ჩვენს პლანეტაზე ბევრი უჩვეულო და უნიკალური ადგილია, მათ შორის ისეთებიც სადაც ადამიანს ჯერ კიდევ არ დაუდგამს ფეხი. ზოგიერთ ადგილამდე მიღწევა უკიდურესად რთულია ან სულაც შეუძლებელია. სწორედ ასეთი ადგილებია ე.წ. მიუწვდომლობის პოლუსები. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ადგილები, რომლებიც ცივილიზაციისგან მაქსიმალურადაა დაშორებული და მისაღწევადაც ძალიან რთულია. დედამიწაზე მიუწვდომლობის სულ ოთხი პოლუსი არსებობს: კონტინენტური (ჩინეთის ჩრდილოეთით), ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე და ოკეანური – ნემოს წერტილი – უნიკალური ტერიტორია წყნარი ოკეანის სამხრეთში.
ნემოს წერტილი დედამიწაზე სანაპიროდან ყველაზე დაშორებულ ადგილად ითვლება, რადგან უახლოესი ხმელეთი 2500 კმ-ზე მეტ მანძილზეა. ამ ადგილს წერტილს პირობითად უწოდებენ: სინამდვილეში, ტერიტორიის ფართობი, დაახლოებით, 37 მილიონი კვ. კმ-ია.
ნემოს წერტილი აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის სამხრეთ საზღვართან მდებარეობს – წყალქვეშა ვულკანური აქტივობის ხაზთან, რომელიც კალიფორნიის ყურემდე გრძელდება. იგი საზღვარია წყნარი ოკეანისა და ნასკას ტექტონიკურ ფილებს შორის, რომლებიც მუდმივად შორდებიან ერთმანეთს. ფილებს შორის გაყოფის ადგილებს, ფილებს შორის მაგმა ავსევს, რომელიც ჰიდროთერმული კრატერებს წარმოქმნის, საიდანაც ცხელი წყალი და მინერალები იფრქვევა.
ადგილს სახელი არ მიუღია ამავე სახელწოდების მულტფილმიდან აღებული კლოუნთევზიდან, თუმცა მაინც არის გარკვეული მხატვრული ჩანაფიქრი. მას სახელი ჟიულ ვერნის 1870 წელს დაწერილი სათავგადასავლო რომანის „ოცი ათასი კმ ზღვის ქვეშ“ მთავარი მოქმედი გმირის კაპიტან ნემოს პატივსაცემად ეწოდა. სხვათა შორის, სიტყვა „ნემო“ (nemo) ლათინურიდან ითარგმნება, როგორც „არავინ“. ეს სახელი ლოგიკურია და იდეალურად ასახავს მიუწვდომლობის პოლუსის არსს: დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები თვლიდნენ, რომ აქ არავინ ცხოვრობდა.
1992 წელს ხორვატმა გეოდეზოსტმა ჰრვოე ლუკატელამ ნემოს წერტილის მდებარეობა კარტოგრაფიული პროგრამების გამოყენებით გამოთვალა. ლუკატელა, იმის მაგივრად რომ ამ განსაკუთრებული წერტილის აღმოსაჩენად ქსპედიციაში წასულიყო, ხმელეთზე დარჩა და სპეციალიზირებული კომპიუტერული პროგრამის დახმარებით დაიწყო გამოთვლები, რომელიც, მაქსიმალური სიზუსტისთვის, დედამიწის ელიფსოიდური მოდელით ახდენდა კალკულაციას. გამოანგარიშებული ლოკაცია კი ნაკლებ სავარაუდოა რომ ოდესმე შეიცვალოს.

დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ აქაურ წყლებში სიცოცხლე არ არსებობდა და მხოლოდ ბაქტერიები და ღრუბლები იყო. თევზებს და წყლის ბინადარ სხვა ორგანიზმებს საკვები სჭირდებათ, რომელიც ხმელეთთან ან ოკეანის ფსკერთან ახლოს გვხვდება. მაგრამ ნემოს წერტილში ოკეანე ძალიან ღრმაა – დაახლოებით 3 კმ და უახლოესი სანაპირო ზოლიც საკმაოდ შორს არის. უფრო მეტიც, დინების ძლიერი წრებრუნვა ხელს უშლის ამ ტერიტორიაზე წყალქვეშა სიცოცხლისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების მოხვედრას. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ტერიტორიის ზემოთ ოზონის ხვრელის არსებობა, რომელლშიც ულტრაიისფერი გამოსხივების ძლიერი ნაკადი გადის, რაც ხელს უშლის სიცოცხლის გაჩენას.
2005 წელს ოკეანოგრაფებმა ნემოს წერტილის მიმდებარედ მანამდე უცნობი წყალქვეშა არსება -კიბორჩხალა იეტი – აღმოაჩინეს. მან ეს სახელი თეთრი ფერისა და ბუმბულისებრი, ბეწვის მსგავსი ჯაგრით დაფარული ბრჭყალების გამო მიიღო. ის 2 კმ-ზე ოდნავ მეტ სიღრმეზე იპოვეს. მეცნიერები ახლა დარწმუნებულები არიან, რომ ეს არ არის უკანასკნელი ცოცხალი არსება, რომელიც მიუწვდომლობის ოკეანურ პლუსზე აღმოაჩინეს.
