• კომორის კუნძულები

    კომორის კუნძულები

    კომორის კუნძულები, 2002 წლამდე კომორის ისლამური ფედერაციული რესპუბლიკა,    ინდოეთის ოკეანეში, მოზამბიკის სრუტის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩრდილოეთ მადაგასკარსა და ჩრდილოეთ მოზამბიკს შორის მდებარეობს. კუნძულების  საერთო ფართობი – 2170 კმ² -ია. მოსახლეობა, დაახლოებით,  798 000 ადამიანი (2010 წელი). ქვეყნის დედაქალაქია მორონი. ოფიციალური ენებია კომორული, ფრანგული და არაბული, სახელმწიფო რელიგია  – ისლამი.

    1975 წლის 6 ივლისს დეპუტატთა პალატამ ცალმხრივად გამოაცხადა კომორის კუნძულების დამოუკიდებელი რესპუბლიკა (RCO), რომელიც  კუნძულების ანჟუანის, გრანდ კომორისა და მოჰელისგან შედგებოდა. მოგვინაებით საბჭო გაუქმდა, შეიქმნა პარლამენტი, მიღებულ იქნა კონსტიტუცია და აღადგინეს კუნძულების არაბული სახელწოდებები.

    1975 წლის ნოემბერში, კომორის  4 კუნძული,  როგორც ერთი სახელმწიფო,  გაეროში გაწევრიანდა.

    2002 წლის აპრილში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ დამტკიცდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც კუნძულებს უფრო ფართო ავტონომიურ უფლებებს ანიჭებდა. ქვეყანა ცნობილი გახდა როგორც კომორის კავშირი (UCO).

    კომორის კუნძულები აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. ძირითადი შემოსავალია ილანგ-ილანგის  (მსოფლიოში ყველაზე დიდი ექსპორტიორი) და  ვანილის (მსოფლიოში სიდიდით მეორე ექსპორტიორი მადაგასკარის შემდეგ) ექსპორტი.  ასევე ტურიზმი და მეთევზეობა.

  • მალდივები -სამოთხე დედამიწაზე

    მალდივები -სამოთხე დედამიწაზე

    მარგალიტისფერი თეთრი პლაჟები, ლურჯი ყურეები, წყალქვეშა სამყაროს სილამაზე, ადგილობრივების კეთილგანწყობა და, რა თქმა უნდა, მშვენიერი დასვენება. ალბათ,  ესაა პირველი  ასოციაციები, რომლებიც მახსენდება მალდივებზე ფიქრისას. მაგრამ ამ სამოთხეს ნაკლებად ცნობილი მხარეც აქვს. კუნძულის სახელმწიფოს ისტორია დაფარულია მრავალი საიდუმლოებითა და გამოცანებით. მათგან ყველაზე დიდი მალდივის ისტორიის ადრეულ პერიოდს ემთხევვა და    კუნძულზე პირველი ადამიანების გამოჩენის ეხება.

    მალდივის არქიპელაგი გადაჭიმულია ინდოეთის ოკეანის ეკვატორულ წყლებში, შრი-ლანკის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 700 კილომეტრის დაშორებით  მდებარეობს. საერთო ჯამში, მალდივები 20 ატოლისგან და 1192 კუნძულისგან შედგება, რომელთაგან მხოლოდ 199-ია დასახლებული და რომლებიც  შრი-ლანკადან ეკვატორამდე  სამხრეთ-დასავლეთით არის გაბნეული  და ატოლების სახით ჯგუფებადაა გაერთიანებული. სხვათა შორის, სიტყვა “ატოლი“, რომელიც ამ სახით დამკვიდრდა მსოფლიოს მრავალ ენაში, სწორედ მალდიველების ენიდან დივეჰიდან მოდის.

    ქვეყნის საერთო ფართობი დაახლოებით 300 კმ²-ია, ხოლო კუნძულების მთელი მოსახლეობა სულ რაღაც 309 ათას ადამიანს შეადგენს. 

