• აბრაზია

    აბრაზია

    ზღვების, ტბებისა და დიდი წყალსაცავების სანაპირო ხაზისა და სანაპირო ზოლის ნგრევა ტალღების მოქმედებით.

  • აბსოლუტური მონარქია

    აბსოლუტური მონარქია

    აბსოლუტური მონარქია – მმართველობის ფორმა, სადაც მონარქის ხელისუფლება თითქმის შეუზღუდავია და ყოველგვარი სახელმწიფოებრივი ატრიბუტები მონარქისა და მისი ოჯახის წევრების ხელშია (მაგ., საუდის არაბეთი, კატარი, ომანი, ბრუნეი, ბჰუტანი) (იხ. მონარქია)

  • აბიოტური ფაქტორები

    აბიოტური ფაქტორები

    არაცოცხალი გარემოს ფაქტორები (მოცემული ადგილის ჰავა – რელიეფი, წყალი, ნიადაგის მინერალური შედგენილობა და სხვ.), რაც აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმების არსებობისა და განვითარებისთვის.

    აბიოტური ფაქტორებს მიეკუთვნება:

    კლიმატური (ატმოსფერული): ტემპერატურა, ნალექების რაოდენობა, ტენიანობა, მზის გამოსხივება, აირის შემადგენლობა, გამჭირვალობა, ქარი, ატმოსფერული წნევა;

    წყლის გარემოს ფაქტორები: სიმკვირივე და სიბლანტე, გამჭირვალობა, დინება, ტემპერატურა, მინერალური ნივთიერებების შემცველობა, ორგანული ნივთიერებების რაოდენობა, მჟავიანობა, აირისებრი შემადგენლობა.

    ედაფური (ნიადაგური): მექანიკური სტრუქტურა, მინერალური შემადგენლობა, ორგანული შემადგენლობა, მჟავიანობა, ტენიანობა, აირის შემადგენლობა, ტემპერატურა.

    ტოპოგრაფიული (რელიეფური): სიმაღლე ზღვის დონიდან, ფერდობის ქსპოზიცია და დახრილობა, სიმაღლეთა ცვლილება.

    ასევე ცეცხლი.

  • აბლაცია

    აბლაცია

    აბლაცია – მყინვარის ან თოვლის საფარის მასის შემცირება დნობის, აორთქლებისა და მექანიკური გადაადგილების შედეგად.

  • აბორიგენი

    აბორიგენი

    აბორიგენი – რომელიმე ტერიტორიის, ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც განიცდის შევიწროებას და ძირითადად ცხოვრობს რეზერვაციებში.

  • აბსოლუტური სიმაღლე

    აბსოლუტური სიმაღლე

    დედამიწის ზედაპირის რომელიმე წერტილის სიმაღლე, რომელიც აითვლება ოკეანის ან მასთან შეერთებული ზღვის ძირითადი დონებრივი ზედაპირიდან შვეული ხაზის მიმართულებით; რუკაზე გამოისახება ჰორიზონტალებით ან ცალკეული წერტილებით.

    საბჭოთა კავშირის დროს აბსოლუტურ სიმაღლეებს აითვლიდნენ კრონშტადტის სასიმაღლო ლარტყის — ფუტშტოკის ნულიდან. საქართველოსა და ამიერკავკასიაში აბსოლუტურ სიმაღლეებს აითვლიდნენ შავი ზღვის დონიდან (ფოთის ფუტშტოკის ნული).

  • აბსოლუტური ტენიანობა

    აბსოლუტური ტენიანობა

    აბსოლუტური ტენიანობა – წყლის ორთქლის რაოდენობა, რომელსაც შეიცავს ერთეული მოცულობის ჰაერი მოცემულ მომენტში; გამოისახება გრ/კუბ.სმ ან გრ/კუბ. მ. (იხ. ტენიანობა, შეფარდებითი ტენიანობა).

