დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანს წაკითხული თუ არა აქვს ინგლისელი მწერლის დანიელ დეფოს რომანი ” რობინზონ კრუზო”, ამავე სახელწოდების ფილმი მაინც ექნება ნანახი. ჰოდა, ალბათ ერთხელ მაინც დავფიქრებულვართ, რეალურ ცხოვრებაში მართლა არსებობდა თუ არა რობინზონ კრუზო და სად მდებარეობდა მისი უკაცრიელი კუნძული?
სინამდვილეში, რობინზონი თურმე მართლაც არსებობდა და მწერლის ფანტაზიის ნაყოფი არაა. დ. დეფოს რომანს საფუძვლად უდევს ისტორიული ფაქტი და წიგნში მხოლოდ მთავარი გმირის სახელი და გვარია შეცვლილი, ხოლო კუნძული სადაც ის ჩარჩა დეფომ ატლანტის ოკეანეში, კარიბის ზღავში ჩამდინარე მდინარე ორინოკოს შესართავთან გადაიტანა. როცა მწერალი წიგნში რობინზონის კუნძულის ბუნებრივ პირობებს აღწერდა, სინამდვილეში კუნძულების ტრინიდადი და ტობაგოს ბუნება დაახასიათა.
და მაინც, სად მდებარეობს რობინზონის ნამდვილი კუნძული ? თუ რუკას დახედავთ, ს.გ 33 გრადუსსა და დ. გ 80 გრადუსზე თქვენ პატარა კუნძულთა ჯგუფს შენიშნავთ. ეს ხუან-ფერნანდესის კუნძულებია, რომლებიც 1563 წელს აღმოაჩინეს და სახელიც მათი პირველაღმომჩენის ესპანელი მოგზაურის პატივსაცემად ეწოდა. ხუან-ფერნანდესის კუნძულთა შორისაა ვულკანური კუნძული მას-ა-ტერა, რომლის სახელი ესპანურიდან თარგმანში ”ნაპირთან ახლოს” ნიშნავს, კუნძული მას-ა-ფუერა, ანუ ” ნაპირიდან შორს” და ასევე კუნძული სანტა-კლარა. ეს სამივე კუნძული ჩილეს ეკუთვნის. პირველი მათგანი ანუ მას-ა-ტერა კი სწორედ რობინზონ კრუზოს რეალური კუნძულია, რასაც იქ აღმოჩენილი წარწერები მოწმობს. მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან კუნძულს რობინზონ კრუზოს სახელი ოფიციალურად ეწოდა.
რიბინზონ კრუზოს კუნძულის სიგრძე 23 კმ, სიგანე კი 8 კმ-ია, ხოლო ფართობი 144 კვ.კმ. არქიპელაგის სხვა კუნძულების მსგავსად მისი რელიეფი მთაგორიანია. მისი უმაღლესი მწვერვალის მთა იუნკეს სიმაღლე 1000 მ-ია ზ.დ-დან.
კუნძულის კლიმატი რბილი ოკეანურია. ყველაზე ცივი – აგვისტოს თვის ჰაერის საშუალო ტემპერატურა +12 გრადუსია, ხოლო ყველაზე თბილი თვის – თებერვლის + 19 გრადუსი. კუნძულის დაბლობ ადგილებში სავანებია გავრცელებული, სადაც ალაგ-ალაგ გვიმრები და პალმის ჭალები გვხვდება, ხოლო მთების ფერდობები ტყეებითაა დაფარული, რომლებიც ადამიანის სამეურნეო საქმინაობის გამო საკამოდ შემცირდა. კუნძულის დაცვის მიზნით იგი ეროვნულ პარკად გამოცხადდა. კუნძულზე 100-ზე მეტი სახეობის მცენარე ხარობს, რომელთა უმრავლესობა უნიკალურია. მაგ; ხე ნალკა და პალმა ჩონთა, ასევე მრავლადაა სხვადასხვაგვარი ყვავილები და გვიმრები, რომლებიც მეტი არსად გვხვდება ჩვენს პლანეტაზე. ოდესღაც კუნძული ხშირი ტყეებით იყო დაფარული, მაგრამ დღეს მათი ნახვა მხოლოდ ზოგიერთი მთის ძნელად მისასვლელ მწვერვალებზეღაა შესაძლებელი. კუნძულის ნიადაგი ძალიან ნაყოფიერია, ხოლო მთელ კუნძულზე კრისტალური სისუფთავის ნაკადულები მიედინება.
კუნძულის სანაპირო წყლები მდიდარია ცოცხალი ორგანიზმებით. აქ შეხვდებით კუს, ზღვის ლომებს, ლანგუსტებს, სელაპებსა და სხვა თევზებს. ერთ დროს კუნძულზე თურმე იმდენი სელაპი ბინადრობდა, რომ კუნძულთან მიახლოება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მათ ნიჩბებით იგერიებდნენ. კუნძულის ბინადარია აგრეთვე თხა, რომლის ”წინაპარი” 1563 წელს ხუან-ფერნანდესმა შემოიყვანა.
