გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

პოლონეთი

პოლონეთის რესპუბლიკა აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს და ფართობის მიხედვით (312 658 კვ.კმ) კონტინენტზე მე-9 , ხოლო მსოფლიოში 69-ე ადგილი უკავია. ქვეყნის საზღვრების საერთო სიგრძე 3528 კმ-ია, აქედან 528 კმ საზღვაოა, დანარჩენი კი – სახმელეთო.

პოლონეთის რელიეფი მეტად მრავალფეროვანია. მისი ტერიტორიის დაახლოებით54,2%ზღვის დონიდან 150 მ. სიმაღლეზე მდებარეობს, 36,9% – 150-დან 300 მ სიმაღლემდე, 5,7%– 300-დან 500 მ-მდე და 2,9 % 500-დან 1000 მ-მდე. ქვეყნის ჩრდილოეთ დაცენტრალურ ნაწილში დაბლობები ჭარბობს. ბალტიის ზღვის სანაპიროკილამაზი, ქვიშიანი და ფართო პლაჟებითაა წარმოდგენილი. პოლონეთის უდიდესი მდინარეებია ვისლა და ოდრა, რომლებიც სათავეს კარპატებისა და სუდეტების მთებში იღებენ.

თანამდეროვე პოლონეთის ტერიტორია უძველესი დროიდანაა დასახლებული, რადგან მისი ნაყოფიერი მიწები იქ ცხოვრებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მეტად ხელსაყრელი იყო. მე-10 საუკუნეში პოლონელებმა მეზობელი ტომები შემოიკრიბეს და პირველი სახელმწიფო შექმნეს, ხოლო 966 წლიდან ქრისტიანობა მიიღეს. სიტყვა პოლონეთი polanie-ს ტომების სახელიდან მოდის და ნიშნავს „ხალხს, რომლებიც ღია მინდორში ცხოვრობენ“.

პოლონეთი ეთნიკურად ერთეროვანი სახელმწიფოა. ქვეყნის ტერიტორიაზე მცირე რაოდენობით ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები: უკრაინელები, ბელორუსები, სლოვენები, ლიტველები და გერმანელები. სლავურ ენებს შორის კი პოლონური მეორე ენაა მოლაპარაკეთა რაოდენობის მიხედვით რუსულის შემდეგ. 60 მილიონი პოლონელიდან დაახლოებით 35% საზღვარგარეთ ცხოვრობს. დიდი პოლონური დიასპორებია აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ავსტრალიაში, ბრაზილიასა და არგენტინაში.

პოლონელები ღრმად მორწმუნე ხალხია. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ პოლონეთს ეკლესიების ქვეყანას უწოდებენ. ალბათ გარკვეულწილად სწორედ რწმენა დაეხმარა პოლონელებს, რომ გასული საუკუნის ტრაგიკული მოვლენებისთვის გაეძლოთ. მეორე მსოფლიო ომმაღრმა კვალი დატოვა პოლონეთის ისტორიაში.იმის გასააზრებლად, თუ რა ხდებოდა იმ პერიოდში, ყველაზე კარგად ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი მეტყველებს.ეს მართლაც შემზარავი ადგილია, მაგრამ ამავე დროსევროპის წარსულის განუყოფელი ნაწილიცაა.ოსვენციმში დაახლოებით 4 მლნ. ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა ებრაელი იყო. ათასობით ტუსაღი სამედიცინო ექსპერიმენტების მსხვერპლი გახდა, ხოლო ბანაკში დაბადებულ ბავშვებს მაშინვე წყალში ახრჩობდნენ. ოსვენციმის ტუსაღები 1945 წელს გაათავისუფლეს. დღეს აქ მუზეუმია გახსნილი, სადაც დაღუპულთა ფოტოები და პირადი ნივთები ინახება.

