• ევროზონა

    ევროზონა

    ევროზონა ასევე ევროსისტემა ან ევროლენდი – რეგიონი, რომელიც მოიცავს ქვეყნებს, რომელთა ოფიციალურ ვალუტად ევრო ითვლება. ამ სახელმწიფოებს ევროს მონეტებისა და ბანკნოტების გამოშვების უფლება აქვთ. ამ ზონაში მონეტარულ პოლიტიკას ევროპის ცენტრალური ბანკი ატარებს. 2007 წლისთვის ევროზონაში შემდეგი ქვეყნები შედიოდა: ავსტრია, ბელგია, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, ესპანეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, სლოვენია, პორტუგალია, ფინეთი, საფრანგეთი. ზოგიერთი ქვეყნა ევროკავშირის წევრები არ არიან, თუმცა ევროს მონეტების გამოშვების უფლება აქვთ: ასეთია ვატიკანი, სან-მარინო, მონაკო. 2008 წლის 1 იანვარს ევროზონაში შევიდნენ კვიპროსი და მალტა. 2009 წლის 1 იანვარს ევროზონას შეუერთდა სლოვაკეთი, 2011 წლის 1 იანვარს — ესტონეთი, 2014 წლის 1 იანვარს — ლატვია, ხოლო 2015 წლის 1 იანვარს — ლიტვა.

  • ევროკავშირი

    ევროკავშირი

    ევროკავშირი (ევროგაერთიანება)– თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება. შეიქმნა 1957 წელს. ევროგაერთიანების მიზანია ერთიანი ევროპული სივრცის ჩამოყალიბება, რომელიც ხორციელდება მისი ორგანოების მიერ. ესენია: ევროპარლამენტი, ევროპული კომისია, მინისტრთა საბჭო, სასამართლო და ევროსაბჭო.

    ევროპის კავშირის სისტემის საერთო ორგანოები და ინსტიტუტები: ევროპის კავშირის საბჭო, ევროპული საბჭო. ევროპის პარლამენტი, ევროკომისია, ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო, ევროპის აუდიტორთა სასამართლო.

    ევროკავშირის საფინანსო ორგანიზაციები: ევროპის ცენტრალური ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი.

    ევროკავშირის სხვა დამხმარე ორგანოები: ევროპის რეგიონთა კომიტეტი, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი, ევროპის პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტი.

    ევროპის პარლამენტი (ინგლ. European Parliament, შემოკლებით – ევროპარლამენტი) — ევროპის კავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი. იგი წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის წევრებიც პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით არიან არჩეულნი. იგი აირჩევა 5 წლის ვადით.

    ევროპული საბჭო (ინგლ. European Council ) – საერთასორისო ორგანიზაცია, რომელიც 1974 წლის 10 დეკემბერს შეიქმნა და წარმოადგენს ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს და აერთიანებს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს. მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ევროკომისიის პრეზიდენტი. ევროპული საბჭო იკრიბება სულ მცირე წელიწადში ორჯერ. ევროპული საბჭოს საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია და თანამეგობრობის წინაშე მდგარი პრობლემების ფართო სპექტრს მოიცავს.

    ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი – ევროკავშირის ერთ-ერთი დამხმარე ინსტიტუტი, რომელშიც ეკონომიკისა და სოციალური სფეროს სხვადასხვა დარგის 350 სპეციალისტია წარმოდგენილი. წევრების კანდიდატურას წარადგენენ ეროვნული მთავრობები და მათ 5 წლის ვადით ნიშნავს ევროკავშირის საბჭო. მრავალი საკითხის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია ამ კომიტეტის აზრის მოსმენა. გარდა ამისა, კომიტეტს საკუთარი ინიციატივით შეუძლია წარადგინოს საკუთარი მოსაზრებები. ეკონომიკისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მეშვეობით თანამეგობრობის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ვაჭრობას, მრეწველობასა და პროფესიულ კავშირებს. ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი დაარსდა 1957 წელს, როგორც საერთო ბაზარზე არსებული პრობლემების განხილვის მთავარი ფორუმი. კომიტეტი წარმოადგენს საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც თავის დასკვნებსა და მოსაზრებებს აწვდის უფრო მსხვილ ინსტიტუტებს, კერძოდ კი საბჭოს, კომისიას და ევროპარლამენტს.