ნაირობი კენიის დედაქალაქი და აღმოსავლეთი აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია. მასაის ტომის ენაზე მისი სახელი ნიშნავს “ცივი წყლის ადგილს” ან “ცივ ნაკადულს”. ქალაქად ქცევამდე ნაირობი აფრიკის ცენტრიდან აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიმავალი ქარავნების შესვენების ადგილი და პატარა ოაზისი იყო. 1899 წელს აქ რკინიგზის დეპო აშენდა, 1907 წლისთვის კი ბრიტანელების წყალობით სავანაში ჩაკარგული პატარა ქალაქი მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს მეგაპოლისად და ბრიტანული აღმოსავლეთი აფრიკის დედაქალაქად იქცა.
დღეს ნაირობის მდიდარი ისტორია და ტომობრივი კულტურა მის შესანიშნავ მუზეუმებში ცოცხლობს. ეს ქალაქი არა მხოლოდ კენიის, არამედ მთელი აფრიკის უდიდესი სატრანსპორტო კვანძია. ნაირობი ცნობილია თავისი ფანტასტიკური საფარით, მუზეუმებითა და მხიარული ატრაქციონებით. ნაირობიში ინგლისური გავლენა ყველგან იგრძნობა. ცენტრალურ მოედანსაც კი ამშვენებს საათის კოშკი, რომელიც ძლიერ წააგავს ლონდონის ბიგ ბენს. ადგილობრივი ტრადიციის თანახმად, თუ კოშკთან ახლოს მიხვალთ, მზის ენერგიით და ცხოვრებისეული სიბრძნით აივსებით. ეს კოსმოპოლიტური დედაქალაქი მსოფლიოში ერთადერთი ქალაქია, რომლის საზღვრებშიც მოქცეულია საფარის პარკი. ის კარიბჭეა კენიის მსოფლიოში ცნობილი საფარის პარკისთვის, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იზიდავდა თავგადასავლების მაძიებლებს. ნაირობის ცენტრში მდებარე ცათამბჯენებიდან შეგიძლიათ აფრიკის ველური ბუნებით დატკბეთ.
ნაირობი ქალაქებს კამპალასა და მომბასას შორის მდებარეობს. მის დასავლეთით მდებარე ნგონგის ბორცვები ყველაზე მაღალი წერტილია ნაირობიში. ქალაქის ჩრდილოეთით აღმართულია კენიის მთა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით -კილიმანჯარო. მზიან ამინდში ორივე მთა შესანიშნავად მოჩანს ნაირობიდან. ნაირობი აღმოსავლეთი აფრიკის რღვევის ხაზის მახლობლად მდებარეობს, ამიტომ მის შორიახლოს პერიოდულად ხდება მცირე მიწისძვრები და მიწისქვეშა ბიძგები. აქაური კლიმატი ზომიერია, ამინდი მთელი წლის განმავლობაში თითქმის ერთნაირია, რადგან ქვეყანა ეკვატორის ახლოს მდებარეობს. დედაქალაქში ყველაზე ცივი სეზონი ორი თვე გრძელდება – ივლისიდან აგვისტომდე. ამ პერიოდში საშუალო დღიური ტემპერატურა 16-18 გრადუსია ცელსიუსით. ყველაზე ცხელი პერიოდი იანვრიდან მარტის ბოლომდე გრძელდება და ტემპერატურა 34 გრადუსს აღწევს. სამოგზაუროდ ყველაზე არსასურველ სეზონად მიიჩნევა შემოდგომის დასაწყისიდან ზამთრის დასაწყისამდე პერიოდი, როდესაც აქ წვიმების სეზონი იწყება.
ნაირობი აფრიკის ფინანსური დედაქალაქი და ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქალაქია. ნაირობი ახალგაზრდა ქალაქია. მისი მოსახლეობაც ახალგაზრდაა. კენიელების საშუალო ასაკი 28 წელია. სიბერემდე თითქმის ვერავინ აღწევს. ქვეყანაში ჯანდაცვის კუთხით სიტუაცია საუკეთესო ნამდვილად არ არის. შესაძლოა რამდენიმე ათასი კილომეტრი ისე გაიაროთ, რომ ვერც ერთ სოფელში, ვერც ერთ დასახლებულ პუნქტში ვერ იპოვოთ არათუ საავადმყოფო, პირველადი სამედიცინო დახმარების სამსახურიც კი. კენიაში 10 000 კაცზე მხოლოდ ერთი ექიმი მოდის.
