აგეგმვა – სამუშაოთა ერთობლიობა, რომელიც ტოპოგრაფიული რუკის ან გარკვეული ნიშან-თვისების მიხედვით რუკაზე ობიექტების დასატანადაა საჭირო. განარჩევენ: დედამიწის ზედაპირზე აგეგმვას, დედამიწის წიაღში აგეგმვას და აეროგეგმვას. აგეგმვა დედამიწის ზედაპირზე შეიძლება იყოს ჰორიზონტალური (წვლილადებია დედამიწის ელემენტების მხოლოდ კონტურები) და კომბინირებული, ანუ ჰორიზონტალურ-ვერტიკალური (წვლილადებია დედამიწის ელემენტების კონტურებთან ერთად მათი ნიშნულებიც და რელიეფიც). ამ სახის აგეგმვას, ჩვეულებრივ, უწოდებენ ტოპოგრაფიულ აგეგმვას.
აგეგმვა მოიცავს საველე და კამერულ სამუშაოებს. საველე სამუშაოებია: საყრდენი ქსელის შექმნა და წვლილადების წერტილთა შეფარდებითი მდებარეობის განსაზღვრა. ამ დროს ზომავენ მანძილებს, მიმართულებებს, კუთხეებს, წერტილთა შორის აღმატებებს და სხვა. კამერული სამუშაოებია: განაზომთა მათემატიკური დამუშავება და გრაფიკულად გამოსახვა. არსებობს სხვადასხვა სახის აგეგმვა, მაგალითად ინსტრუმენტარული, ნახევრად ინსტრუმენტარული და თვალზომითი. ინსტრუმენტული აგეგმვის სახელწოდებას განსაზღვრავს ის ისტრუმენტი, რომელიც ძირითადად იხმარება საველე სამუშაოებზე. მაგ., მენზურული აგეგმვა, ტაქეომეტრიული აგეგმვა, ფოტოთეოდოლიტური აგეგმვა და სხვა. თანამედროვე პერიოდში ტარდება აეროაგეგმვები (იხ. აეროაგეგმვა).