• იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების გეოგრაფია

    იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების გეოგრაფია

    მემკვიდრეობა არის ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტები, რომელთა შენახვა და პოპულარიზაცია მეტად მნიშვნელოვანია მათი განსაკუთრებული ისტორიული ან ეკოლოგიური ფასეულობის გამო. იუნესკოს მსოფლიო მემეკვიდრეობის ობიექტების სია 1972 წელს შეადგინეს, როცა მიიღეს კონვენცია გამორჩეული, განსაკუთრებული და უნიკალური კულტურული და ბუნებრივი ობიექტების დაცვის შესახებ.

    არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ორი სახეობა: მატერიალური და არამატერიალური. პირველი გულისხმობს ფიზიკურად აღქმად, ხელშესახებ მემკვიდრეობას, როგორიცაა, მაგალითად, ნაგებობა, ქანდაკება, მხატვრობის ნიმუში, ხელნაწერი წიგნი და სხვა, ხოლო მეორეს მიეკუთვნება, მაგალითად, მუსიკა, ცეკვა, ლიტერატურა, თეატრი, ენები, ცოდნა, რელიგიური ცერემონიები, ტრადიციული წარმოდგენები. მატერიალური მემკვიდრეობა, თავის მხრივ, მოძრავი და უძრავი ობიექტებისგან შედგება. მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობა ერთი მთლიანი კულტურული ფენომენია. კულტურული მემკვიდრეობა თავისი მატერიალური თუ არამატერიალური კომპონენტებით უნდა დაუკავშირდეს იმ საზოგადოების კულტურულ ღირებულებებს, რომელმაც შექმნა ის.

    კულტურული მემკვიდრეობის ცნებამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ცვლილებები განიცადა: თავდაპირველად თუ მხოლოდ ისტორიული და მხატვრული ღირებულების მქონე შედევრებს აღნიშნავდა, ახლა უფრო ფართო გაგებით გამოიყენება და მოიცავს ყველაფერს, რასაც ხალხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ამჟამად მემკვიდრეობის ძეგლები იყოფა კულტურულ, ბუნებრივ და შერეულ მეკვიდრეობად.

    2021 წლის მონაცემებით, მსოფლიო მეკვიდრეობის სიაშია 1153 ობიექტი 167 ქვეყნიდან. მათ შორის 897 კულტურულია, 218 – ბუნებრივი და 39 – შერეული. რეალურად მათი რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგან ზოგიერთი მათგანი მთელ კომპლექსებს და არქიტექტურულ ანსამბლებს მოიცავს. ასეთია, მაგალითად, საფრანგეთში, მდინარე ლუარას ხეობის გასწვრივ გადაჭიმული ციხესიმაგრეები, სანკტ-პეტერბურგის ისტორიულ ცენტრში მდებარე სასახლეები და ეკლესია-მონასტრები.

    გეოგრაფიული ნიშნის მიხედვით მსოფლიო მემკვიდრეობა ხუთ გეოგრაფიულ ზონად იყოფა. რუსეთი და კავკასია, მაგალითად, ევროპას მიეკუთვნება, ხოლო მექსიკა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზონაში შედის.

    მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობოს ობიექტების გეოგრაფიული ზონების მიხედვით განაწილებაში ერთგვარი დისპროპორცია შეინიშნება: ობიექტების დიდი ნაწილი (47,23%) ევროპაზე მოდის, ხოლო 23,93% – აზიაზე. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კონტრასტი შეინიშნება კულტურული ობიექტების განაწილებაში: ევროპასა და აზიაში მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სამი მეოთხედია თავმოყრილი. ეს შეიძლება აიხსნას, ერთი მხრივ, თანამედროვე მსოფლიოს კულტურის ევროცენტრულობით და აღმოსავლეთის ქვეყნების უძველესი ცივილიზაციების მემკვიდრეობის შენარჩუნებით, მეორე მხრივ კი ამერიკისა და ავსტრალიის შედარებითი „ახალგაზრდობით“ და იმით, რომ ძველი აფრიკული ცივილიზაციები თითქმის განადგურებულია.

    აღსანიშნავია ისიც, რომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტები თითქმის თანაბარი პროპორციულობითაა განაწილებული მსოფლიოს ეკონომიკის სამ სტრუქტურულ ელემენტს – პოსტინდუსტრიულბირთვს,ინდუსტრიულნახევრადპერიფერიასადა აგრარულპერიფერიასშორის. თუმცა ფართობის ერთეულზე ობიექტების რაოდენობი მიხედვით პოსტინდუსტრიული ბირთვი თითქმის ორჯერ აჭარბებს მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს, ხოლო ბუნებრივი და კულტურული ძეგლების რაოდენობის მოსახლეობის რიცხოვნებასთან შეფარდებით – ლამის სამჯერ.