დღეს კენია შიდსით დაავადებულთა რაოდენობით მესამეა მსოფლიოში. დაავადებას ქვეყანაში ყოველდღე 420 ადამიანი ეწირება. კენიელების ცხოვრების წესი ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას. სიდიდით მესამე წარმართულ ტომში, ლუოში, მრავალი საუკუნეა გავრცელებულია მრავალცოლიანობა. შიდსი კენიაში უკვე გამოცხადებულია ეროვნულ კატასტროფად. არსებობს ვერსია, რომ მისი ვირუსი მაიმუნისგან გადაეცა ადამიანს. მაიმუნები მას ასეულობით ათასი წლის განმავლობაში ატარებდნენ, ადგილობრივი მოსახლეობა კი მაიმუნების ხორცის ჭამის შედეგად დაინფიცირდა. წინათ, როდესაც მოსახლეობა მცირე იზოლირებულ ჯგუფებად ცხოვრობდა, დაავადება არ სცდებოდა ტომის ფარგლებს., მაგრამ მასობრივი მიგრაციების დაწყებისთანავე ეპიდემიამ მთელი აფრიკა მოიცვა. მიჩნეულია, რომ ვირუსის ძირითადი გამავრცელებლები არიან სატვირთო მანქანების მძღოლები, რომლებიც მთელ აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში მოგზაურობენ. ყოფილი მეტროპოლია დღემდე ზრუნავს კენიაზე. გაერთიანებულმა სამეფომ გამოაცხადა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში კენიაში შიდსის ეპიდემიასთან ბრძოლისთვის 10 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს.
საზოგადოდ, კენიაში ყოფილი კოლონიზატორისადმი კარგი დამოკიდებულებაა. ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელმაც მოიპოვა სასურველი დამოუკიდებლობა, შეინარჩუნა მრავალი ინგლისური წესი. მაგალითად, რკინიგზის სადგურებს ჯერ კიდევ აქვთ ცალკე გასასვლელი პირველი, მეორე და მესამე კლასის მგზავრებისთვის. მატარებლების განრიგიც კი არ შეცვლილა. კენიელები ამაყობენ ბრიტანელი კოლონისტების შთამომავლებით, რომლებიც ქვეყანაში რჩებიან. ნაირობის გარეუბანში დგას ინგლისელი დავით დუნკანის მიერ XIX საუკუნეში აშენებული კოლონიური სტილის სასახლე.
ნაირობის ეროვნული პარკი ქალაქის ცათამბჯენებიდან სულ შვიდიოდე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. პარკში 50-ზე მეტი მარტორქა ცხოვრობს. გადაშენების პირას მყოფ ამ ცხოველებთან ერთად პარკში ბინადრობენ ლომები, გაზელები, კამეჩები, ანტილოპები, ზებრები, ჟირაფები და სირაქლემები, ხოლო ჭარბტენიან ადგილებში 400-ზე მეტი სახეობის ფრინველია აღნუსხული. ნაირობის ტერიტორიაზე მდებარეობს პარკის ველური ბუნების დაცვის საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც შეგიძლიათ მოისმინოთ ლექციები ველური ბუნების შესახებ.
ნაირობიში რამდენიმე მუზეუმიცაა. მათგან ყველაზე დიდია კენიის ეროვნული მუზეუმი, რომელშიც დაცულია ჰომო ერექტუსის ნაშთები. ერთ-ერთი პოპულარული ღირსშესანიშნაობაა კარენ ბლიქსენის მუზეუმი. ცნობილი დანიელი მწერალი, ბარონესა კარენ ბლიქსენი, შეყვარებული იყო შავ კონტინენტსა და მის ხალხზე. მისი ცხოვრება უნიკალური ისტორიებითაა სავსე. ბლიქსენის წიგნი „აფრიკიდან“ ემანსიპირებული და ნატიფი დანიელი არისტოკრატი ქალის თვალით დანახულ ადგილობრივ ტომებს და მათ ადათ-წესებს, კენიის მკვიდრთა ცხოვრებას და ტრადიციებს ასახავს. წიგნი „აფრიკიდან“ მსოფლიო ბესტსელერად იქცა და საფუძვლად დაედო ამავე სახელწოდების ფილმს მერილ სტრიპისა და რობერტ რედფორდის მონაწილეობით. კარენ ბლიქსენის გარდაცვალების შემდეგ, 1931 წელს, მის სახლს მემორიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შემდგომში დანიის მთავრობამ სახლი და მის გარშემო მდებარე მიწა კენიას გადასცა. ვილა აღადგინეს და 1986 წელს გახსნეს ტურისტებისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ამ საოცარი ქალის ცხოვრება აინტერესებს.
პარლამენტის შენობის წინ კენიის პირველი პრეზიდენტის ჯომო კენიატას საფლავია. ვიდეოგადაღება პრეზიდენტის ხსოვნის შეურაცხყოფად მიიჩნევა და კანონით ისჯება. კენიელები ჯომო კენიატას აღმერთებენ და აფასებენ ყველაფერს, რაც მას ეხება. ნაირობის ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი ექსპონატია პრეზიდენტის საყვარელი სპილოს ნატურალური ზომის ასლი. პირველ პრეზიდენტს ისე უყვარდა თავისი შინაური ცხოველი, რომ მას პირადი დაცვა მიუჩინა. როდესაც სპილო გარდაიცვალა, პრეზიდენტმა მისი ასლი დაამზადებინა და მუზეუმში მოათავსა.