მეორე მსოფლიო ომამდე პოლონეთი ებრაელების ევროპულ ცენტრად ითვლებოდა. აქ დაახლოებით 3.3 მლნ. ებრაელი ცხოვრობდა. 450 ათასმა პოლონელმა ჰოლოკოსტის დროს ებრაელები სიკვდილისგან იხსნა. ნაცისტების მიერ ოკუპირებული პოლონეთი ერთადერთი ტერიტორია იყო, სადაც ებრაელების დახმარება ოფიციალურად ისჯებოდა სიკვდილით. დაახლოებით 50 ათასი პოლონელი სწორედ ებრაელების გადარჩენის გამო ნაცისტებმა სიკვდილით დასაჯეს. დღეს პოლონეთი ევროკავშირისა და ნატო-ის წევრი ქვეყანაა.

პოლონეთსსასახლეების,ციხე-სიმაგრეებისა და მოედნების ქვეყანასაც უწოდებენ.პრაქტიკულად ყველა მსხვილ ქალაქსთავისი ღირშესანიშნაობა აქვსდა თანაც არაერთი.ვარშავაში ეს სასახლის მოედანი და სამეფო სასახლეა, კრაკოვში –ვაველის ციხე-სიმაგრის კომპლექსი დამარიაცკის ეკლესია, პოზნანში – ძველი ბაზარი.საერთოდაც პოლონეთი ძალიან ფოტოგენური ქვეყანაა: აქ ყოველ ნაბიჯზეშეიძლება შეხვდეთ არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშებს. ამიტომ თუ პოლონეთში მოგზაურობას გადაწყვეტთ, თქვენი დრო არა რომელიმე კონკრეტული ობიექტის მონახულებას დაუთმეთ, არამედ მთლიანად ქალაქში ვიზიტს.

პოლონეთს შეუძლია, იამაყოს ნობელის პრემიის თავისი 17 ლაურეატით (ამით იგი აღემატება იაპონიას, ჩინეთს, ინდოეთსა და ავსტრალიას), მათ შორის 4 მშვიდობის დარგშია პრემიის მფლობელი, ხოლო 5 ლიტერატურის დარგში. პოლონეთში დაბადებული მარია კიური (მარია სკლოდოვსკაია) პირველი და ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ნობელის პრემია ორ სხვადასხვა დარგში მიიღო და ასევე პირველი ქალი-პროფესორია სორბონის უნივერსიტეტში.

264-ე რომის პაპი იოანე პავლე მეორე (კაროლ ვოიტილა) ერთადერთი პოლონელი პაპი იყო. მისი პაპად ყოფნის პერიოდი (1978-2005 წ.წ.) რომის პაპების ისტორიაში ხანგრძლივობის მიხედვით მეორეა. მისი სახლი ვადოვიცეში, კრაკოვთან ახლოს, ამჟამად მომლოცველთა ადგილს წარმოადგენს.

პოლონეთი მსოფლიოში ქარვის ყველაზე დიდი ექსპორტიორია. ქვეყანა უძველესი დროიდანაა განთქმული ქარვით, რომელიც 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქარვის გზით ბალტიის ზღვიდან ადრიატიკის ზღვამდე გადაჰქონდათ. ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი გდანსკი დღესაც ქარვის მაღაზიების ქსელითაა ცნობილი.

პოლონეთი „ევროპის არყის სარტყელში“ შედის. არყის წარმოების ისტორია ქვეყანაში 500 წელზე მეტს ითვლის. პირველი პოლონური არაყი მე-11 საუკუნეში გაჩნდა. მას „gorzalks“ ერქვა და ისე იყენებდნენ, როგორც წამალს. სხვათა შორის, პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში მდებარეობს ევროპაში ყველაზე ძველი რესტორანი „Piwnica Świdnicka“. ის ჯერ კიდევ 1275 წელს გაიხსნა.

პოლონეთის ქალაქები გდანსკი, ტორუნი, ვროცლავი და ჩენსტოხოვო დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის. ეს უკანასკნელი ევროპაში მომლოცველთა ერთ-ერთი მთავარი ცენტრია. აქ, იასნოგორსკის მონასტერში ღვთისშობლის ჩენსტოხოვოს სასწაულმოქმედი ხატი ინახება. ითვლება, რომ ხატი წმინდა ლუკამ, ევანგელიის ერთ-ერთმა ავტორმა დაწერა. ხატი ძვირფასი თვლებითაა შემკული, რომლებიც მას განკურნებულმა მორწმუნეებმა შესწირეს.

იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში პოლონეთის რამდენიმე ძეგლია შესული. ესენია: ვარშავის ძველი ქალაქი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნანგრევებიდან აღადგინეს. ქალაქის რეკონსტრუქცია ძველი გეგმების, სურათებისა და აღწერების მიხედვით ხდებოდა. შედეგად დანგრეული კვარტლის ადგილას არტიტექტურული კომპლექსი შეიქმნა, რომელიც შუასაუკუნეების ორიგინალს უფრო ჰგავს, ვიდრე ომამდელს.

კრაკოვის ოფიციალური სახელწოდება – სამეფო დედაქალაქია (Stołeczne Królewskie Miasto Kraków), თუმცა მას რას აღარ ეძახიან – პოლონეთის კულტურული დედაქალაქი, ტურისტული დედაქალაქი, პოლონეთის ათენი და ა.შ. კრაკოვის თითოეული ქუჩა და ისტორიული ძეგლი გულითადად ინახავს და გადმოსცემს პოლონეთის ისტორიას დაარსების დღიდან დღემდე. კრაკოვი პოლონეთის ქალაქებიდან ერთ-ერთი ულამაზასია. მის ძველ დასახლებებს პოლონელები „სტარი რინოკს“ უწოდებენ და ეს ადგილები სწორედ რომ სიძველისა და სილამაზის სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს. თუ ვაველი კრაკოვის და მთლიანად პოლონეთის სულს განასახიერებს, მაშინ კრაკოვის გული – ძველი ქალაქია. იუნესკო-ის ნუსხაში ასევე შესულია კრაკოვთან მდებარე ხელოსნების ძველი დასახლებები სტრადომი და კაზიმეჟი, ოდესღაც პოლონელი ებრაელების ქალაქები.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზეძველი მარილის მაღარო – ველიჩკა – მე-13 საუკუნიდან მოქმედებს. ველიჩკას მარილის საბადოები შვიდსართულიანი მიწისქვეშა ქალაქია და კორიდორებისა და გალერეებისგან შედგება, რომელთა საერთო სიგრძე 200 კმ-ია. ტურისტული მარშრუტი სამ დონეზე გადის და მარილისგან შექმნილ ძეგლებს, დარბაზებსა და ტბებს მიუყვება. 100 მეტრსიღრმეზე აქ ბანკეტებსა და სადღესასწაულო მეჯლისებსაც კი აწყობენ.

შუა საუკუნეების ქალაქი ტორუნი ასეულობით გოთიკური სტილის სახლითაა ცნობილი. მათ შორისაა ის სახლიც, რომელშიც ნიკოლოზ კოპერნიკი დაიბადა. სწორედ მან პირველმა წამოაყენა მსოფლიოს ჰელიოცენტრული სისტემის მოდელი და ამტკიცებდა, რომ დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს და არა პირიქით, როგორც ეს ადრე მიაჩნდათ.

ბელოვეჟის ეროვნული ნაკრძალი ორი სახელმწიფოს – პოლონეთისა და ბელარუსიის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი ყველაზე მსხვილი ტყის მასივია ცენტრალურ ევროპაში, რომელიც ბუნებრივი სახითაა შენარჩუნებული. ბელოვეჟის ნაკრძალის სიმბოლოა ზუბრი – ევროპის ყველაზე დიდი ცხოველი. იუნესკოს სიაში ასევე შესულია „ჯვაროსანთა სასახლე“ მალბორკში,ციხე-ქალაქი – ზამოსცი და ოსვენციმი.

და ბოლოს, ორიოდე სიტყვა ჩემს საყვარელ საუნივერსიტეტო ქალაქ ლოძიზე, სადაც გასული საუკუნის 80-იან წლბეში ვსწავლობდი აგცვლითი პროგრამით. ლოძი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მესამე ქალაქი პოლონეთში. იგი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ვარშავის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და მისგან 120 კმ.-ითაა დაშორებული. ლოძი პოლონეთის მსუბუქი და ელექტრონული მრეწველობის ცენტრად ითვლება.