1709 წლის 2 თებერვალს სწორედ კ. მას-ა- ტერას მიუახლოვდა ინგლისელთა ორი სამხედრო გემი – ”დიუკი” და ”დიუშესი”. ხანგრძლივი ცურვის შემდეგ ეკიპაჟებს დასვენება სჭირდებოდათ. 7 მეზღვაური და ოფიცერი კუნძულმდე პატარა ნავით მიცურდნენ და მალევე დაბრუნდნენ უკან თხის ტყავისგან დამზადებულ სამოსში გახვეულ მამაკაცთან ერთად, რომელსაც გრძელი თმა და წვერი ჰქონდა. სტუმარი უიმედოდ ცდილობდა კაპიტანისთვის რაღაცის ახსნას, მაგრამ მხოლოდ გაურკვევლ ბგერებს გამოსცემდა, რომელიც თითქოსდა ინგლისურს წააგავდა.
რამდენიმე ხნის შემდეგ მამაკაცმა თავისი საოცარი თავგადასავლის მოყოლა შესძლო. ეს იყო ვინმე ალექსანდრე სელკირკი, რომელიც 1676 წელს შოტლანდიის პატარა ქალაქ ლარგოში ღარიბი მეწაღის ოჯახში დაიბადა. 19 წლის ასაკში, მშობლებთან გაუთავებელი კონფლიქტის გამო, მან გვარი გამოიცვალა და უკვე სელკირკის გვარით სახლიდან წავიდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის მეზღვაურად მუშაობდა ინგლისის სამხედრო ფლოტის გემებზე. ერთხელაც მან მოისმინა, რომ სამეფოში ცნობილი მეკობრე დამპირი მეზღვაურებს ეძებდა თავისი გემისთვის. სელკირკსაც ბევრი არ უფიქრია და მასთან მისვლა გადაწყვიტა, თუმცა ის დამპირთან არა, მაგრამ მეორე გემის კაპიტანთან – პიკერინგთან მოხვდა.
1703 წლის სექტემბერში მეკობრეთა გემებმა სტარტი აიღეს. ეს იყო იმ დროისათვის ტიპური მძარველობითი მეკობრული რეისი. ესკადარა პერუს ნაპირებთან ერთმანეთის მიყოლებით იპყრობდა და ძარცვავდა ოქროთი და სხვა ძვირფასეულობით დატვირთულ ესპანურ გემებს, რომლებიც ევროპისკენ მიემართებოდნენ. მალე პიკერინგი გარდაიცვალა და გემის კაპიტანი ვინმე სტრედლინგი გახდა, რომელიც ვერ შეეწყო დამპირს და ამიტომ მას გამოეყო. გამჭრიახი სელკირკი იმ დროისათვის უკვე კაპიტან სტრედლინგის მეორე თანაშემწედ ითვლებოდა. 1704 წლის მაისში გემი შტორმში მოხვდა, დაზიანდა და ღუზა კ. მას-ა-ტერადან შორიახლოს ჩაუშვა. გემს კაპიტალური რემონტი ესაჭიროებოდა, ეს კი კაპიტანს არ სურდა. სწორედ ამიტომ მასსა და მის თანაშემწეს შორის კონფლიქტი მოხდა. შედეგად, სტრედლინგის ბრძანების თანახმად სელკირკი უკაცრიელ კუნძულზე გადასვეს და დატოვეს. მას მხოლოდ აუცილებელი ნივთები დაუტოვეს: იარაღი და ტყვიები, დანა, ცული, სათვალთვალო მილი, ცოტა თამბაქო და საბანი.
მართალია, თავიდან სელკირკი სასწარკვეთამ შეიპყრო, მაგარმ მალევე მიხვდა, რომ ეს მის დაღუპვას მოასწავებდა და საქმეს შეუდგა. ” მე მხოლოდ შრომამ გადამარჩინა” – ამბობდა მოგვიანებით მეზღავური. მან პატარა ქოხი ააშენა, კუნძულზე მოგზაურობისას მრავალი საკვებად ვარგისი და გემრიელი მცენარე იპოვა, რომლებიც თავის დროზე თავად ხუან-ფერნანდესმა დარგო. მოგვიანებით სელკირკმა თხებიც მოიშინაურა და ზღვის კუებეზე ნადირობა და თევზაობაც ისწავლა. ყოფილი მეზღვაური ცეცხლს ხახუნით აჩენდა, ხოლო ტანსაცმელს თხების ტყავისგან და საკუთარი ძალებით დამზადებული ლურსმნებით კერავდა. კუნძულზე ცხოვრებისას სელკირკმა სხვა სასარგებლო ნივთებთან ერთად საკუთარი კალენდარიც კი შექმნა.
