ბრექსიტი (ინგ. Brexit) ორი სიტყვის, Britain-სა (ბრიტანეთი) და Exit-ის (გასვლა) ჰიბრიდია და ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის აღსანიშნავ ტერმინად გამოიყენება. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა გარკვეული ადამიანების და პოლიტიკური პარტიების პოლიტიკურ მიზანს და ინტერესებს წარმოადგენდა, ევროკავშირში ბრიტანეთის გაწევრიანების დღიდან.
ევროკავშირის წევრობის მოწინააღმდეგეები არგუმენტად ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში რთულ ეკონომიკურ სიტუაციას იყენებდნენ. მათი აზრით ევროკავშირი ბრიტანეთის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებდა, რადგან ორგანიზაციის მიერ ბიზნესისთვის უამრავი რეგულაცია იყო დაწესებული. ამასთან, ბრიტანეთი საწევრო გადასახადის სახით მილიარდობით ფუნტს იხდიდა, სამაგიეროდ კი არაფერ სარგებლოს არ იღებდა. გარდა ამისა, ევროკავშირი ბრიტანეთისგან სასაზღვრო კონტროლის გაუქმებას მოითხოვდა, რადგან ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ შეუზღუდავი გადაადგილების უფლებაა. ევროკავშირის დატოვების მომხრეების აზრით კავშირის არსებობის მთავარი მიზანი ევროპის შეერთებული შტატების შექმნა იყო და ისინი ამ იდეას ეწინააღმდეგებოდნენ.
გაერთიანებულ სამეფოში პირველი რეფერენდუმი1975 წლის 6 იანვარს ჩატარდა და ამომრჩეველების კითხვაზე: “ფიქრობთ თუ არა, რომ დიდი ბრიტანეთი უნდა დარჩეს ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებაში?” – ბრიტანეთის საარჩევნო ოლქებში პასუხის უმრავლესობა ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო. წევრობას ასევე მხარს უჭერდა ბრიტანეთის ძირითადი პოლიტიკური პარტიები და მასმედია.
2012 წელს, ბრიტანეთის იმდროინდეკლმა პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა უარი განაცხადა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ჩასატარებელ რეფერენდუმზე, მაგრამ წამოაყენა იდეა გაეზომათ საზოგადოების მხარდაჭერა, რათა დაედგინათ საჭირო იყო თუ არა სამომავლოდ რეფერენდუმის ჩატარება. საზოგადოებირვი აზრი, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის ან გასვლის შესახებ მუდმივად იცვლებოდა. 2015 წლის ანალიზით ახალგაზრდა ამომრჩევლების უმრავლესობა მხარს უჭერდა ევროკავშირის წევრობას, ხოლო უფროსი თაობის წარმომადგენლები კი გასვლის მხარდაჭერები იყვნენ.
ბრექსიტის მომხრეების და მოწინააღმდეგების არგუმენტები
ქვეყანაში წინასარეფერენდუმო პერიოდი უმძიმესი პოლიტიკურ-სოციალური ექსცესების ფონზე მიმდინარეობდა. საზოგადოება გახლეჩილი იყო მომხრე-მოწინააღმდეგეებად, კამათი და დიალოგი აბსოლუტურად ყველა სოციალური ფენისა თუ ინტერესების მქონე ჯგუფებს შორის უმწვავესი დაძაბულობის ფონზე მიდიოდა.
ბრექსიტის მომხრეების არგუმენტები, ძირითადად, ოთხ პუნქტად იყო ჩამოყალიბებული:
1. დიდი ბრიტანეთი მესამე ყველაზე დიდი ნეტოგადამხდელი ქვეყანაა ევროკავშირის ბიუჯეტში. მათი აზრით, ეს ჰაერში გაშვებული 5 მილიარდია;
2. ევროკავშირის ქვეყნებიდან ემიგრირებულები ადამიანები ამძიმებენ ქვეყნის სოციალურ სისტემას: ბრიტანეთში დაახლოებით 3,3 მილიონი ევროკავშირის მოქალაქეა ემიგრირებული, რომლთა დიდი ნაწილი ადგილობრივებს ართმევს სამუშაო ადგილებს.
3. ლტოლვილთა კრიზისი მათ მიერ აღქმულია, როგორც ევროკავშირის მიერ ინიცირებული პრობლემა. თურქეთის ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივის სრული მიუღებლობა.
4. ევროკავშირი აღიქმება,როგორც დიდი ბიუროკრატიული მონსტრი, რომელიც ბრიტანეთის ეროვნულ სუვერენიტეტს აზიანებს.