    მსოფლიოს ქვეყნები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობის მიხედვით

    იუნესკოს სიაში შესული ობიექტების სიხშირის (ანუ ფართობის ერთეულზე ობიექტების რიცხვის) მიხედვით წამყვანი პოზიციები ფართობით არცთუ დიდ, მაგრამ მჭიდროდ დასახლებეულ ევროპის სახელმწიფოებს უკავია: ბელგიას, შვეიცარიას, ნიდერლანდის სამეფოს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, იტალიას, პორტუგალიას, საბერძნეთს და სხვ. უმეტესად სწორედ ეს ქვეყნები წარმოადგენს ტურისტების მიზიდულობის ცენტრებს. ბუნებრივია, რომ დიდი ფართობის მქონე ქვეყნები, მაგალითად, რუსეთი, კანადა, აშშ, ავსტრალია, იუნესკოს სიაში შესული ობიექტების სიხშირის მიხედვით საკმაოდ დაბალ პოზიციებს იკავებს.

    თუ ფარდობით მაჩვენებლად ავიღებთ იუნესკოს ობიექტების რიცხოვნობას მოსახლეობასთან შედარებით, მაშინ ჩრდილოეთი ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მცირერიცხოვანი ქვეყნები გახდებიან ლიდერები. ამ რეგიონებში რამდენიმე მიკროსახელმწიფოსთან ერთად შედიან ისლანდია, ხორვატია, საბერძნეთი, სკანდინავიის ქვეყნები, კვიპროსი… შესამჩნევად აუმჯობესებენ თავიანთ პოზიციებს დიდი ფართობის მქონე სახელმწიფოებიც – ავსტრალია და რუსეთი, რომლებიც ამ მაჩვენებლით აშშ-ს, ბრაზილიას, აზიისა და აფრიკის არაერთ ქვეყანას სჯობნიან.

    ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახლო მომავალში მსოფლიო ეკონომიკის ტურისტულ სექტორში გაიზრდება ნახევრად პერიფერიის როლი, ხოლო ოდნავ უფრო შორეულ პერსპექტივაში – პერიფერიისაც.

    ნახევრად პერიფერიისა და პერიფერიის ქვეყნებში ტურიზმმა შესაძლოა ლოკომოტივის როლიც კი შეასრულოს.

    UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დღეისთვის შედის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის 4 ძეგლი: მცხეთის ისტორიული ძეგლები (1994 წ.), გელათის სამონასტრო კომპლექსი (1994 წ.), ზემო სვანეთი (1996 წ.) და კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები (2021 წ.).

    კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, რომლებიც საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას – კოლხეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებს, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს აერთიანებს, პირველი ქართული ბუნებრივი ძეგლია, რომელიც UNESCO-ს წარედგინა. ნომინაცია „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით მოამზადა და ისინი, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2021 წელს შევიდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

    შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მიდამოებში მდებარე ნაკრძალის ტერიტორიაზე, შემონახულია კოლხეთისთვის დამახასიათებელი ჭაობისა და დაბლობის ტყეების ლანდშაფტი. მხოლოდ აქ არის გავრცელებული ისეთი იშვიათი სახეობები, როგორებიცაა მურყანი, წიფელი, რცხილა, კოლხური სურო, წყავი, შქერი და რელიქტური ბალახოვანი მცენარეები. მსოფლიო მასშტაბით ეს სტატუსი მხოლოდ 213 ტერიტორიას აქვს მინიჭებული, მათ შორის – ამაზონის ტყეს, გრანდ კანიონის ეროვნულ პარკს, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკს, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპებს.

    ბუნების უნიკალური და კულტურული ლანდაფტები, ისტორიული და კულტურული ძეგლები, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული, მნიშვნელოვან ტურისტულ-რეკრეაციულ რესურსებს წარმოადგენს.

