გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

წითელი ზღვა

დედამიწის ფერად ზღვებს მიეკუთვნება წითელი ზღვაც, რომელიც სინამდვიილეში ლურჯი ფერისაა, მაგრამ მის ზედაპირზე ზოგჯერ წითელი წყალმცენარეები ამოტივტივდებიან ხოლმე და მაშინ ზღვის წყალს წითელი ელფერი დაჰკრავს. სახელიც, სავარაუდოდ, სწორედ ამ ორგანიზმების მეწამული ფერის გამო ეწოდა. თუმცა არსებობს ზღვისთვის სახელის დარქმევის სხვა ვერსიებიც. მაგალითად, ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ზღვას ეს სახელი ეგვიპტესთან ახლოს მდებარეობის გამო ეწოდა. ძველად ეგვიპტელები წითელ ზღვაში მდებარე ერთ-ერთ კუნძულს „წითელ მიწას“ უწოდებდნენ. რადგანაც ზღვა „წითელ კუნძულს“ ესაზღვრებოდა, ამიტომ მასაც „წითელი“ დაარქვეს. სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით, სხვა ვერსიაც არსებობს, რომელიც ეფუძნება მოსაზრებას, რომ ფერები ჰორიზონტის მხარეებს – გეოგრაფიულ მიმართულებებს აღნიშნავდნენ. წითელი ფერი კი სამხრეთის მიმართულებას შეესაბამებოდა და, შესაბამისად, წითელი ზღვაც სამხრეთის ზღვას ნიშნავდა.

წითელი ზღვა შიდა ზღვაა და ინდოეთის ოკეანის აუზს მიეკუთვნება და არაბეთის ნახევარკუნძულსა (აზია) და აფრიკის კონტინენტს შორის მდებარეობს. https://www.google.ge/maps/place/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%90/@20.2358326,29.5064425,5z/data=!3m1!4b1!4m5!3m4!1s0x15b91b7a37f530e5:0xbab428a1529071c7!8m2!3d20.280232!4d38.512573?hl=ka

ზღვა ცხრა ქვეყანას ესაზღვრება. ეს ქვეყნებია: ეგვიპტე, სომალი, სუდანი, იემენი, ისრაელი, ჯიბუტი, იორდანია, საუდის არაბეთი და ერითრია. წითელ ზღვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ცხრავე ქვეყნისთვის რეკრეაციის, ტრანსპორტირებისა და თევზჭერის თვალსაზრისით.

წითელი ზღვის ფართობი 450 ათასი კვ. კმ-ია. მაქსიმალური სიღრმე 3000 მ-ია შუა ნაწილში. წითელი ზღვა ყველაზე მარილიანია მსოფლიოს ზღვებს შორის – მისი წყლის მარილიანობა ლიტრში 40-60 გრ-ია.

წითელი ზღვა იმითაცაა საინტერესო, რომ მასში მდინარეები არ ჩაედინება, რომელთაც ზღვებში ნატანი მასალა და ქვიშა ჩააქვთ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხოლმე ზღვის წყლის გამჭვირვალობას. ამიტომაც წითელი ზღვის წყალი კრისტალურად სუფთა და გამჭვირვალეა.

წითელი ზღვა საერთაშორისო გადაზიდვებისა და ტრანსპორტირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი მას შემდეგ გახდა, რაც 1869 წელს სუეცის არხი გაიხსნა.

წითელი ზღვა მეტად საინტერესოა ტურისტებისთვისაც. ზღვაზე დასვენება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, თუმცა ზაფხულში ძალიან ცხელა. ამ დროს წყლის საშუალო ტემპერატურა 27 გრადუსია. ზამთარში კი წყლის საშუალო ტემპერატურა 21 გრადუსს აღწევს. ასე რომ, ზღვა, გარდა მაღალი მარილიანობისა, ყველაზე თბილ ზღვადაცაა ცნობილი.

წითელი ზღვა ორგანული სამყაროს მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. იქ 1000-მდე სახეობის თევზი ბინადრობს. აგრეთვე გვხვდება წყალმცენარეები, მრავალი ფერის მარჯნები და სხვადასხვა ფორმის წყალქვეშა ქვები, რომლებიც ზღვის ფსკერზე ულამაზეს გარემოს ქმნიან.

წითელ ზღვაში 25 ლამაზი და ეგზოტიკური კუნძულია, რომლებიც საუკეთესო ადგილებად ითვლება დაივინგისთვის. სწორედ ამიტომ დაივერები ამ კუნძულებზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ზღვის მრავალფეროვანი და ულამაზესი წყალქვეშა სამყაროს გასაცნობად.