გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

მალდივის კუნძულები, მალე, კუნძულოვანი ქვეყანა ინდოეთის ოკეანეში

მალდივები -სამოთხე დედამიწაზე

მარგალიტისფერი თეთრი პლაჟები, ლურჯი ყურეები, წყალქვეშა სამყაროს სილამაზე, ადგილობრივების კეთილგანწყობა და, რა თქმა უნდა, მშვენიერი დასვენება. ალბათ,  ესაა პირველი  ასოციაციები, რომლებიც მახსენდება მალდივებზე ფიქრისას. მაგრამ ამ სამოთხეს ნაკლებად ცნობილი მხარეც აქვს. კუნძულის სახელმწიფოს ისტორია დაფარულია მრავალი საიდუმლოებითა და გამოცანებით. მათგან ყველაზე დიდი მალდივის ისტორიის ადრეულ პერიოდს ემთხევვა და    კუნძულზე პირველი ადამიანების გამოჩენის ეხება.

მალდივის არქიპელაგი გადაჭიმულია ინდოეთის ოკეანის ეკვატორულ წყლებში, შრი-ლანკის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 700 კილომეტრის დაშორებით  მდებარეობს. საერთო ჯამში, მალდივები 20 ატოლისგან და 1192 კუნძულისგან შედგება, რომელთაგან მხოლოდ 199-ია დასახლებული და რომლებიც  შრი-ლანკადან ეკვატორამდე  სამხრეთ-დასავლეთით არის გაბნეული  და ატოლების სახით ჯგუფებადაა გაერთიანებული. სხვათა შორის, სიტყვა “ატოლი“, რომელიც ამ სახით დამკვიდრდა მსოფლიოს მრავალ ენაში, სწორედ მალდიველების ენიდან დივეჰიდან მოდის.

ქვეყნის საერთო ფართობი დაახლოებით 300 კმ²-ია, ხოლო კუნძულების მთელი მოსახლეობა სულ რაღაც 309 ათას ადამიანს შეადგენს. 

დედაქალაქი მალე, არქიპელაგის ერთადერთი ქალაქი და პორტი, ამავე სახელწოდების ატოლზე მდებარეობს. იგი მსოფლიოში ყველაზე პატარა დედაქალაქი  და ამავე დროს დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი. აქ, 6 კმ²-ზე ნაკლებ ფართობზე 150 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

კუნძულების ხელუხლებელი ბუნებრივი სილამაზით დასატკბობად ტურისტები დედაქალაქიდან უფრო შორს მოგზაურობენ, რადგან რაც უფრო შორს არის კუნძული მალიდან, მით უფრო ლამაზია მისი პლაჟები და მით უფრო მდიდარია წყალქვეშა სამყარო.

მალდივები ცნობილია თავისი სტუმართმოყვარეობით, არანაკლებ თეთრი პლაჟებით, მდიდარი რიფებითა და ხელუხლებელი ბუნებით. თუმცა, სამოთხის კუნძულების დღევანდელ მოსახლეობას არაფერი აქვს საერთო იმ ხალხთან, ვინც ერთ დროს პირველებმა დაადგა ფეხი ამ დალოცვილ მიწაზე. მალდივის არქიპელაგზე პირველი ადამიანების   გამოჩენა საიდუმლოებით არის მოცული: არავინ იცის, ვინ მოვიდა აქ პირველი.  ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ შრი-ლანკასა და სამხრეთ ინდოეთის უძველესი მაცხოვრებლები იყვნენ პირველები, ვინც აქ დასახლდნენ, სხვები  კი ფიქრობენ, რომ პირველი მალდივიელები ინდოეთიდან მოვიდნენ. ასეა თუ ისე, პირველი  მოსახლეები აქ  დაახლოებით 4000 წლის წინ  გამოჩნდნენ.

ისლამი, რომელიც  დღევანდელი მალდივების ოფიციალური რელიგიაა,  აქ უფრო გვიან, 1153 წელს დამკვიდრდა. გათხრები მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს განვითარების ადრეულ ეტაპზე ძირითადი რელიგიები ინდუიზმი და ბუდიზმი იყო. რელიგიების ამ მრავალფეროვნებამ თავისი კვალი დატოვა და დღევანდელი მალდივების ისლამი საკმაოდ რბილი და სეკულარულია სხვა მუსულმანურ ქვეყნებთან შედარებით. პორტუგალიელების მიერ კოლონიზაციის გვიანმა მცდელობებმა და მე-19 საუკუნეში ბრიტანეთის პროტექტორატის დამყარებამ ასევე გავლენა მოახდინა მალდიველების მენტალიტეტზე, ჩამოაყალიბა მულტიკულტურული სული, რომელიც დღემდეა  შენარჩუნებული.