    დედაქალაქი მალე, არქიპელაგის ერთადერთი ქალაქი და პორტი, ამავე სახელწოდების ატოლზე მდებარეობს. იგი მსოფლიოში ყველაზე პატარა დედაქალაქი  და ამავე დროს დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი. აქ, 6 კმ²-ზე ნაკლებ ფართობზე 150 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

    კუნძულების ხელუხლებელი ბუნებრივი სილამაზით დასატკბობად ტურისტები დედაქალაქიდან უფრო შორს მოგზაურობენ, რადგან რაც უფრო შორს არის კუნძული მალიდან, მით უფრო ლამაზია მისი პლაჟები და მით უფრო მდიდარია წყალქვეშა სამყარო.

    მალდივები ცნობილია თავისი სტუმართმოყვარეობით, არანაკლებ თეთრი პლაჟებით, მდიდარი რიფებითა და ხელუხლებელი ბუნებით. თუმცა, სამოთხის კუნძულების დღევანდელ მოსახლეობას არაფერი აქვს საერთო იმ ხალხთან, ვინც ერთ დროს პირველებმა დაადგა ფეხი ამ დალოცვილ მიწაზე. მალდივის არქიპელაგზე პირველი ადამიანების   გამოჩენა საიდუმლოებით არის მოცული: არავინ იცის, ვინ მოვიდა აქ პირველი.  ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ შრი-ლანკასა და სამხრეთ ინდოეთის უძველესი მაცხოვრებლები იყვნენ პირველები, ვინც აქ დასახლდნენ, სხვები  კი ფიქრობენ, რომ პირველი მალდივიელები ინდოეთიდან მოვიდნენ. ასეა თუ ისე, პირველი  მოსახლეები აქ  დაახლოებით 4000 წლის წინ  გამოჩნდნენ.

    ისლამი, რომელიც  დღევანდელი მალდივების ოფიციალური რელიგიაა,  აქ უფრო გვიან, 1153 წელს დამკვიდრდა. გათხრები მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს განვითარების ადრეულ ეტაპზე ძირითადი რელიგიები ინდუიზმი და ბუდიზმი იყო. რელიგიების ამ მრავალფეროვნებამ თავისი კვალი დატოვა და დღევანდელი მალდივების ისლამი საკმაოდ რბილი და სეკულარულია სხვა მუსულმანურ ქვეყნებთან შედარებით. პორტუგალიელების მიერ კოლონიზაციის გვიანმა მცდელობებმა და მე-19 საუკუნეში ბრიტანეთის პროტექტორატის დამყარებამ ასევე გავლენა მოახდინა მალდიველების მენტალიტეტზე, ჩამოაყალიბა მულტიკულტურული სული, რომელიც დღემდეა  შენარჩუნებული.

    საინტერესოა, რომ  კუნძულების ადგილობრივი მაცხოვრებლები საკმაოდ ცრუმორწმუნეები არიან, მიუხედავად მათი ძლიერი რწმენისა ისლამისადმი. მაგალითად, ითვლება, რომ ქოქოსი შავი მაგიის ატრიბუტია და გამოიყენება რიტუალებში. მაგალითად, 2013 წელს პოლიციამ დააპატიმრა ქოქოსი, როგორც ეჭვმიტანილი არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებაში. ინციდენტი  მხოლოდ მას შემდეგ დასრულდა  როცა თეთრმა ჯადოქარმა წარმოადგინა ქოქოსის უდანაშაულობის მტკიცებულება წარმოადგინა.

    მალდივის ოფიციალური ენაა დივეჰი (Dhivehi),  მაგრამ ასევე საუბრობენ ინგლისურად და  ამიტომ ადგილობრივ მოსახლეობას არ უჭირს უცხოელებთან ურთიერთობა. კუნძულებს შორის არის გარკვეული ენობრივი განსხვავებები და ჩრდილოეთ ნაწილის დიალექტები განსაკუთრებით განსხვავდება სტანდარტული მეტყველებისგან. Dhivehi იწერება მარჯვნიდან მარცხნივ სპეციალური 24-სიმბოლოიანი ანბანის გამოყენებით, რომელიც მე-16 საუკუნეში წარმოიშვა.

