გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

ბანკი

ბანკი (ფრანგ. “ბანკი” – გაცვლის ფარდული) – განსაკუთრებული ეკონომიკური ინსტიტუტი, რომლის ფუნქციებია ფულადი სახსრების თავმოყრა, კრედიტების გაცემა, ფულადი ანგარიშსწორებები, განსაზღვრული სახეობისა და რაოდენობის ფულის გაშვება მიმოქცევაში, ფასიანი ქაღალდების ემისია და ა. შ.

საბანკო საქმე ჯერ კიდევ მონათმფლობელურ და ფეოდალურ საზოგადოებებში ჩაისახა. პირები, რომლებსაც მობარებული ჰქონდათ კეთილშობილი ლითონის ფული, აგრეთვე ზარაფები, სარგებლით გასცემდნენ მას სესხად. ამ გზით განვითარდა სავახშო ფულადი კაპიტალი, რაც ისტორიულად კაპიტალის ერთ-ერთი პირველი ფორმაა. შუა საუკუნეებში საბანკო საქმის აღორძინება დაიწყო ჩრდილოეთ იტალიაში. იტალიურ ენაში Banko მერხს, დახლს, სავაჭროს ნიშნავს, რადგან ზარაფები და მევახშეები სწორედ მერხზე ატარებდნენ თავიანთ ოპერაციებს.