„ოთხი აზიური ვეფხვი“ ან „აზიური დრაკონები“ ტერმინია, რომელიც სამხრეთ კორეის, სინგაპურის, ჰონგ-კონგის და ტაივანის მაღალგანვითარებული ეკონომიკის აღსანიშნავად გამოიყენება. ეს ქვეყნები გამორჩეულნი არიან განსაკუთრებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით (წელიწადში 7%-ზე მეტი) და 1960 – 1990 წლებში სწრაფი ინდუსტრიალიზაციით. XXI საუკუნეში მათ უკვე შექმნეს განვითარებული და მაღალი შემოსავლების მქონე ეკონომიკა, რომლებიც სპეციალიზდებიან სხვადასხვა კონკურენტულ სფეროში. მაგალითად: ჰონგ-კონგი და სინგაპური გახდნენ მსოფლიოს წამყვანი სავაჭრო ცენტრები, ხოლო სამხრეთ კორეა და ტაივანი დაწინაურდნენ საინფორმაციო ტექნოლოგიების წარმოებაში. მათი ეკონომიკური წარმატება გახდა მრავალი განვითარებადი ქვეყნების მისაბაძი მოდელი. მათი ერთ-ერთი წარმატების მიზეზი იყო ინდუსტრიული პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერდა ექსპორტს განვითარებულ ქვეყნებში. ისინი ასევე გამოირჩევიან ბიზნესის კეთების სიმარტივით. მათი სხვა საერთო ნიშნებია: სახელმწიფოს მიერ დიდი ინვესტიციები განათლებაში, ნაკლებად დემოკრატიული და შედარებით ავტორიტარული პოლიტიკური სისტემა.
სამხრეთი კორეა, ოფიციალურად კორეის რესპუბლიკა უპირობო ლიდერია, როგორც „აზიის ვეფხვების“ ქვეყნებს, ასევე ზოგადად, ე.წ. ახალ ინდუსტრიულ ქვეყნებს შორისაც. კორეა აღმოსავლეთ აზიაში, კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. სახელი კორეა მომდინარეობს კორიოს სამეფოდან. ქვეყანას გააჩნია სახმელეთო ასტრონომიული საზღვარი ჩრდილოეთ კორეასთან (ჩრდილოეთით, გადის 38-ე პარალელზე) და საზღვაო საზღვრები იაპონიასა (აღმოსავლეთით) და ჩინეთთან (დასავლეთით). მეტად საინტერესოა ის ფაქტი, რომ კორეასა და იაპონიას შორის მდებარე იაპონიის ზღვას სამხრეთ კორეაში აღმოსავლეთის ზღვად მოიხსენიებენ. კორეის მხარის განცხადებით სახელი „იაპონიის ზღვა“ მსოფლიო საზოგადოებას თავს იაპონიის იმპერიამ მოახვია. 1910-1945 წლებში კორეაში ადგილი ჰქონდა იაპონიის ინტერვენციას. ამიტომ კორეის მთავრობის პოზიცია ზღვის სახელწოდებასთან დაკავშირებით არ იქნა გათვალისწინებული, როცა 1929 წელს საერთაშორისო ჰიდროგრაფიულმა საზოგადოებამ (IHO) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ოკეანეებისა და ზღვების საზღვრები“. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სახელწოდება „აღმოსავლეთის ზღვა“ დაახლოებით 2000 წელს ითვლის და ბევრ ძველ რუკაზე გვხდება. მაგ; მარკო პოლოს მოგზაურობის რუკაზე, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ თარგმნილ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე და სხვ. ამჟამად, ეს საკითხი კვლავ განხილვის საკითხია: 2017 წლის აპრილში მონაკოში, აღნიშნული ორგანიზაციის შტაბბინაში მოეწყო შეხვედრა, სადაც მხარეებს 3 წელი მისცეს შესათანხმებლად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოცემულ რუკებსა და გლობუსებზე, ასევე; Googl Maps-ის, Bing. Maps-is, National Geographic-ის ციფრულ რუკებზე, ორივე სახელწოდებაა დატანილი.
ეკონომიკური წინსვლა პირდაპირპროპორციულად მოქმედებს ქვეყანის განვითარებასა და მის საერთაშორისო სისტემაში ჩაბმის სიჯანსაღეზე. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო ეკონომიკური წინსვლა სამხრეთ კორეას ახასიათებს. ინდუსტრია არ არის ერთადერთი სფერო, რომელიც სამხერთ კორეამ, როგორც ინდუსტრიულმა ქვეყნამ ფაქტობრივად რამდენიმე ათეულ წელიწადში განავითარა. მათი წარმატება თვალსაჩინოა – ბიოტექნოლოგიაში, ზეგამტარობის სფეროში, ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებაში და სხვა. ქვეყანამ განავითარა მძიმე მანქანათმშენებლობა, მათ შორის გემთმშენებლობა. მსოფლიოში წამყვანი პოზიციები უკავია „SAMSUNG“ -ს, „DEU ELECTRONIC“-ს, „HYUNDAI“-სა და “KIA MOTORS“-ს.
სამხრეთ კორეა 2016 წლის მონაცემებით, მსოფლიო ქვეყნების დემოკრატიის ინდექსის მიხედვით სრული დემოკრატიის მქონე ქვეყანათა რიცხვში მოხვდა და ის უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია, საფრანგეთი, იტალია. ინდექსი შემდეგი ხუთი მონაცემის საშუალებით ადგენს დემოკრატიის ხარისხს: პოლიტიკური აქტივობა და პოლიტიკური კულტურა, საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, სამოქალაქო უფლებები, მთავრობის ფუნქციონირება. ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ რამდენიმე ათეულ წელში სამხრეთ კორეამ, როგორც ერთ–ერთმა უღარიბესმა ქვეყანამ ასეთ წარმატებას, არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისითაც მიაღწია. სამხრეთი კორეა ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით აღმოსავლეთი აზიის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. მისი მოქალაქეები სარგებლობენ ცხოვრების ძალიან მაღალი ხარისხით, გააჩნიათ აზიის რეგიონში უმაღლესი ინდივიდუალური შემოსავალი და საშუალო ხელფასი; ასევე, მსოფლიოში მერვე ადგილზეა ოჯახური შემოსავალის მხრივ. ქვეყანა, მსოფლიო მასშტაბით, ჯანდაცვის ხარისხისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვითაც წამყვან ქვეყნებს შორისაა.
კორეა ასევე, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა განათლების თვალსაზრისით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის სიმკაცრემ საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია. 1945 წლისთვის იაპონიის ოკუპაციისგან გათავისუფლებული კორეაში ეშპ-ის სტრუქტურაში მრეწველობაზე 15%, ხოლო სოფლის მეურნეობაზე 40% მოდიოდა, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა წერა-კითხვა არ იცოდა, რეფორმები კი ქვეყანაში ინდუსტრიალიზაციით დაიწყო და მთავარ პრიორიტეტად განათლება გამოცხადდა. სამხრეთ კორეის ეროვნულმა საგანმანათლებლო პროგრამამ უკანასკნელ წლებში უდიდეს წარმატებას მიაღწია, რაც სახელმწიფოს მიერ ფინანსების მობილიზების წყალობით მოხდა. სტატისტიკა და ციფრები ნათლად აჩვენებს განვითარების იმ გზას, რაც საგანმანათლებლო რეფორმამ გაიარა ამ ქვეყანაში: თუ 1945 წლისთვის წერა-კითხვის მცოდნე მოსახლეობის 22% იყო, 1970 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 87,6%-ს მიაღწია, ხოლო 80-იანი წლების ბოლოსთვის – 93%-ს. განათლებაში ჩადებული კაპიტალი ქვეყანას ბუმერანგივით დაუბრუნდა. ქვეყანაში დროთა განმავლობაში განვითარდა მძიმე მრეწველობა, მანქანათმშენებლობა და მეტალურგია. ინფრასტრუქტურის განვითარებამ ბიძგი მისცა მსხვილი პროექტების განხორციელებას ნავთობგადამუშავებასა და ნავთობქიმიაში.
ქვეყნის 51-მილიონიანი მოსახლების დაახლოებით ნახევარი სეულის დედაქალაქის რეგიონში ცხოვრობს, რომელიც სიდიდით მეოთხეა მსოფლიოში თავისი 25-მილიონიანი მოსახლეობით და Arcadis NV-ის მიერ შეფასებულია, როგორც აზიის მეორე ყველაზე ხელსაყრელი ქალაქი ცხოვრების ხარისხის მიხედვით. სეულმა 1986 წელს აზიურ თამაშებს, 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, 2002 წლის ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატს, Miss Universe 1980-ს, ასევე 2010 წლის G-20 -ის სამიტს უმასპინძლა. იუნესკოს მიერ ქალაქი 2010 წლის მსოფლიო დიზაინის დედაქალაქად დასახელდა.
