გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

დაზღვევის საქმე

ერთხელ რაფს მისი ძველი მეგობარი ლიმეტი ესტუმრა. სწორედ ლიმეტისთან ერთად ოდესღაც რაფმა თავისი კარიერა დაიწყო პოლიციაში, მაგრამ მერე მათი გზები გაიყო. ლიმეტმა მსხვილ სადაზღვევო კომპანიაში საგამოძიებო განყოფილებაში დაიწყო მუშაობა და პოლიციიდან წავიდა. თუმცა ხანდახან ის რაფს დახმარებას სთხოვდა ხოლმე და, სავარაუდოდ, ამ დღესაც ამ მიზნით იყო მოსული.
-რაფ! შეგიძლია ერთ საქმეში დახმარება გამიწიო? – პატარა შესავლის შემდეგ იკითხა ლიმეტმა.
-მიდი, დაიწყე. ამჯერად რაშია საქმე.
-ნახევარი წლის წინ ჩვენს კომპანიაში ახალი კლიენტი – ბარი ჰოპკინსი მოვიდა. მან საკმაოდ მსხვილ თანხად დააზღვია თავისი ცოლი, სახლი და იახტა. ერთი თვის შემდეგ მის სახლს მეხი დაეცა და დაიწვა. ხოლო დაახლოებით ორი თვის წინ მისი იახტა ჩაიძირა და ცოლი დაიღუპა. მე ასეთი დამთხვევების არ მჯერა, მაგრამ ხელმოსაკიდიც არაფერი მაქვს, სამწუხაროდ.
-აქამდე რატომ არ მოხვედი?
-ჰოპკინსმა დაზღვევის თანხის მისაღებად განცხადება მხოლოდ 6 დღის წინ შემოიტანა.
-საინტერსოა. აბა უფრო დაწვრილებით მომიყევი.
-ჰოპკინსი საკმაოდ მდიდარი კაცია, ბირჟაზე თამაშობს. საკმაოდ ძვირად ღირებული იახტა ყავდა. დაახლოებით 2 თვის წინ ჰოპკინსი ცოლთან ერთად ჰავაის კუნძულებზე გაემგზავრა. როგორც წესი, ასეთი კრუიზის დროს, მას თან ორი მეზღვაური და სტიუარდი მიჰყავდა თან, მაგრამ ამჯერად მათ გარეშე გადაწყვიტა გამგზავრება. 28 მაისს ისინი ჰონოლულუდან ჩრდილოეთით 200 მილის დაშორებით იმყოფებოდნენ, როცა წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში მიწისძვრა მოხდა და შესაბამისად გიგანტური ტალღა – ცუნამი წარმოიქმნა.
-მე ვიცი, რა არის ცუნამი, ამიტომ შეგიძლია არ ამიხსნა. იმედი მაქვს, არ აპირებ ჰოპკინსის დადანაშაულებას იმაში, რომ ცუნამის გამოწვევა სურვილის მიხედვით შეუძლია?
-რა თქმა უნდა, არა. ეს უბრალოდ დამთხვევაა. თუ გახსოვს მაისში ტელევიზიით თითქმის მთელი კვირა გადმოსცემდნენ ცნობებს და აჩვენებდნენ სიუჟეტებს იმის შესახებ, თუ რა ზარალი მოჰყვა ამ ტალღას იაპონიასა და ჰავაის კუნძულებზე.
-ჰო, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, მსხვერპლი არ ყოფილა.
-მართალია, მოსახლეობა წინასწარ იყო გაფრთხილებული და ამიტომ მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ ჰოპკინსი ამტკიცებს, რომ ცუნამის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან რადიოს არ უსმენდა. ის და მისი ცოლი მშვიდად ირუჯებოდნენ იახტის ბორტზე, როცა იახტა მოულოდნელად მაღლა ავარდა, მერე კი მკვეთრად გადაიხარა. ჰოპკინსის ცოლი ოკეანეში გადავარდა, თვითონ კი სახელურს მოეჭიდა. ტალღის დარტყმის გამო იახტა გაიბზარა და წყალმა დაიწყო დინება. თუმცა ჰოპკინსმა მოასწრო ავარიული ნავის გადაგდება, თავადაც გადახტა, იახტა კი წყალში ჩაიძირა. მისი ცოლი არსად ჩანდა. განსაკუთრებული შემთხვევისთვის ნავი საჭმლითა და რაციით იყო მომარაგებული. ჰოპკინსმა SOS სიგნალების გაშვება დაიწყო. მეორე დღეს იგი სატვირთო გემმა აიყვანა, რომელიც კანადიდან ჰონგკოკში მიემგზავრებოდა. ჰოპკინსი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. თითქმის 1 კვირა მან გემის ლაზარეთში გაატარა და კიდევ 1 კვირა – ჰონგკოკის საავადმყოფოში. ამის შემდეგ იგი ჰონოლულუში გაფრინდა და ცოლის საძიებო სამუშაოების ორგანიზება დაიწყო იმის იმედად, რომ შეიძლება მან გადარჩენა მოახერხა.
ლოს-ანჯელესში მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა, როცა დარწმუნდა რომ ძიებას აზრი აღარ ჰქონდა.
-მაშინ გასაგებია, თუ რატომ მოგაკითხათ მან ასე დაგვიანებით.
-კი, მართლაც. ყველაფერი ლოგიკურად გამოიყურება და ვერაფერში შეედავები, მაგრამ რატომღაც მე მაინც არ მჯერა.
-სწორედაც იქცევი. მე უკვე ვიცი სად ჩაიწვა.
თქვენ თუ შეამჩნიეთ, სად დაუშვა ჰოპკინსმა შეცდომა?
პასუხი:
იმ ადამიანსაც კი არ გაუჭირდება ჰოპკინსის შეცდომის დანახვა, რომელიც ძალიან სუსტად ერკვევა გეოგრაფიაში. რა თქმა უნდა, ცუნამი მის იახტას ვერაფერს დააკლებდა, რადგან ამ ტალღას დამანგრეველი ეფექტი მხოლოდ სანაპიროსთან ახლო ტერიტორიებზე აქვს და არა ღია ოკეანეში, სადაც ის შეუმჩნეველია და არა სახიფათოა.