გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

ბუნებრივი ლანდშაფტი

ბუნებრივი ლანდშაფტი

გეოგრაფიული გარსის შემადგენელ ნაწილებს –  ლითოსფერო, ატმოსფეროს, ჰიდროსფეროსა და ბიოსფეროს შორის  –  არსებული კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება  და ასევე  ზოგადი გეოგრაფიული კანონზომიერებები (მთლიანობა,   ნივთიერებათა წრებრუნვა, რიტმულობა და ზონალურობა) განაპირობებს დედამიწის ბუნებრივ იერსახეს,  გარემოში მიმდინარე პროცესების ხასიათს, ადამიანის სამეურნეო საქმიანობის  ფორმებს და სხვ. გეოგრაფიული კომპონენტების ურთიერთდამოკიდებულება ვლინდებს როგორც გლობალურ (მაგ; გეოგრაფიული სარტყლების და  ბუნებრივი ზონების განედური  განლაგება, კონტინენტების ბუნებრივი პირობები), ისე რეგიონალურ (ვერტიკალური ზონალობა, ლანდშაფტები) დონეზე.

ნებისმიერი დონის ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსი  ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული გეოგრაფიული  კომპონენტებისგან შედგება. გეოგრაფიული კომპონენტებისთვის დამახასიათებელია  გარკვეული აგრეგატული მდგომარეობა, მასა და სიცოცხლის არსებობა/არარსებობა.  გეოგრაფიული კომპონენტები ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსებში წარმოდგენილი ლოთოგენური საფუძვლის (რელიეფი თავისი გეოლოგიური აგებულებით), ჰაერის და წყლის მასების ( მდინარეები, ტბები და სხვ.), ბიოგენური კომპონენტის  (მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო) სახით.   ამ კომპონენტების ურთიერთზემოქმედების  შედეგად ბუნების მეორეული კომპონენტები წარმოიქმნება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ნიადაგი, რომელიც  ძირითადად,  ბიოგენური კომპონენტისა და ლითოგენური საფუძვლის ურთიერთკავშირის შედეგად წარმოიქმნება.

ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები (ბტკ)  ერთმანთისგან ზომით განსხვავდება. ისინი შეიძლება იყოს, როგორც მცირე ზომის ( მაგ; მდინარის ხეობა), ისე საკმაოდ დიდი ფართობის (მაგ;  უდაბნო საჰარა ან ავსტრალიის კონტინენეტი). მცირე ბტკ-ები შესაძლებელია  უფრო მსხვილ ერთეულებად გაერთიანდეს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ლანდშაფტი.  

ლანდშაფტი გერმანული სიტყვაა და მიწის სახეს, პეიზაჟს, ადგილს ნიშნავს.  ლანდშაფტი გენეტიკურად ერთგავროვანი  ბუნებრივ- ტერიტორიული (გეოგრაფიული) კომპლექსია, რომლის ფარგლებში ყველა ძირითადი კომპონენტი: რელიეფი, ჰავა, წყლები, ნიადაგები, მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო  რთულ ურთიერთკავშირში იმყოფება, დაკავშირებულია ერთმანეთთან, ურთიერთობს ერთმანეთზე და ქმნის ერთიან, განუყოფელ სისტემას, რომელიც განვითარების ერთგვაროვანი პირობებით ხასიათდება.

ბტკ-ში  ყველა კომპონენტს  სხვადასხვა დანიშნულება და მნიშვნელობა გააჩნია. მაგ; ლითოგენური საფუძვლის შეცვლა დიდ გავლენას  ახდენს სხვა გეოგრაფიულ კომპონენტებზე, მასინ როცა მცენარეული საფარის შეცვლა  შედარებით უმნიშვნელო ცვლილებებს იწვევს. 

ლანდშაფტმცოდნეობა  ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების (ბტკ) ანუ ლანდშაფტების (გეოგრაფიული კომპლექსების, გეოსისტემების) შემსწავლელი მეცნიერება. იგი  სწავლობს ლანდშაფტების წარმოშობას, სტრუქტურასა და დინამიკას, მათი განვითარების კანონზომიერებებსა და განლაგებას; ამასთანავე, იკვლევს ადამიანთა საზოგადოების სამეურნეო საქმიანობის შედეგად გარდაქმნილ ბტკ-ებს.

ლანდშაფტოლოგიაში გამოიყოფა შემდეგი  ძირითადი ცნებები :

გეომასები  –  ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის ელემენტარული ნაწილები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება მასით, დანიშნულებით და სივრცესა და დროში ცვლილების სიჩქარით.  