ევროკავშირში დარჩენის მომხრეები მიიჩნევენ, რომ წევრობას ბევრი სარგებელი აქვს, აადვილებს ვაჭრობას ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან, ხოლო მიგრანტები, რომელთა უმრავლესობაც ახალგაზრდა პროფესიონალები არიან, ეკონომიკის ზრდას იწვევენ. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ბრექსიტის შემთხვევაში ბრიტანეთის საერთაშორისო იმიჯი დაზარალდება. ბრიტანელი ეკონომისტების ნაწილის აზრით, ქვეყანა ბევრ სარგებელს იღებს ევროკავშირის წევრობით. მაგალითად, მთელი ევროპის გარშემო ერთი სახის რეგულაციები კომპანიებს აძლევთ საშუალებას მხოლოდ ერთი კორპორატიული შტაბ-ბინა ჰქონდეთ მთელი ევროპული ოპერაციებისთვის და რადგან ინგლისური ყველაზე პოპულარული საერთაშორისო ენაა, ბევრი ევროპული კომპანია თავიანთ სათავო ოფისებს ლონდონში ათავსებს, რაც ქმნის სამუშაო ადგილს და დოვლათს ადგილობრივ ეკონომიკაში.
ბრექსიტის მოწინააღმდეგები მოსახლეობას ძირითადად ეკონომიკური შედეგების შესახებ აფრთხილებდნენ . მაგალითად, ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, ბრექსიტის შემდეგყოველი ბრიტანული ოჯახი წელიწადში 4300 ფუნტს დაკარგავს; 2020 წლისათვის ეკონომიკური ზარალი სავარაუდოდ 100 მილიარდი ფუნტის მიაღწევს; საფრთხე შეექმნება 950 000 სამუშო ადგილს, განსაკუთრებით კი მძიმე იქნება მდომარეობა ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში; ბევრი კომპანია და ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა; შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.
ბრექსიტის შედეგები
2016 წლის 23 ივნისის რეფერენდუმში მცირე უპირატესობით ბრიტანელებმა ბრექსიტს მისცეს ხმა: ამომრჩეველთა 51,9 %-მა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირდან გამოსვლას, 48,1 %-მა კი – ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი.
მომავალში ბრექსიტი დიდ ბრიტანეთსა და კონტინენტურ ევროპაში სერიოზული, ცვლილებების მომტანი იქნება და ეს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, თუ გეოპოლიტიკურ პროცესებს შეეხება. ვაჭრობის სფეროში თავისუფალი ბაზარი, რასაკვირველია, დარჩება, თუმცა, ევროპულ ბაზარზე მოხდება ბრიტანული საქონლის მიწოდების შეზღუდვა, ან ამ უფლებისათვის მათ უფრო მეტის გადახდა მოუწევთ ევროკავშირის ბიუჯეტში. ისევე როგორც პირიქით, ეს პროცესები ძალიან დამაზიანებელი იქნება კონტინენტური ევროპის ქვეყნებისთვისაც. გერმანიისათვის დიდი ბრიტანეთი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია ევროპაში. ლონდონი, როგორც ფინანსური მეტროპოლი, დაკარგავს ევროკავშირთან დაკავშირებულ ინსტრუმენტებსაც, მას „ჩამოართმევენ“ ამ დატვირთვას, რაც, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების შემცირების ხარჯზე მოხდება. ასევე, თუ ლონდონი შეზღუდავს ევროკავშირიდან მიგრაციის პროცესებს, ანალოგიურ საწინააღმდეგო დინებებსაც უნდა ელოდოს მეორე მხრიდანაც. ბრიტანეთში მცხოვრებ ევროკავშირის მოქალაქეებს და ევროკავშირში მცხოვრებ ბრიტანელებს, მოუწევთ საიმიგრაციო სტატუსის შეცვლა. ხოლო ევროკავშირსადა გაერთიანებულ სამეფოში ოპერაციების მქონე ყველა კომპანიას მოუწევს კანონების ორ პაკეტზე გადაწყობა, შესაბამისი ზონების მიხედვით.
დაბრუნების პერსპექტივა
იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი ევროკავშირში დაბრუნებას გადაწყვეტს, მას წევრობისთვის საჭირო სხვადასხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევს: მაგალითად, სავალდებულო იქნება ეროვნულ ვალუტაზე უარის თქმა და ევროს დანერგვა, თუმცა ბრიტანეთს შეიძლება ჰქონდეს ბერკეტები და მომავალში, ევროკავშირში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, ეს ვალდებულება თავიდან აიცილოს.