საინტერესოა, რომ  კუნძულების ადგილობრივი მაცხოვრებლები საკმაოდ ცრუმორწმუნეები არიან, მიუხედავად მათი ძლიერი რწმენისა ისლამისადმი. მაგალითად, ითვლება, რომ ქოქოსი შავი მაგიის ატრიბუტია და გამოიყენება რიტუალებში. მაგალითად, 2013 წელს პოლიციამ დააპატიმრა ქოქოსი, როგორც ეჭვმიტანილი არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებაში. ინციდენტი  მხოლოდ მას შემდეგ დასრულდა  როცა თეთრმა ჯადოქარმა წარმოადგინა ქოქოსის უდანაშაულობის მტკიცებულება წარმოადგინა.

მალდივის ოფიციალური ენაა დივეჰი (Dhivehi),  მაგრამ ასევე საუბრობენ ინგლისურად და  ამიტომ ადგილობრივ მოსახლეობას არ უჭირს უცხოელებთან ურთიერთობა. კუნძულებს შორის არის გარკვეული ენობრივი განსხვავებები და ჩრდილოეთ ნაწილის დიალექტები განსაკუთრებით განსხვავდება სტანდარტული მეტყველებისგან. Dhivehi იწერება მარჯვნიდან მარცხნივ სპეციალური 24-სიმბოლოიანი ანბანის გამოყენებით, რომელიც მე-16 საუკუნეში წარმოიშვა.

1965 წლის 26 ივლისს ბრიტანეთმა დამოუკიდებლობა მიანიჭა მალდივებს. 1968 წლის 11 ნოემბერს, რეფერენდუმის შემდეგ, მალდივის კუნძულები გამოცხადდა რესპუბლიკად. 1978 წლიდან მალდივებს მართავდა პრეზიდენტი მაუმუნ აბდულ გაიუმი (6 ზედიზედ ხუთწლიანი ვადა). 2008 წლის ოქტომბერში მოჰამედ ნაშიდი გახდა მალდივის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც არჩეულ იქნა სახალხო კენჭისყრით.

მალდივების ეკონომიკის ძირითადი სექტორებია ტურიზმი  (მშპ-ს 28%) და მეთევზეობა. სამრეწველო სექტორი ტანსაცმლის, სუვენირებისა და ნავების წარმოებითა წარმოდგენილი. სოფლის მეურნეობა სუსტად არის განვითარებული. საკვები პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტირებულია. ძირითადი კულტურაა ქოქოსის პალმა, ასევე მოჰყავთ ბოსტნეული, ხილი, ტკბილი კარტოფილი და პურის ხილი.  მესაქონლეობა პრაქტიკულად არ არის განვითარებული.  საექსპორტო საქონელია თევზი და საფოსტო მარკები. ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა ტრადციული და მოტორიანი ნავები.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანას წიგნიერების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს  მსოფლიოში  და იგი 98%-ს აღემატება.ამას კი იმით ხსნიან, რომ მალეში, სადაც ყველა უნივერსიტეტია განთავსებული და ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს, უბრალოდ  წასასვლელი არსად არის, თუკი ლექციების გაცდენას გადაწყვიტავთ.  თუმცა ის ფაქტიც, რომ  ქვეყანაში მასწავლებელთა რაოდენობა 2009 წელს 3400-დან 2011 წელს დაახლოებით 6000-მდე გაიზარდა, ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია.

ერთ მშვენიერ დღეს, ზღვის დონის აწევის გამო, შესაძლოა, მალდივები გაქრეს დედამიწაზე.  მიუხედავად იმისა, რომ ეს არც ისე სახალისო ფაქტია, მალდივები ერთ-ერთი ყველაზე კლიმატმოწყვლადი  ქვეყანაა პლანეტაზე. 2008 წელს მალდივის პრეზიდენტმა გამოაცხადა გეგმა შექმნას ფონდი სახელმწიფოსთვის ახალი ტერიტორიის შესაძენად, რომელიც შეიძლება მათ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზღვის დონის აწევის გამო დასჭირდეთ. გლობალური დათბობის საფრთხეს აქ უფრო სერიოზულად აღიქვამენ, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში და ამიტომ  მალდივებმა დაისახა მიზანი, გახდეს ნახშირბადნეიტრალური ქვეყანა 2020 წლისთვის.

მალდივები,  ისევე როგორც  დომინიკის რესპუბლიკა, კუბა, სეიშელის კუნძულები, ფიჯი და ბაჰამის კუნძულები (და კიდევ ხუთი ათეული ქვეყანა) გაერთიანებულია მცირე კუნძულის განვითარებადი სახელმწიფოების ჯგუფში,  რომელიც განსაზღვრული და აღიარებულია გაეროს მიერ 1992 წელს. ეს ქვეყნები მდგრადი განვითარების  მსგავს გამოწვევებს აწყდებიან: ადგილობრივი მოსახლეობის მცირე რაოდენობა ტურისტების დიდ რაოდენობასთან შედარებით, შეზღუდული რესურსები, ბუნებრივი კატასტროფების  ზემოქმედება, არასტაბილური გარემო, მაღალი კომუნიკაცია, ენერგეტიკული და სატრანსპორტო ხარჯები.