ცნობილია:

  • აერომასები (ჰაერის მასები);
  • ლითომასები (გეოლოგიური მასები);
  • ჰიდრომასები (წყლის მასები, მათ შორის ნიადაგის ტენი და ორთქლი ატმოსფეროში);
  • ბიომასები (ფიტომასები  – მცენარეების მასები და ზოომასები – ცხოველები).
  • პედომასები (ნიადაგების ორგანულ-მინერალური ნაერთები ჰუმუსთან ერთად);
  • მორტომასები (მკვდარი ორგანული წარმოშობის ნივთიერებები, მაგ., ტყის ნაფენი);

გეომასების ერთობლიობის მიხედვით ბტკ-ში გამოიყოფა ერთგვაროვანი შრეები – გეოჰორიზონტები. მათი შედგენილობა განსაზღვრავს ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის ვერტიკალურ სტრუქტურას.

ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსში ნივთიერების წრებრუნვა და ენერგიის გარდაქმნა მის ფუნქციონირებას  განაპირობებს. მაგ; მზის ენერგიის გარდაქმნა (ტრანსფორმაცია), ტენბრუნვა, ბიოგეოციკლი (ორგანული მასის გარდაქმნა ბტკ-ში). ფუნქციონირების ხასიათი ცვალებადია,  როგორც სივრცეში,  ისე დროში.

ლანდშაფტების ყველაზე მსხვილი საკლასიფიკაციო ერთეულია კლასი. მისი გამოყოფის კრიტერიუმი გეომორფოლოგიური ფაქტორია. აღნიშნული ფაქტორის მიხედვით იქმნება ლანდშაფტის 2 კლასს: მთისა და ვაკის ლანდშაფტები. შემდეგი საკლასიფიკაციო ერთეულია ტიპი. ლანდშაფტების ტიპების გამოყოფისას ითვალისწინებენ :

  • რელიეფის ტიპს (მაგ.: დაბალმთიანი, საშუალომთიანი და მაღალმთიანი რელიეფი);
  • კლიმატის ტიპს;
  • გაბატონებულ მცენარეულობას და ნიადაგის თავისებურებებს;

ლანდშაფტების ტიპი თავის მხრივ, იყოფა უფრო მცირე ერთეულებად, ესენია: ადგილმდებარეობა, უროჩიშჩე და ფაციესი.

ამრიგად, ლანდშაფტი შეიძლება ითქვას ყველაზე პატარა კომპლექსური  ბუნებრივი ერთეულია (ფართობით რამდენიმე ათეული ან ასეული კვ.კმ), რომელსაც თავისი ბუნებრივი პირობებითა და რესურსებით შეუძლია უზრუნველყოს  გარკვეული რაოდენობით მოსახლეობის განსახლება, ცხოვრება და  საქმიანობა.

ბუნებრივი ლანდშაფტის ფორმირება ხდება  ერთდროული და სხვადასხვა მიმართულების პროცესების ერთობლივი ზემოქმედებით, რაც ლანდშაფტის კომპონენეტების  – რელიეფის, კლიმატის, გეოლოგიური სტრუქტურის, ნიადაგის, მცენარეული საფარისა და  და ცხოველთა სამყაროს, ასევე ადამიანის საქმიანობის  ურთიერთზემოქმედებითაა გაპირობებული.

ერთი ბუნებრივი ლანდშაფტის  კომპონენტებს შორის  ურთიერთზემოქმედება და ნივთიერებათა ცვლა ერთი ტიპისაა და დამოკიდებიულია მზის  ენერგიის რაოდენობასა და მოსვლის რიტმზე. მოცემული პროცესების ერთობლიობა  განსაზღვრავს  ლანდშაფტის ბუნებრივი რესურსების  განახლებას და მწარმოებლობას.

ბუნებრივი ლანდშაფტის მაგალითებია დაბლობი, მთა,  უდაბნო, ტყე,  სტეპი, დაბლობი, ჭაობი, ზღვის აკვატორია და სხვ.

ლანდშაფტს, ერთმანეთისგან  არა მხოლოდ წარმოშობით და იერ-სახით, არამედ  იქ მიმდინარე საქმიანობის მიხედვითაც  განსხვავდებიან.  გენეზისის მიხედვით გამოყოფენ ბუნებრივ და  ანთროპოგენურ ( ხელოვნურ) ლანდშაფტებს, რომლებიც  ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ბუნებრივი ლანდშაფტების   გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნება.