გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

სალარ-დე-უიუნი

სალარ-დე-უიუნი – ადგილი, სადაც მთავრდება ცა და იწყება დედამიწა

სალარ-დე-უიუნი  (Salar de Uyuni) მსოფლიოში უდიდესი მარილიანი ვაკეა, რომელიც ბოლივიისს სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს. იგი ცნობილია უსასრულოდ გადაჭიმული თეთრი ზედაპირით და წვიმების სეზონზე წარმოქმნილი სარკისებური ანარეკლით, რის გამოც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობად ითვლება.

მარილიანი ვაკე დაახლოებით 10,500 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და  უძველესი ტბების დაშრობის შედეგად წარმოიშვა. მისი ზედაპირი ხშირად დაფარულია ექვსკუთხა მარილის ბუნებრივი ნიმუშებით, ხოლო წვიმიან სეზონზე წყლის თხელი ფენა ქმნის თითქმის სრულყოფილ სარკის ეფექტს, რომელიც ცასა და მიწას ვიზუალურად აერთიანებს.

სალარ-დე-უიუნი არა მხოლოდ შთამბეჭდავი ლანდშაფტით გამოირჩევა, არამედ  ლითიუმის მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი  მარაგის საბადოცაა, რაც მას მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სამეცნიერო ინტერესსაც ანიჭებს. მისი ფართო, ბრტყელი ზედაპირი ასევე გამოიყენებოდა თანამგზავრული მოწყობილობების კალიბრაციისთვის თავისი განსაკუთრებული სისწორის გამო.

მშრალ სეზონზე (დაახლოებით მაისიდან ოქტომბრამდე) ადვილია მარილის პოლიგონური სტრუქტურების დათვალიერება, ხოლო წვიმიან სეზონზე (დაახლოებით დეკემბრიდან აპრილამდე) ყველაზე ცნობილი „ცის სარკის“ ეფექტი ჩნდება, თუმცა წყლის დონემ შეიძლება გადაადგილება გარკვეულ ადგილებში შეზღუდოს.

ამ უნიკალური ლანდშაფტის ფარგლებში რამდენიმე გამორჩეული ადგილი განსაკუთრებით პოპულარულია:

ინკაჰუასის ვულკანაური კუნძული გიგანტური კაქტუსებით სალარ-დე-უიუნის  მარილიანი ვაკის შუაგულში მდებარეობს. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა მარილის უდაბნოში, რადგან აერთიანებს უნიკალურ გეოლოგიას, ასწლოვან გიგანტურ კაქტუსებსა და პანორამულ ხედებს.

ინკაჰუასი წარმოადგენს უძველესი ვულკანისა და გაქვავებული მარჯნისებრი წარმონაქმნების ნაშთს. ათიათასობით წლის წინ ეს ადგილი პრეისტორიული ტბის ქვეშ იყო მოქცეული, ხოლო წყლის დაშრობის შემდეგ „კუნძულად“ დარჩა მარილის უსასრულო თეთრ ველზე. მისი ფართობი დაახლოებით 24.6 ჰექტარია.

კუნძულის ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია ასობით გიგანტური კაქტუსი, რომელთაგან ზოგი 10 მეტრზე მეტ სიმაღლეს აღწევს. ისინი ძალიან ნელა იზრდება  – საშუალოდ წელიწადში დაახლოებით 1 სანტიმეტრით – რის გამოც ბევრი მათგანი საუკუნეების, ზოგ შემთხვევაში კი ათასწლეულზე მეტი ხნისაცაა.

კუნძულზე მოწყობილია მოკლე, კარგად მონიშნული საფეხმავლო ბილიკი, რომელიც უმაღლეს წერტილამდე ადის და 360-გრადუსიან ხედს სთავაზობს მნახველებს. სწორედ აქ იღებენ სალარ-დე-უიუნის ყველაზე ცნობილ ფოტოებს, განსაკუთრებით მშრალ სეზონზე, როდესაც მარილის ველი სრულად ხელმისაწვდომია.

სახელი ინკაჰუასი („Incahuasi“)  კეჩუას ენაზე „ინკას სახლს“ ნიშნავს. კუნძული საუკუნეების განმავლობაში ბუნებრივ თავშესაფრად გამოიყენებოდა მარილის ველზე გადაადგილებისას, დღეს კი ბოლივიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტურისტულ სიმბოლოდ ითვლება და სალარ-დე-უიუნის ტურების თითქმის ყველა მარშრუტში შედის.