოშკია აშენებული. შემდეგ კი შუაფხოში ჩამოსულა და სამუდამოდ იქ დარჩენილა.
მწვანე ტბა თავისი გამჭვირვალე და სუფთა წყლით გამოირჩევა, ხოლო
თეთრი ტბა აბუდელაურის ტბებს შორის ყველაზე მაღლა მდებარეობს და თან ყველაზე ლამაზია. ტბაში წყალი თეთრად ლივლივებს და სახელიც ამიტომ ეწოდა.