ნემოს წერტილი ასევე ცნობილია, როგორც კოსმოსური ხომალდების სასაფლაო. მათი „ვარგისიანობის ვადის“ გასვლის შემდეგ, კოსმოსური ხომალდები ორბიტიდან აქ „მოსასვენებლად“ იგზავნება, რადგან აქ ისინი საფრთხეს არ უქმნიან ადამიანებს ან გარემოს.

იმის გათვალისწინებით რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტა დედამიწიდან დაახლოებით 416 კილომეტრის დაშორებითაა, ხოლო ამ უკაცრიელი ადგილიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი 2700 კილომეტრითაა დაშორებული – გამოდის რომ წერტილ ნემოს, ყველაზე ხშირად, სწორედ ასტრონავტები უახლოვდებიან.
ჟიულ ვერნი დღეს ცოცხალი რომ ყოფილიყო, მას აუცილებლად შთააგონებდა მოგზაური და მკვლევარი ფიოდორ კონიუხოვის ისტორია. ის გახდა ისტორიაში პირველი ადამიანი, ვინც ნიჩბით მარტო გადაკვეთა ოკეანე და გაიარა ნემოს წერტილი. დაგეგმილი 100-120 დღის ნაცვლად, მან ზღვაში 154 დღე გაატარა, რომელთა უმეტესობა შტორმული იყო. მოგზაურმა განაცხადა, რომ მას მოუწია 12 ბალიანი სიმძლავრის შტორმთან შერკინება: ასეთი შტორმის დროს ტალღები 16 მეტრზე მეტ სიმაღლეს, ხოლო ქარის სიჩქარე 32.6 მ/წმ-ს აღწევს – ეს ის ძალაა, რომელსაც შეუძლია ხეების ფესვებიანად ამოძირკვა და სახლების დანგრევა. კონიუხოვის თქმით, ეს ტალღები წუთში ოთხჯერ ეჯახებოდა მის ნავს. მათი სიგრძე დაახლოებით 300-400 მეტრი იყო. შტორმის დროს ის ნავის დალუქულ განყოფილებაში იმყოფებოდა, ღვედით შეკრული და გადარჩა მათემატიკური გამოთვლების, სიფრთხილის, ნავის ამგები გენიალური ინჟინრებისა და საკუთარი გამბედაობის წყალობით.
1997 წელს მეცნიერებმა ნემოს წერტილიდან მომდინარე უჩვეულო ხმაური დააფიქსირეს. ჟურნალისტები თვლიდნენ, რომ ეს აქამდე უცნობი სიცოცხლის ფორმის ნიშნები იყო, ხოლო ფართო საზოგადოება ვარაუდობდა, რომ ეს ურჩხულები იყვნენ. თუმცა, მეცნიერები ყოყმანობდნენ დასკვნების გამოტანას. აღმოჩნდა, რომ ეს ბევრად უფრო პროზაული იყო: აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაამტკიცა, რომ ამ უცნაურ ხმას ოკეანეში მოდრეიფე აისბერგები დაშლისა და დაბზარვის პროცესში გამოსცემდნენ.
საინტერესოა, რომ ნემოს წერტილის აღმოჩენამდ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ამერიკელი მწერალი ჰორვარდ ფილიპს ლავკრაფტი თავის მოთხრობაში „ქთულჰუს ძახილი“ ჩაძირული ქალაქის შესახებ წერდა, სადაც წყალქვეშა ურჩხულს სძინავს. მის მიერ მოწოდებული ამ ადგილის კოორდინატები მხოლოდ 1°-ით განსხვავდება მიუწვდომლობის პოლუსის კოორდინატებისგან.
თუ რაიმე სამწუხარო შემთხვევის წყალობით ნემოს წერტილში აღმოჩნდებით, თქვენი გადარჩენის გზა არ არსებობს. აქ არც თვითმფრინავები დაფრინავენ, არც სატვირთო გემები და არც ოკეანის ლაინერები დაცურავენ. უახლოესი ადამიანები კოსმოსში არიან.
ამ რეგიონის სიღრმეებში უამრავი საიდუმლო იმალება, რომელიც აღმოჩენას ელის, მაგრამ წერტილი ნემოს მიუვალობა და სიშორე კვლევას ართულებს. თუ არ ჩავთვლით იშვიათად გამართულ იახტებით რბოლას მსოფლიოს გარშემო, ამ ადგილებს თითქმის არავინ სტუმრობს.
2013 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით დადასტურდა, რომ სამხრეთ წყნარი ოკეანის წრიული დინების შიგნით, ოკეანეებში გადაყრილი ნარჩენების თავმოყრა ხდება, და ეს უზარმაზარი მცურავი ნაგავსაყრელი წერტილი ნემოდან 2500 კილომეტრში მდებარეობს. ნარჩენები, ძირითადად, სხვადასხვა სახეობის პლასტიკური მასალისგან შედგება, რომლებიც წყალში გემებიდან და სანაპიროებიდან ხვდება, ხოლო მოგვიანებით, ოკეანური დინებები ამ ნარჩენებს მცირე ნაწილებად აქუცმაცებს. ბიოლოგების მტკიცებით, დაბინძურებამ შესაძლოა მთლიანად მოარღვიოს ეკოსისტემის ბალანსი, რადგან თუკი ნარჩენები ერთ სახეობას გამრავლებაში ეხმარება, სხვა სახეობებს საგრძნობლად უმცირებს საარსებო გარემოს.


































































