• ყურე

    ყურე

    ყურე ოკეანის, ზღვის ან ტბის ნაწილია, რომელიც ხმელეთშია შეჭრილი.

  • ყელი

    ყელი

    ყელი ხმელეთის ვიწრო ზოლია, რომელიც აერთებს ხმელეთის დიდ ნაწილებს და თვით კონტინენტებსაც კი, მაგ., სუეცის ყელი, პანამის ყელი.

  • ღვარცოფი

    ღვარცოფი

    ღვარცოფი – ტალახი ან ტალახქვიანი ნაკადი, რომელიც უეცრად წარმოიქმნება მთის მდინარეთა ხეობებში და გამოწვეულია უჩვეულო, ინტენსიური წვიმებით ან თოვლის დნობით. ღვარცოფის გამოვლინება განპირობებულია რელიეფის ძლიერი დანაწევრებით, ფერდობებისა და კალაპოტების ძლიერი დახრილობით, დენუდაციური და ეროზიული პროცესების ინტენსიური განვითარებით, თოვლის ინტენსიური დნობით, ბუნებრივი ან ხელოვნური კაშხლების წყალსატევებიდან გადმოხეთქილი წყლებით და ძლიერი თავსხმა წვიმებით.

  • ქარი

    ქარი

    ქარი – ჰაერის მასების ჰორიზონტალური გადაადგილება. ქარი წარმო­იქმნება დედამიწის ზედაპირზე ატმოსფერული წნევის სხვადა­სხვაობით. მისი სიძლიერე განისაზღვრება ბოფორტის 12-ბალიანი სკალით. ქარს ახასიათებს მიმართულება და სიჩქარე (მ/წმ). ქარი ყოველთვის ქრის მაღალი წნევის არეებიდან დაბალი წნევის არეებისაკენ. ქარის მიმართულებად ითვლება ის მხარე, საიდანაც იგი ქრის.

  • ფარვატერი

    ფარვატერი

    ფარვატერი – წყალსატევის უბანი, სადაც სიღრმე საკმარისია გემების უსაფრთხო ცურვისათვის. მდინარეებში ესაა წყლის ზოლი ყველაზე დიდი სიჩქარით. ფარვატერს აღნიშნავენ სანავიგაციო მოწყობილობებით — ბუიებით, კვეთის ნიშნებით და სხვ. დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ: მისასვლელ, მთავარ  და შემაერთებელ ფარვატერებს.

  • ურბანიზაცია

    ურბანიზაცია

    ურბანიზაცია – ქალაქის როლის ზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც გამოი­ხატება ქალაქის მოსახლეობის ხვედრითი წილის ზრდით და ქალაქური ცხოვრების წესის ფართო გავრცელებით.

    ამ პროცესს ორი მახასიათებელი აქვს – რაოდენობრივი და თვისობრივი. რაოდენობრივი მახასიათებელია ურბანიზაციის დონე, რაც გვიჩვენებს ქალაქის მოსახლეობის ხვედრით წილს მოცემული ქვეყნის ან რეგიონის მთელ მოსახლეობაში. იგი პროცენტობით გამოისახება. თვისობრივი მახასიათებელი გვიჩვენებს, თუ რამდენად რეალურად არის წარმოდგენილი ქალაქური ცხოვრების წესი.

  • უნიტარული სახელმწიფოები

    უნიტარული სახელმწიფოები

    უნიტარული სახელმწიფო (ფრანგ. “უნიტერე” – ერთიანი) – ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ფორმით ერთიანი სახელმწიფო, რომლის არც ერთ ნაწილს არავითარი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის სტატუსი არ გააჩნია. ასეთ სახელმწიფოებში არსებობს ერთიანი კონსტიტუცია, მოქალაქეობა, უმაღლესი ორგანოების ერთიანი სისტემა. უნიტარული ქვეყნებია: ფინეთი, საბერძნეთი, ისლანდია, შვედეთი, ჩეხეთი, ირლანდია, ირანი, სამხრეთ კორეა, სომხეთი და ა.შ. უნიტარულ სახელმწიფოთა შორის აღსანიშნავია ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ხელისუფლების მმართველობის მაღალი დეცენტრალიზაციით ხასიათდება. მაგ.,ესპანეთი, უკრაინა, ფილიპინები, პალაუ და ა.შ.

    შენიშვნა: რუკაზე უნიტარული სახელმწიფოები ლურჯი ფერითაა აღნიშნული

  • ტალღები

    ტალღები

    ტალღები   ზღვისა და ოკეანის ზედაპირზე წარმოქმნილი წყლის დიდი მასებია. ტალღების გამომწვევი მიზეზებია მთვარისა და მზის მიზიდულობის ძალები, ქარი, ატმოსფერული წნევის ცვალებადობა, წყალქვეშა მიწისძვრები და ზღვის ფსკერის დეფორმაცია. ამ მიზეზების შესაბამისად განარჩევენ მოქცევის, ქარისმიერ, ბარიულ და სეისმურ ტალღებს.

  • ტაიფუნი

    ტაიფუნი

    ტაიფუნი წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ეკვატორის ჩრდილოეთით წარმოქმნილი ტროპიკული ციკლონის ადგილობრივი სა­ხელწოდებაა. გადაადგილდება დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით 10-20 კმ/სთ სიჩქარით და აღწევს ინდოჩინეთისა და კორეის ნაპირებს, შემდეგ მოძრაობს ჩრდილოეთისკენ ან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ 30-50 კმ/სთ სიჩქარით და აღწევს იაპონიას, ზოგჯერ კურილიის კუნძულებსა და კამჩატკასაც. წლის განმავლობაში იცის 30-მდე ტაიფუნი, უმრავლესობა ივლისიდან ოქტომბრამდე.

  • ტაიგა (ბორეალური ტყე)

    ტაიგა (ბორეალური ტყე)

    ტაიგა იგივე ბორეალური ტყეები ჩრდილოეთის ზომიერი სარტყლის წიწვოვანი ტყეა, რომელსაც ჩრდილოეთ ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის უზარმაზარი ტერიტორია უკავია. ტაიგის ზონა  ცივი ზამთრითა და გრილი ზაფხულით ხასიათება. ნალექების რაოდენობა არ აღემატება 600-800 მმ-ს.