ასე , სრულ მარტოობაში გაატარა ინგლისელმა უკაცრიელ კუნძულზე ზუსტად 5 წელი, სანამ შემთხვევით ამ კუნძულს ინგლისელი მეზღვაურები კაპიტან როჯერსის მეთაურობით არ ესტუმრნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას შემდეგ რაც სელკირკი კუნძულზე გადასვეს, სტრედლინგის გემი შტორმში მოხვდა, ხოლო მისი ეკიპაჟის გადარჩენილი წევრები ესპანელებმა დაატყვევეს. როჯერსი მოხიბლული იყო სელკირკის გამჭრიახობით, გამძლეობითა და უნარ-ჩვევებით და იგი თავის თანაშემწედ დანიშნა. ამგვრად, სელკირკი ისევ მეკობრულ საქმიანობას დაუბრუნდა.
1712 წელს სელკირკი სამშობლოში დაბრუნდა. იმავე წელს გამოვიდა კაპიტან როჯერსის წიგნი სათაურით ”კომერციული მოგზაურობა დედამიწის გარშემო” , რომელშიც მოკლედ იყო აღწერილი ინგლისელი მეზღვაურის თავგადასავალი. რამდენიმე ხნის შემდეგ კიდევ ერთი წიგნი გამოვიდა: ” ბედისწერის ჩარევა ანუ ალექსანდრე სელკირკის საოცარი თავგადასავლი”, რომელიც მან თავად დაწერა, სამწუხაროდ, ალექსანდრეს არ ჰქონდა მწერლობის ტალანტი და ამიტომ წიგნი თანამედროვეებს შორის წარმატებული არ იყო. მხოლოდ დანიელ დეფოს რომანმა, რომელიც 1917 წელს გამოვიდა, მოუტანა მეზღვაურს ნამდვილი აღიარება, წიგნი კი ბესტელერი გახდა. ახალი წიგნის სათაური საკმაოდ გრძელი იყო: ”ცხოვრება და საოცარი მოგზაურობა რობინზონ კურზოსი, მეზღავურისა იორკიდან, რომელმაც 28 წელი გაატარა უკაცრიელ კუნძულზე”. მიუხედავად იმისა, რომ წიგში მოთხრობილია ვინმე რობინზონ კრუზოს თავგადასავლი, ხოლო მისი კუნძულზე ყოფნის პერიოდი რამდნიმე წლით იყო გაზრდილი, წიგნის მთავარ გმირში მაშინვე იცნობოდა ალექსანდრე სელკირკი. მით უმეტეს, რომ წიგნის პირველ გამოცემაში ავტორი პირდაპირ ამბობდა: ” ჯერ კიდევ ჩვენს შორის არის ადამიანი, რომლის ცხოვრებაც გახდა ამ წიგნის დაწერის მიზეზი”.
ალექსანდრე სელკირკი 1723 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მის მშობლიურ ქალაქ ლარგოში, მისი გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე, სელკირკს ძეგლი დაუდგეს, ხოლო 1868 წელს კ. მას-ა-ტერაზე იმ მთაზე, საიდანაც სელკირკი გემებს უთვალთვალებდა მემორიალური დაფა დადგეს.
აღსანიშნავია, რომ კუნძულის ისტორიაც ისევე საინტრესოა, როგორც თავად სელკირკ-რობინზონის. აღმოჩნდა, რომ ალექსანდრე სულაც არ ყოფილა პირველი და უკანასკენლი რობინზონი ამ კუნძულზე. პირველი გადასახლებული მისი პირველაღმომჩენი – ზღვაოსანი ხუან-ფერნანდესია. კუნძულზე მან რამდენიმე წელი გაატარა და შემდეგ კონტინენტზე დაბრუნდა. სწორედ მისი ” სახსოვარია” კუნძულზე ბინადარი თხები, რომლებიც ისე სწრაფად გამრავლდნენ, რომ არც შემდგომი რობინზონები და არც თანამედროვე ადგილობრივი მონადირეები, თხის ხორცისა და რძის დეფიციტს არ განიცდიდნენ.
ოკეანეში დაკარგული დედამიწის ეს პატარა ნაგლეჯი საუკუნეების განმავლობაში ხელიდან ხელში გადადიოდა. მე-17 ს-ის 20-იან წლებში კუნძულზე საკამოდ დიდხანს ცხოვრობდნენ ჰოლანდიელი მეზღვაურები, ხოლო 1680 წლის იანვრიდან 1683 წლამდე აქ ინდიელი ვილიამი იმყოფებოდა, რომელიც უცნობი მიზეზების გამო ინგლისელმა მეკობრეებმა დატოვეს. სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ ეს ადამიანი გახდა დეფოს რომანის მეორე გმირის – პარასკევას პროტოტიპი. 1683 წლის 22 მარტს ვილიამი ბედის ირონიით ასევე ინგლისელმა მეკობრეებმა იპოვეს და თან წაიყვანეს.