    1965 წლის 26 ივლისს ბრიტანეთმა დამოუკიდებლობა მიანიჭა მალდივებს. 1968 წლის 11 ნოემბერს, რეფერენდუმის შემდეგ, მალდივის კუნძულები გამოცხადდა რესპუბლიკად. 1978 წლიდან მალდივებს მართავდა პრეზიდენტი მაუმუნ აბდულ გაიუმი (6 ზედიზედ ხუთწლიანი ვადა). 2008 წლის ოქტომბერში მოჰამედ ნაშიდი გახდა მალდივის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც არჩეულ იქნა სახალხო კენჭისყრით.

    მალდივების ეკონომიკის ძირითადი სექტორებია ტურიზმი  (მშპ-ს 28%) და მეთევზეობა. სამრეწველო სექტორი ტანსაცმლის, სუვენირებისა და ნავების წარმოებითა წარმოდგენილი. სოფლის მეურნეობა სუსტად არის განვითარებული. საკვები პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტირებულია. ძირითადი კულტურაა ქოქოსის პალმა, ასევე მოჰყავთ ბოსტნეული, ხილი, ტკბილი კარტოფილი და პურის ხილი.  მესაქონლეობა პრაქტიკულად არ არის განვითარებული.  საექსპორტო საქონელია თევზი და საფოსტო მარკები. ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა ტრადციული და მოტორიანი ნავები.

    აღსანიშნავია, რომ ქვეყანას წიგნიერების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს  მსოფლიოში  და იგი 98%-ს აღემატება.ამას კი იმით ხსნიან, რომ მალეში, სადაც ყველა უნივერსიტეტია განთავსებული და ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს, უბრალოდ  წასასვლელი არსად არის, თუკი ლექციების გაცდენას გადაწყვიტავთ.  თუმცა ის ფაქტიც, რომ  ქვეყანაში მასწავლებელთა რაოდენობა 2009 წელს 3400-დან 2011 წელს დაახლოებით 6000-მდე გაიზარდა, ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია.

    ერთ მშვენიერ დღეს, ზღვის დონის აწევის გამო, შესაძლოა, მალდივები გაქრეს დედამიწაზე.  მიუხედავად იმისა, რომ ეს არც ისე სახალისო ფაქტია, მალდივები ერთ-ერთი ყველაზე კლიმატმოწყვლადი  ქვეყანაა პლანეტაზე. 2008 წელს მალდივის პრეზიდენტმა გამოაცხადა გეგმა შექმნას ფონდი სახელმწიფოსთვის ახალი ტერიტორიის შესაძენად, რომელიც შეიძლება მათ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზღვის დონის აწევის გამო დასჭირდეთ. გლობალური დათბობის საფრთხეს აქ უფრო სერიოზულად აღიქვამენ, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში და ამიტომ  მალდივებმა დაისახა მიზანი, გახდეს ნახშირბადნეიტრალური ქვეყანა 2020 წლისთვის.

    მალდივები,  ისევე როგორც  დომინიკის რესპუბლიკა, კუბა, სეიშელის კუნძულები, ფიჯი და ბაჰამის კუნძულები (და კიდევ ხუთი ათეული ქვეყანა) გაერთიანებულია მცირე კუნძულის განვითარებადი სახელმწიფოების ჯგუფში,  რომელიც განსაზღვრული და აღიარებულია გაეროს მიერ 1992 წელს. ეს ქვეყნები მდგრადი განვითარების  მსგავს გამოწვევებს აწყდებიან: ადგილობრივი მოსახლეობის მცირე რაოდენობა ტურისტების დიდ რაოდენობასთან შედარებით, შეზღუდული რესურსები, ბუნებრივი კატასტროფების  ზემოქმედება, არასტაბილური გარემო, მაღალი კომუნიკაცია, ენერგეტიკული და სატრანსპორტო ხარჯები.

  • ელ-ნინიო

    ელ-ნინიო

    ბუნება საოცარი სისტემა, რომელიც არასდროს ვიცით რას გვიმზადებს. მსოფლიოში არსებობს ბუნების იმ ფენომენთა სია, რომლიც რამოდენიმეჯერ განმეორდა. ზოგს მოეძებნა ახსნა, ზოგსაც კი ვერა.