  • აგეგმვა

    აგეგმვა

    აგეგმვა – სამუშაოთა ერთობლიობა, რომელიც ტოპოგრაფიული რუკის ან გარკვეული ნიშან-თვისების მიხედვით რუკაზე ობიექტების დასატანადაა საჭირო. განარჩევენ: დედამიწის ზედაპირზე აგეგმვას, დედამიწის წიაღში აგეგმვას და აეროგეგმვას. აგეგმვა დედამიწის ზედაპირზე შეიძლება იყოს ჰორიზონტალური (წვლილადებია დედამიწის ელემენტების მხოლოდ კონტურები) და კომბინირებული, ანუ ჰორიზონტალურ-ვერტიკალური (წვლილადებია დედამიწის ელემენტების კონტურებთან ერთად მათი ნიშნულებიც და რელიეფიც). ამ სახის აგეგმვას, ჩვეულებრივ, უწოდებენ ტოპოგრაფიულ აგეგმვას.

    აგეგმვა მოიცავს საველე და კამერულ სამუშაოებს. საველე სამუშაოებია: საყრდენი ქსელის შექმნა და წვლილადების წერტილთა შეფარდებითი მდებარეობის განსაზღვრა. ამ დროს ზომავენ მანძილებს, მიმართულებებს, კუთხეებს, წერტილთა შორის აღმატებებს და სხვა. კამერული სამუშაოებია: განაზომთა მათემატიკური დამუშავება და გრაფიკულად გამოსახვა. არსებობს სხვადასხვა სახის აგეგმვა, მაგალითად ინსტრუმენტარული, ნახევრად ინსტრუმენტარული და თვალზომითი. ინსტრუმენტული აგეგმვის სახელწოდებას განსაზღვრავს ის ისტრუმენტი, რომელიც ძირითადად იხმარება საველე სამუშაოებზე. მაგ., მენზურული აგეგმვა, ტაქეომეტრიული აგეგმვა, ფოტოთეოდოლიტური აგეგმვა და სხვა. თანამედროვე პერიოდში ტარდება აეროაგეგმვები (იხ. აეროაგეგმვა).

  • აგლომერატი

    აგლომერატი

    აგლომერატი (ლათ. agglomero) -პეტროგრაფიაში, სხვადასხვა, უმთავრესად ვულკანური წარმოშობის ქანებისა და მინერალთა მსხვილი ნატეხების ფაშარი გროვა. აგლომერატის შეცემენტების შედეგად წარმოიქმნება ბრექჩიები, ტუფები და სხვა. აგლომერატი გავრცელებულია თანამედროვე ვულკანურ მხარეებში (კამჩატკა), საქართველოში გვხვდება ახალგაზრდა ვულკანიზმის რაიონებში (აბულ-სამსარის ქედი და სხვ.).

    აგლომერატი (ლათ. “აგლომერატუს” – დაგროვილი) – მეტალურგიაში რკინის მადნის ნაჭრები, რომლებიც კირქვასა და კოქსთან მისი შეერთებით მიიღება. იყენებენ ბრძმედულ დნობაში.

  • აგლომერაცია

    აგლომერაცია

    აგლომერაცია (ლათ.”აგლომერო” – შევა­ერთებ) – დასახლებული პუნქტების (ძირითადად საქალაქო) თავმოყრა, რომლებიც დაახლოებულნი, ზოგიერთ ადგილას შეზრდილნი და გაერთიანებულნი არიან ერთ მთლიან წარმონაქმნად ინტენსიური სამეურნეო, შრომითი და კულტურულ-საყოფაცხოვრებო კავშირებით. აგლომერაციები ორგვარია: მონოცენტრული (ერთი ცენტრალური ქალაქით, რომლის გარშემო თავმოყრილია შედარებით მცირე დასახლებული პუნქტები) და პოლიცენტრული (რამდენიმე თანაბარმნიშვნელოვანი, ცენტრალური ქალაქით). პოლიცენტრულ აგლომერაციას ხშირად კონურბაციას უწოდებენ.