პანტანალი ნაკრძალია ბრაზილიაში და მატუ-გროსუ-დუ-სულის შტატში მდებარეობს, ასევე ვრცელდება ბოლივიისა და პარაგვაის ტერიტორიებზეც. იგი წარმოადგენს ნესტიან ტერიტორიას და უდიდესია მსოფლიოში ამ სახის ლანდშაფტებს შორის. მისი ფართობი მერყეობს 140. 000 კმ²-სა და 195. 000 კმ²-ს შორის. აქ გვხვდება ცვალებადი სუბრეგიონული ეკოსისტემა და თითოეულისთვის დამახასიათებელია სპეციფიკური ჰიდროლოგიური, გეოლოგიური თუ ეკოლოგიური თავისებურებანი. მათ შორის 12 ეკოსისტემა ბრაზილიის მხარის მიერ უკვე განსაზღვრულია.
პანტანალის ტბორების 80% წვიმიანი სეზონისას წყლით ივსება. ამ ტბებში იზრდება განსაცვიფრებელი სილამაზის უამრავი წყალმცენარე.
უდავოა, რომ პანტანალის ნაკრძალი ვერ შეედრება მის ჩრდილოეთით მდებარე ამაზონის წვიმიან ტყეებს, მაგრამ მათი ეკოსისტემები ერთნაირად ძვირფასია.
![პანტანალი ჭაობი](https://i0.wp.com/geography.ge/wp-content/uploads/2023/11/sunset-2847590_1280.jpg?resize=1024%2C596&ssl=1)
პანტანალის ეკოსისტემაში ბინადრობს 1000 სახეობის ფრინველი, 400 სახეობის თევზი, 300 სახეობის ძუძუმწოვარი, 480 სახეობის რეპტილია და 9000-მდე სახეობის სხვადასხვა უხერხემლო ცხოველი. ეს ნაკრძალი ასევე 3 500 სახეობის მცენარის სამშობლოა.