ბუნება კორეელებისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, სწორედ ამიტომ, სამხრეთ კორეაში უამრავი ნაციონალური პარკია თავისი ფანტასტიკური ბუნებით, ისტორიული ტაძრებითა და რელიქვიებით.
სორაქსანის ეროვნულ პარკში შესვლა 3 500 სამხრეთ კორეული ვონა, ანუ 3 დოლარი ღირს, ბილეთებიდან შემოსული თანხა კი სრულად ირიცხება გარემოს დაცვის ფონდში. აქვეა სინჰინგსის ბუდისტური ტაძარიც, რომელიც 652 წელს აშენდა და ერთ-ერთი უძველესია აზიაში. ტაძრის შესასვლელთან მოგზაურებს დიდი ბუდას 19-მეტრიანი ბრინჯაოს მოოქროვილი სტატუა ხვდება, რომლის ჩამოსხმაზეც კორეას მთელი მოსახლეობა აგროვებდა თანხას.
ოდესანის ეროვნული პარკი ორ ზონად იყოფა – მე-7 საუკუნის სამონასტრო ზონა, სადაც უამრავი ისტორიული ძეგლია თავმოყრილი და მდინარე სოგიმგანგის ზონა თავისი ველებით, უცნაური ფორმის უზარმაზარი ქვებითა და კლდეებით. პარკის მთავარ ღირსშესანიშნაობებს შორისაა ოქტაგონის მიერ აგებული ცხრაიარუსიანი პაგოდა, სანვონსის ტაძარი 725 წელს ჩამოსხმული ბრინჯაოს ზარით და ბუდას ქვის ფიგურა.
კაიასანის ეროვნულ პარკში, ჰეინსის მონასტერში ქვეყნის მთავარი საგანძური – მე-13 საუკუნის ხის ფირფიტებზე შესრულებული ბუდისტური ტექსტების კრებული – ტრიპიტაკა კორეანა ინახება. 1980-იან წლებში კორეას კულტურის სამინისტრომ სპეციალური მიწისქვეშა საცავი ააგო, სადაც რელიკვიის დასაცავად საჭირო ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა იყო დაცული. თუმცა, საცავში გადატანილი საცდელი პარტია სწრაფად დაზიანდა და ეროვნული საგანძური ისევ ძველ ადგილს დაუბრუნდა. ტაძართან ახლოს ნებისმიერ მსურველს სულ რაღაც 9 დოლარად შეუძლია შეიძინოს უძველესი ტექსტის ანაბეჭდი სპეციალურ ბრინჯის ქაღალდზე.
პუკჰანსანის ეროვნულ პარკს, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში „ყველაზე პოპულარული და ხშირად მონახულებადი პარკის” სტატუსით შევიდა, ყოველწლიურად 5 მლნ-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს, რაც პირველ რიგში მისი მდებარეობის დამსახურებაა – პარკი სეულის საზღვრებშია მოქცეული და ერთ-ერთი მეტროსადგური პირდაპირ პარკშია მოწყობილი. პუკჰანსანის მთავარ ღირსშესანიშნაობას ბუდისტური ტაძარი ტოსონსა წარმოადგენს, რომლის სტუმართმოყვარე ბერები ყოველთვის დიდი სიამოვნებით უმასპინძლდებიან დამსვენებლებს ბრინჯისა და თხილის ღვეზელით.
ჩედჟუს კუნძულზე მოწყობილ ჰალასანის ეროვნულ პარკამდე მიღწევა ჯიმპოს აეროპორტიდან შიდა რეისით შეიძლება. ჰალასანი ერთადერთი ნაკრძალია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვდა. პარკმა ჩამქრალი ვულკანის – ჰალასანის პატივსაცემად მიიღო სახელი, რომლის სიმაღლე 1950 მეტრს აღწევს და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წერტილია. პარკის ტერიტორიაზე რვა სპეციალური ბილიკია მოწყობილი, რომლის მარშრუტი მანდარინის ხეივნებისა და უზარმაზარი მინდვრების გავლით მთის წვერზე სრულდება. ვულკანის კრატერში კი, პატარა მდინარე პენაქტომია, რომელსაც საოცრად ლამაზი, მუქი ლურჯი ფერი აქვს.