    1997 წლის ზაფხულში, წყნარ ოკეანეში დაიწყო დიდი მასშტაბის კლიმატური ანომალიები. ოკეანის საკმაოდ დიდ ფართობზე წყლის და ჰაერის ტემპერატურამ ნორმის ზევით აიწია 2-4 გრადუსით, რამაც ოკეანოლოგიური და ატმოსფერული ხასიათის ცვლილებები გამოიწვია. მეტეოროლოგიური თანამგზავრებიდან დაკვირვებამ აჩვენა, რომ ავსტრალიის, ინდონეზიის, ახალი გვინეის დიდ ნაწილში მოიმატა ტემპერატურამ, რამაც შეამცირა ღრუბლიანობა და გამოიწვია გვალვა.

    ასეთი ანომალიები ემთხვევა ელ-ნინიოს გამოჩენას. ელ-ნინიო (ესპანურიდან – `ბავშვი~, `ბიჭუნა~) ლოკალური ბუნებრივი ფენომენია, რომელიც ერთდროულად ოკეანის, ატმოსფეროს და ხმელეთის ურთიერთზემოქმედებით ჩნდება. მისი წარმოქმნის ინტენსივობა განპირობებულია წყნარი ოკეანის თბილი აუზით, სადაც წყლის ზედაფენებში 10-30 მეტრის სიღრმეზე წყლის ტემპერატურა 300-ს აღწევს. ელ-ნინიო ევროპის ტერიტორიის და ზოგჯერ მასზე დიდ ფართობსაც კი მოიცავს, რამდენიმე თვეს და ზოგჯერ წელიწადსაც გრძელდება. მას თან ახლავს ოკეანის, ატმოსფეროს გლობალური ცვლილებები. იწვევს წყალდიდობას, გვალვას, ტაიფუნს, სმერჩს, გრიგალს, ხანძარს. 1999 წ. ბოლოს და 2000 წ. თებერვალში, შვეიცარიაში იყო ძლიერი თოვა, 3-ჯერ მეტი ნორმაზე, ხოლო მაისში უჩვეულო დიდი სიცხის გამო დაზარალდა 200 კაცი. რუსეთის ევროპულ ნაწილში შეიქმნა ხანძარსაშიში მდგომარეობა, ხანძარი გაუჩნდა ტყეს. ხსნა მხოლოდ კოკისპირულ წვიმებს შეეძლო, მაგრამ გაბატონებული ანტიციკლონი არ უშვებდა ციკლონს ატლანტის ოკეანიდან. სამაგიეროდ უჩვეულო წყალდიდობა დაატყდა გერმანიას, საფრანგეთს, პოლონეთს, რუმინეთს, სერბეთს და სხვა.

    ტრაგიკული შედეგები მოჰყვა ელ-ნინიოს დასავლეთ ნახევარსფეროშიც. უჩვეულო სიცხისგან აშშ აღმოსავლეთ რაიონებში ძლიერ დაზარალდა ნათესები. უჩვეულოდ ცხელოდა ნიუ-იორკშიც. სამაგიეროდ კოლუმბიასა და ვენესუელაში შემოდგომაზე წვიმებს მოჰყვა საშინელი წყალდიდობა, ღვარცოფებმა წალეკა მინდვრები, ქალაქების ქუჩები მდინარეებს დაემსგავსა.

    საინტერესოა ელ-ნინიოს ანტიპოდი ლა-ნინია (ესპანურიდან ქართულად `გოგონა~). ლა-ნინიას დროს ზღვის წყლის ტემპერატურა ქვევით იწევს, თბილი წყლის ფართი მცირდება და ძლიერდება აღმოსავლეთის ქარები. ლა-ნინია ბევრად უფრო მშვიდია, ვიდრე ელ-ნინიო.

  • სად არის ჩარლის წერტილი?

    სად არის ჩარლის წერტილი?

