გარემო, ფართო გაგებით, ნიშნავს საგნის გარემოცვას, ანუ იმ პირობებისა და გარემოებათა ერთობლიობას, რომელიც ამ საგანზე ზემოქმედებას ახდენენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით ცნებაში „გარემო” იგულისხმება არა მხოლოდ ადამიანის ორგანიზმზე პათოლოგიური ზემოქმედების მქონე, გარეშე ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორები და ბუნებრივი გარემოს კომპონენტები, მაგალითად ატმოსფერო, ნიადაგი და წყალი, არამედ ასევე (ხშირად არაპირდაპირი ზემოქმედების მქონე) საცხოვრებელი გარემოს ელემენტები, როგორიც არის: შენობები, სამუშაო და გასართობი ადგილები.
გარემოს შესაძლო ფორმებია: ბუნებრივი გარემო – დედამიწაზე ბუნებრივად არსებული ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება; სოციალური გარემო – საზოგადოება, რომელშიც ინდივიდი ცხოვრობს; ბიზნეს გარემო – ბიზნესის ფუნქციონირების პირობები და სხვა.
ბუნებრივი გარემო დედამიწის გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ბუნებრივად და ხელოვნურად წარმოქმნილ ელემენტებს და ქმნის ბუნებრივ ლანდშაფტებს. ფართო გაგებით, ბუნებრივი გარემოს ნაწილია მთლიანად კაცობრიობა და მასთან დაკავშირებული ბუნებრივი რესურსები, ჰაერი, წყალი, მიწა, ფლორა, ფაუნა. თითოეული ეს ბუნებრივი ელემენტი ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულებაში იმყოფება.
ბუნებრივ გარემოში ადამიანის სამეურნეო საქმიანობას აქვს როგორც აღმშენებლობითი, ისე დამანგრეველი ხასიათი, რაც ბუნების ყველა ელემენტს -რელიეფს, ჰავას, წყლებს, ნიადაგებს, ორგანულ სამყაროსა და მთლიანობაში ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებს ეხება.
გარემოს დაცვა ყველა იმ ღონისძიებას მოიცავს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა და გარემოზე ზემოქმედება. ცხოველთა და ბუნების დაცვისაგან განსხვავებით, გარემოს დაცვა კონცენტრირდება არა გარკვეული ლანდშაფტების ან ცალკეული საფრთხეში მყოფი ცხოველებისა თუ მცენარეების დაცვაზე, არამედ ზრუნავს ბუნებრივი სასიცოცხლო საფუძვლების ერთი მთლიანობის შენარჩუნებაზე ყველა ცოცხალი არსების კეთილდღეობისათვის.
საინტერესოა, რომ გარემოს დაზიანების პირველსაწყისები უკვე უძველეს წარსულში შეინიშნებოდა. მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის დაწყებას გარემოს შეცვალა მოყვა: ბალახი, ბუჩქები და ტყეების ქვედა იარუსის მცენარეები შინაურმა ცხოველებმა გადაჭამეს, ასევე მიწათმოქმედების წინაპირობების შექმნამ ფართომასშტაბიანი ეროზიები გამოიწვია. მოგვიანებით, ბერძნულ და რომაულ ანტიკურ პერიოდში, საწვავი და გემთმშენებლობისათვის საჭირო საშენი მასალების მოსაპოვებლად ხმელთაშუა ზღვის აუზში მრავალი მთის ფერდობზე გაიჩეხა ტყე და ამის შედეგად გამოწვეული გახრიოკებული ლანდშაფტების ნახვა დღესაც შეიძლება. თუმცა იმ დროს ეს ადრეული გარემოს დაზიანებები, ძირითადად, რეგიონალურად იყო შემოსაზღვრული.
დღეს, უკვე არსებობს მსოფლიო მასშტაბების ნგრევის და ადამიანის სასიცოცხლო საფუძვლების განადგურების საფრთხე. ასეთი გლობალური გავლენის მაგალითებია: კლიმატის ცვლილება, ოზონის შრის დაზიანება, ეკვატორული და ბორეალური ტყეების განადგურება, მსოფლიო ოკეანის დაბინძურება და სხვ. გარემოს დაზიანების ნაციონალური და რეგიონალური შედეგების მაგალითებია: ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გადაშენება, ნიადაგის დაბინძურება, ეროზია და დეგრდაცია, ნარჩენების პრობლემა, ჰაერში მომწამლავი ნივთიერებების შემცველობის ზრდა, მძიმე მეტალებითა და პესტიციდებით დაბინძურებული საკვები და ზრდადი ხმაური და სხვ.
ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრება ადმიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. ამ უფლების დაცვა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცნებაში „გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა” ადამიანის ჯანმრთელობისა და ავადობის იმ ასპექტებს გულისხმობს, რომლებიც განპირობებულია გარემო ფაქტორებით. ამ ცნების ქვეშ ასევე მოიაზრება ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური ზემოქმედების მქონე გარემო ფაქტორების შეფასებისა და კონტროლის განხორციელება.
გარემოს დაცვისა და განვითარების კომისიის ანგარიშში გარემოსდაცვითი პრობლემატიკისა და უსაფრთხოების კავშირი პირველად 1987 წელს გამოიკვეთა ასეთი ჩანაწერის სახით: „კაცობრიობას ორი ძირითადი საფრთხე ემუქრება: პირველი, ეს არის ატომური იარაღის გამოყენება – იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში ეს პერსპექტივა აღარ იარსებებს და მეორე საფრთხე, მსოფლიოს გარემოს დეგრადაცია და ეს არ არის მომავლის პერსპექტივა, ეს ფაქტია დღეს“. გაეროს 42-ე გენერალურმა ასამბლეამ ოფიციალურად შემოიტანა უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კონცეფცია. ამ კონცეფციის თანახმად, მსოფლიოში არსებული გლობალური საფრთხეებიდან, რომელიც მნიშვნელოვნად ემუქრება საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის გარემოს დეგრადაცია და მისი თანამდევი პრობლემები.
2004 წელს, გაერთიანებული ერების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „უფრო უსაფრთხო მსოფლიო: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა“ ხაზი გაესვა იმას, რომ აუცილებელია პრობლემათა გადაჭრისადმი ერთიანი მიდგომის შემუშავება. მსოფლიო ჯერ კიდევ არ არის მზად შეხედოს განვითარების პრობლემებს ინტეგრირებულად და თანმიმდევრულად.
ამჟამად, სიღარიბესთან, გადამდებ დაავადებებსა და გარემო დეგრადაციასთან ბრძოლა ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს. მაგალითად, უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, დაახლოებით, 2 მილიარდმა ადამიანმა განიცადა ბუნებრივი კატასტროფების ზეგავლენა, ხოლო ამ ბუნებრივი კატასტროფების შედეგად წარმოშობილმა ეკონომიკურმა ზარალმა წინა 4 ათეული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს გადააჭარბა. პროგნოზების თანახმად კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო გაამძაფრებს, როგორც ბუნებრივი კატასტროფების სიხშირესა და სიმძიმეს, ასევე საკმაოდ უარყოფითი ზეგავლენა ექნება, როგორც სიღარიბის, ასევე გადამდები დაავადების ზრდაზე. აქედან გამომდინარე უდავოა, რომ საჭიროა პრობლემათა გადაჭრის ინტეგრირებული გზების ძიება.
დღევანდელი თვალსაზრისით, გარემოსდაცვითი უსაფრთხოება განსაზღვრავს ქვეყნის და საზოგადოების უნარს გადაიტანოს და/ან წინ აღუდგეს გარემოსდაცვითი რესურსების სიმწირეს, შეუქცევად გარემოსდაცვით ცვლილებებს ან ბუნებრივი რესურსების გამო წარმოშობილ დაძაბულობასა და კონფლიქტებს. გარემოს დეგრადაციამ, ბუნებრივი რესურსების და ეკოსისტემების არარაციონალურმა მოხმარებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას თემებსა და ერებს, ხოლო კონკურენცია სწრაფად ამოწურვად ისეთ რესურსებზე, როგორიცაა ტყეები, მტკნარი წყალი, ნაყოფიერი ნიადაგები, კლიმატის ცვლილების ზეგავლენა დ ადამიანთა მიგრაცია – საფრთხეს უქმნის სტაბილურობასა და მშვიდობას.
ტრანსასაზღვრო დაბინძურება და/ან გარემოსდაცვითი ავარიები და კატასტროფები ხშირად უარყოფითად მოქმედებს მეზობელ სახელმწიფოებზე. თუმცა, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისას წამოჭრილმა პრობლემებმა ასევე შეიძლება გააერთიანოს ადამიანები და თემები, რათა ერთობლივად გამოასწორონ ბუნებრივი რესურსების მართვა. შესაბამისად, თანამშრომლობა გარემოს დაცვის კუთხით შეიძლება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდეს კონფლიქტების პრევენციასა და ერებსა და თემებს შორის მშვიდობის დამყარებაში.