გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

ჰავანა კუბის დედაქალაქი

ჰავანა

თვითმფრინავის ფანჯრიდან ქალაქი ჰავანა უცნაურად მოღუნულ გიგანტურ ხვლიკს წააგავს მკვეთრად გამოხატული თავით, ელასტიკური გრძელი ტანითა და კუდით. თუ ჰავანას ზღვიდან უახლოვდებით, შთაბეჭდილება სულ სხვანაირია: ცათამბჯენების სიმრავლე, ჭვარტლის ღრუბელი ქალაქის თავზე, სიმწვანის ნაკლებობა, ერთმანეთის მსგავსი ქუჩები და პროსპექტები, თანამედროვე ქალაქი-გიგანტი, უღიმღამო და ერთფეროვანი, რომლის მსგავსი ბევრია ევროპულ დასავლეთში. ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ როგორც კი ნაპირზე მოხვდები ამ უზარმაზარი გიგანტის ტყვეობაში აღმოჩნდები.

ჰავანა 1515 წელს დააფუძნა კონკისტადორმა დიეგო ველასკეს დე კელარმა კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე, თანამდეროვე ქალაქ სურგიდერო-დე-ბატაბანიოსთან. ქალაქმა მის დღვანდელ ადგილზე 1519 წელს გადმოინაცვლა.

ჰავანა თავდაპირველად სავაჭრო პორტი იყო, თუმცა მისი მზარდი პოლიტიკური მნიშვნელობის გამო 1607 წელს კუბის (იმ დროისთვის ესპანური კოლონიის) დედაქალაქი და ახალ მსოფლიოში ესპანური კოლონიების მთავარი პორტი გახდა.

ჰავანა მეკობრეთა ხშირი თავდასხმების მსხვერპლი იყო. 1553 და 1555 წლებში იგი გაძარცვეს, ხოლო 1538 წელს კი ერთიანად გადაწვეს.  შვიდწლიანი ომის დროს 1762  წელს ბრიტანელებმა ესპანელებს ქალაქი წაართვეს და პორტი თავისუფალი ვაჭრობისთვის გახსნეს, შემოიყვანეს რა ათასობით აფრიკელი მონა. ომის დამთავრების შემდეგ ბრიტანელებმა ქალაქი ფლორიდაზე გაცვალეს. ქალაქის დაბრუნების შემდეგ ესპანელებმა იქ აშენებული ციხესიმაგრეებითა და გალავნებით ჰავანა ამერიკაში ყველაზე დაცულ ქალაქად აქციეს.

1920 წელს აშშ-ში ბუტლეგერობის პერიოდში ჰავანა, მონრეალის მსგავსად, ამერიკელთა პოპულარული გასართობი ქალაქი გახდა, თუმცა ღამის კლუბებისა და კაზინოების უმრავლესობა დახურულ იქნა 1959 წელს კუბის რევოლუციის შემდეგ.

ჰავანა  კუბა

   ყველა ქალაქს აქვს თავისი ცენტრი, მაგრამ ჰავანაში ეს ცნება დარღვეულია. 23-ე ქუჩა თუ რევოლუციის მოედანი, სანაპირო მალეკონი თუ მე-5 ავანიდა, კაპიტოლიუმი თუ პრეზიდენტის ხეივანი – ყველა ცენტრია, თუმცა ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. ქალაქის ცალკეულმა რაიონებმა, წარსულში დამოუკიდებელმა ქალაქებმა შექმნეს თანამედროვე ჰავანა. ამიტომაც ძნელია გეოგრაფიული ან ადმინისტრაციული ცენტრის პოვნა და მაინც: რაიონი ვედადო ყველაზე უფრო მიესადაგება ე.წ. ქალაქის ”ცენტრს”.

მექსიკის ყურიდან იწყება მრავალკილომეტრიანი პრეზიდენტის ხეივანი, სადაც ვხვდებით ტროპიკული სარტყლის თითქმის ყველა სახეობის მცენარეს და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ბოტანიკურ ბაღში სეირნობ. აქედან პირდაპირ რევოლუციის მოედანზე გამოდიხარ, სადაც ქალაქის სამი რაიონი იყრის თავს.

საღამოობით, როდესაც შუადღის პაპანაქება მინელდება, ჰავანელები სეირნობენ, თევზაობენ, ზღვის სანაპიროს სილამაზით ტკბებიან. ძველ ჰავანას შენარჩუნებული აქვს ესპანური იერი – 2-3 სართულიანი შენობები, გრძელი და ვიწრო ქუჩები. აქვეა კაპიტოლიუმის მკაცრი შენობა, სადაც ახლა კუბის მეცნიერებათა აკადემიაა განთავსებული. მის ირგვლივ კი შესანიშნავი პარკია ეროვნული გმირების ძეგლებით. აქ იწყება ცნობილი პრადო – ქუჩა-ხეივანი.

ჰავანის ფეშენებელური რაიონია მირამარი. ეს რაიონი ამერიკელი და ადგილობრივი ბანკირების, მინისტრების, ბიზნესმენების მიერ იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს ”მობინადრენი” ახალგაზრდობამ შეცვალა და ამჟამად ბეკადოსი – მოსწავლე-სტიპენდიანტები და სტუდენტები  არიან ამ მყუდრო ბინების ბინადარნი.

მირამარეშია განთქმული საზღვაო აკვარიუმი. ეს არის მექსიკის ყურის ნაწილი, რომელიც მინის კედლებითაა ყურისგან გამოყოფილი, ზევით კი ღიაა. აკვარიუმში ტროპიკული ზღვების ყველა ბინადარია, მათ შორის ზვიგენები, გიგანტური კუ და შხამიანი ბარიკუდაც.

ყველა ქალაქი თავისებურია, ყველას აქვს მისთვის დამახასიათებელი და სხვებისგან განსხვავებული ნიშნები. ასეთი თავისებური და განსხვავებულია ჰავანაც.