    ჩ.გ. 52 და დ.გ. 38 გრადუსზე ატლანტის ოკეანეში არის  ”ჩარლის” წერტილი,  სადაც 24 საათის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობენ ე.წ. ამინდის გემები და ამ გემენზე მომუშავე მეცნიერ-მკვლევარები. ამ წერტილის ადგილმდებარეობა განსაზღვრა ამინდის საერთაშორისო სამსახურმისა და მეზღვაურების დახმარებით მოხდა. სწორედ ამ წერტილიში ხვდება ერთმანეთს თბილი და ცივი დინება, წარმოიქმნება ციკლონები და ანტიციკლონები, ფორმირდება შტორმები და გრიგალები.

    ამიტომ. ამინდის მოულოდნელი ცვლილებებით გამოწვეული შედეგების თავიდან ასაცილებლად, ამ ადგილას მეტეოსადგური მოეწყო. მეტეოროლოგები და სინოპტიკოსები ჩარლის წერტილიდან გადასცემენ ცნობებს ამინდის მდგომარეობის შესახებ.

    ოკეანეში, 2 კმ-ის სიღრმეზე ჩაშვებულ ბაგირზე დამაგრებულია ხელსაწყოები, რომლებიც ოკეანოლოგებს აწვდიან ცნობებს დინებების მიმართულებასა და სიჩქარის, ოკეანის წყლის ტემპერატურის, მარილიანობისა და წყლის ქიმიური შედგენილობის შესახებ.

    რადიოზონდები და მეტეორაკეტები კი, რომლებსაც გემებიდან ჰაერში უშვებენ, აეროლოგებს აწვდიან ინფორმაციას ატმოსფეროს ტენიანობის, ტემპერატურისა და ქარის მიმართულების შესახებ.

    ჩარლის წერტილიდან ცნობები ამინდის საერთაშორისო სადგურებში – ნიუ-იორკში, მელბურნსა და მოსკოვში იგზავნება, ხოლო უკვე დამუშავებული ინფორმაცია ქვეყნდება გაზეთებში, გადაიცემა რადიო-ტელევიზიით და ხელმისწავდომია მოსახლეობისთვის.

  • სარგასოს ზღვა

    სარგასოს ზღვა

    ატლანტის ოკეანის ცენტრში მდებარე სარგასოს ზღვა ფართობის მიხედვით ზღვებს შორის “აბსოლუტური ჩემპიონის” ტიტულს იმსახურებს. მისი ფართობი 4-დან 8,5 მლნ.კვ.კმ-მდე მერყეობს, რაც მისი ნაპირების არასტაბილურობითაა გამოწვეული. ოვალური ფორმის სარგასოს ზღვა ერთადერთი „ზღვაა“ პლანეტაზე, რომელსაც სანაპიროები არ გააჩნია. ზღვა შემოსაზღვრულია დინებებით: დასავლეთით გოლფსტრიმის დინებით, ჩრდილოეთით – ჩრდილო-ატლანტიკური დინებით, აღმოსავლეთით – კანარის დინებით, ხოლო სამხრეთით ჩრდილო-ეკვატორული დინებით.
    სარგასოს ზღვის კიდევ ერთი უნიკალური თვისებაა ის, რომ მისი ზედაპირი ერთი მეტრით აღემატება ოკეანის წყლის ზედაპირს. ოკეანის წყალი სარგასის ზღვაში განსაკუთრებით გამორჩეულია მისი ლურჯი ფერით და გამჭვირვალობით. წყალქვეშა მხედველობა აქ 61 მეტრს შეადგენს.

    სარგასოს ზღვის მთელი ზედაპირი დაფარულია წყალმცენარე სარგასუმით, რომელთა რაოდენობა მეცნიერთა გამოთვლებით 4-11 მლნ. ტონადაა შეფასებული. სწორედ ამიტომ ზღვა საკმაოდ მდიდარია ორგანული სამყაროთი. ~

    თუ გინდა მეტი შეიტყო წყალმცენარე სარგასუმზე წაიკითხე სტატია “წყალმცენარე, რომელიც ჩრდილო ატლანტის ოკეანეს კვებავს” https://nationalgeographic.ge/story/wyalmcenare-romelic-chrdilo-atlantis-okeanes-kvebavs/