  • მსოფლიოს ქვეყნები ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსის მიხედვით

    მსოფლიოს ქვეყნები ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსის მიხედვით

    ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსის, (EPI – Environmental Performance Index) სახელმწიფოთა ეკოლოგიური ანუ „მწვანე“ პოლიტიკის მაჩვნებელების შედარებითი ანალიზის რაოდენობრივი შეფასების მეთოდია. EPI ქვეყნების ეკოლოგიური მაჩვენებლების ჩამონათვალისა და სტატისტიკური ინიციალიზაციის მეთოდიკაა მათი „მწვანე“ პოლიტიკის გათვალისწინებინოთ. EPI –ის მიხედვით ხდება ქვეყნების რანჟირება რამდენიმე კატეგორიის მიხედვით, რომლებიც ძირითადად ორ ჯგუფში ერთიანდებიან: ეკოსისტემის სიცოცხლის ხანგრძილოვობა (Ecosystem Vitality) და ეკოლოგიური ჯანმრთელობა (იგივე ეკოლოგიური რაციონალურობა).

    იელის უნივერსიტეტის ეკოლოგიური პოლიტიკისა და მართვის ცენტრმა (Yale Center for Environmental Law and Policy) კოლუმბიის უნივერსიტეტთან და მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმთან ერთად, უკვე ათეულ წელზე მეტია შეიმუშავა საერთაშორისო მნიშვნელობის ეკოლოგიური მდგრადობის ინდექსი. 2000 წელს ერთობლივი ძალებით გამოქვეყნდა EPI–ის წინამორბედი – ეკოლოგიური მდგრადობის ინდექსი. ამ პერიოდში მსოფლიოს ქვეყნების მთავრობები ცდილობდნენ თავიანთი პოლიტიკური კურსის კორექტირებას მდგრადი განვითარების კონცეფიის გათვალისწინებით. ეკოლოგიური მდგრადობის ინდექსის დადგენა პირველი მცდელობა იყო შეეფასებინათ მსოფლიოს ქვეყნები ეკოლოგიური მდგრადობის რამდენიმე კრიტერიუმით; მათ შორის ბუნებრივი რესურსების მარაგებით, გარემოს დაბინძურების დონით წარსულშა და აწმყოში, გარემოსდაცვითი ღონისძიებებით. 2006 წელს ეს მაჩვენებელი ეკოლოგიური მდგრადობის ინდექსით შეიცვალა, რომელიც იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების ჯგუფმა შეიმუშავა. წინა მაჩვენებლისგან განსხვავებით ეს ინდექსი აღარ ზომავდა მდგრადობას და მის ნაცვლად აფასებდა ეკოლოგიურ ეფექტურობას. EPI კონცენტრირებულია ქვეყნებში არსებულ „მწვანე“პოლიტიკასა და მის შედეგებზე. ანგარიში ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ქვეყნდება.

    ინდექსის მეთოდოლოგია ისეა შემუშავებული, რომ სახელმწიფოებმა შეძლონ შეადარონ თავინთი მიღწევები და ნაკლოვანებები სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს. შედარება ხდება 10 მაჩვენებლის მიხედვით, რომლებიც ორ ძირითად ეკოლოგიურ ჯგუფად იყოფა: 1. ეკოლოგიური ჯანმრთელობა ანუ გარემოს გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე; 2. ეკოსისტემების სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა და ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენება. ამ ჯგუფებში შედის შემდეგი 10 მაჩვენებლი: ეკოლოგიური ჯანმრთელობა, ჰაერის დაბინძურება და გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ჰაერის დაბინძურება და გავლენა ეკოსისტემის მდგომარეობაზე, წყალი (გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე), წყლის რესურსები (გავლენა ეკოსისტემის მდგომარეობაზე), ბიომრავალფეროვნება, ტყე, თევზჭერა, სოფლის მეუნეობა, კლიმატის ცვლილება და ენერგეტიკა. თითოეული ინდიკატორის მიხედვით ქვეყანას ენიჭება ქულა. ქულების რაოდენობა დამოკიდებულია სახელმწიფოს პოზიციაზე იმ დიაპაზონის ფარგლებში, რომელიც გაისაზღვრება ამ ინდიკატორების ყველაზე უარეს მაჩვენებელსა (0 სტაბილურ სკალაზე) და სასურველ მიზანს (100 ქულის ეკვივალენტი) შორის. სასურველი მიზანი შესაძლებელია დადგინდეს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე: მაგ; სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტების, პროფესიული დასკვნების და სხვა წყაროების მიხედვით.

    მსოფლიოს ქვეყნები ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსის მიხედვით, 2021 წელი

    შენიშვნა: რუკაზე შინდისფერით აღნიშნულია ქვეყნები, სადაც ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსი ძალიან დაბალია და მწვანე ფერით კი ის ქვეყენები, სადაც ეს მაჩვენებლი მაღალია.

    ეკოლოგიური ინდექსი – https://epi.yale.edu/