შემდეგი რობინზონების ისტორია ძალიან სახალისოა. 1687 წელს კაპიტან დევისის ბრძანებით კუნძულზე ის ცხრა მეზღვაური გადასვეს, რომელბიც ”ზარს” თამაშობდნენ. მათაც მეტი რა უნდოდათ და კუნძულზე პრაქტიკულად მთელ დროს თამაშში ატარებდნენ. რადგანაც უკაცრიელ კუნძულზე ფულს არანაირი ფასი არ ჰქონდა, ამიტომ მათ კუნძული გაიყვეს და ამ მიწებზე თამაშობდნენ.
პერიოდულად კუნძულს ესპანელები სტუმრობდნენ და მისი მოთამაშე ბინადრების დაჭერას ცდილობდნენ. მეზღვაურთა უპრობლემო ცხოვრება 3 წელს გაგრძელდა. 14 წლის შემდეგ კი კუნძულის ბინადარი ა. სელკირკი გახდა. მის შემდგომაც, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში კუნძული მეკობრეების გასაჩერებელ ადგილს წარმოადგენადა. 1715 წელს კი აქ ესპანელებმა პატარა კოლონია დაარსეს, მაგრამ მიწისძვრის შედეგად მალევე განადგურდა.
მოგვიანებით, 1719 წელს კ. მას-ა-ტერაზე, რაღაც დროით ინგლისელების ფლოტიდან გამოქცეული დეზერტირები ცხოვრობდნენ. ერთი წლის შემდეგ ჩაძირული გემის ”სპიდუალის” ეკიპაჟის წევრები. 1750 წელს აქ ესპანელებმა ციხე-სიმაგრე ააშენეს, რომელმაც მოგვინებით ციხის ფუნქცია შეიძინა და აქ ჩილეს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ადამიანებს სვავდნენ. მიწისძვრამ ეს შენობაც დაანგრია და კუნძული ისევ გაუკაცრიელდა.
1855 წ. კუნძულზე ჩილედან მოსულმა კოლინისტებმა მორიგი დასახლება დაარსეს. ისინი მიწათმოქმედებას, თევზჭერასა და მესაქონლეობას მისდევდნენ და კუნძულზე საკონსერვო ფაბრიკაც კი ააშენეს. მე-19 ს-ის მიწურულს ჩილეს მთავრობამ საქვეყნოდ ცნობილი კუნძული არენდით მისცა შვეიცარელ ბიზნესმენს ბარონ დე როდტს, რომელმაც აქ ლანგუსტებზე ნადირობის ორგანიზება მოახდინა.
მშფოთვარე მე-20 საუკუნეში, ოკეანეში დაკარგული დედამიწის ეს პატარა ნაგლეჯი ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე აღმოჩნდა. 1915 წელს კუნძულის ნაპირებთან ინგლისელთა ფლოტმა გერმენელების კრეისერი ”დრეზდენი” ჩაძირა. მეორე მსოფლიო ომის დროს მას-ა-ტერასთან იაპონელი და გერმანელი წყალქვეშა ნავები და მსუბუქი კრეისერები იმალებოდნენ.
მოგვიანმებით ამერიკულმა კომპანიამ რობინზონ კრუზოს ცნობადობის გათვალისწინებით ტურისტებისთვის კუნძულზე სასტუმრო ააშენა. ასევე კუნძულის ხედებით ღია ბარათები გამოუშვა. ტურისტებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით ის გამოქვებული სარგებლობს, სადაც ვითომდა სელკირკი-რობინზონი ცხოვრობდა; ასევე ის ბორცვი, სიადანაც ის ოკეანეს გადაჰყურებდა. ამჟამდ, კ. მას-ა-ტერაზე ერთადერთი პატარა დასახლებული პუნქტია – სან-ხუან-ბატისტა, რომლის მოსახლეობა სულ რაღაც 500 კაცია. სხვათაშორის კუნძულის მცხოვრებთა უმეტესობას რობინზონი, პარასკევა და დანიელი ჰქვიათ. მართალია კუნძულზე არის სატელეფონო კავშირი და ინტერნეტი, ასევე მუშაობს ფოსტა, მაგრამ კუნძული მაინც საკმაოდ იზოლირებულია. პროდუქტებით დატვირთული გემი აქ წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოდის, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ კარგადაა განვითარებული საჰაერო მიმოსვლა.