მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (აშშ) მეცნიერების აზრით ვულკანების ამოფრქვევა ჩვენს პლანეტას გადახურებისგან იცავს. მათ ახალ კვლევებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ ვულკანები დედამიწას აგრილებენ, ძირითადად, ატმოსფეროში გამოყოფილი გოგირდის დიოქსიდის ხარჯზე, რომელიც ნოტიო ჰაერთან რეაგირებს და გოგირდის მჟავას წვეთებს წარმოქმნის. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში ატმოსფეროში რჩებიან და მზის რადიაციას ირეკლავენ, რაც თავის მხრივ ტემპერატურის შემცირებას იწვევს. არადა, ადრე ითვლებოდა, რომ ეს პროცესები პლანეტის მასშტაბით კლიმატზე არსებით გავლენას არ ახდენდა.
-
ვულკანების ამოფრქვევა ჩვენ პლანეტას გადახურებისგან იცავს
-
ყველაზე სწრაფი დინება
ყველაზე სწრაფი დინება – ნაკვატო რაპიდსი წყნარ ოკეანეში, კანადის პროვინციის, ბრიტანული კოლუმბიის ნაპირებთან გადის. მისი სიჩქარეა 29,6 კმ/სთ-ია.
-
მწვანე ინიციატივები და ეკოგამოგონებები
ეკოინიციატივა ნებისმიერი ინოვაციაა, როემლიც ხელს უწყობს გარემოზე ზემოქმედების შემცირებას. ესაა ახალი პროდუქციის, პროცესებისა და სისტემების შექმნა ბუნებრივი რესურსების მინიმალური გამოყენებით და მინიმალური ნარჩენებით. ეკოინიციატივა და ეკოგამოგონებები ეკონომიკის განვითარების ახალი და ძალიან პერსპექტიული მიმართულებაა. მსოფლიოს ბევრი განვითარებული ქვეყანა უკვე გადავიდა ე.წ. „მწვანე ეკონომიკაზე“ და მათ მეურნეობაში უკვე არსებობს დარგები, რომლებიც სუფთა ტექნოლოგიების სექტორს მიეკუთვნება და აქტიურად იყენებენ ეკოინიციატივებს. ასეთებია მაგალითად მწვანე მშენებლობა, აღდგენადი ენერგეტიკა, ალტერნატირული ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, წყლის რესურსებისა და ნარჩენების მართვა. ეკოგამოგონებები სულ უფრო და უფრო ფართოდ ინერეგება და მათი მოხმარება მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
ცნობილია, რომ ჰაერის დაბინძურება თანამედროვე მსოფლიოს პრობლემაა, სწორედ ამიტომ მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, სადაც 12 მილიონზე მეტი მაცხოვრებლია, ამ პრობლემის მოგვარება თანამედროვე ტექნოლოგიებით სცადეს. ქალაქის საავადმყოფოსთვის სპეციალური ფორმის ქიმიური მინარევებით დაფარული ფილების 100 მეტრიანი ფასადი აიგო, რომელიც დაახლოებით 8750 მანქანის გამონაბოლქვის ეკვივალენტ სმოგს შთანთქავს. ფილები დაფარულია ტიტანის დიოქსიდის საღებავით, რომელიც ქიმიურ რეაქციაში შედის სმოგთან და მას კალციუმის ნიტრატად, ნახშირორჟანგად და წყლად გარდაქმნის.
ბრიტანულმა არქიტექტურულმა ბიურომ „Orproject „ ჩინეთის დედაქალ ბეიჯინგისთის (პეკინი) ეკოპროექტი „Bubble“ შეიმუშავა. ბეიჯინგი მსოფლიოში დაბინძურებული ჰაერითადა შხამიანი სმოგით გამოირჩევა, რომლის გასაუვნებელყოფად მეცნიერები და გამომგონებელ-დიზაინერები ერთობლივად მუშაობენ. ცნობილია, რომ ჩინეთი „მსოფლიოს სახელოსნოა“ და აქ ფაბრიკებს და ქარხნებს ვერავინ შეაჩერებს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ჯერჯერობით ქალაქის თავზე პლასტიკური გუმბათების აშენებაში იპოვეს. პლასტიკი „ETFE“ განსაკუთრებულად წელვადია, რომლის გადაჭიმვა შეიძლება და ის ნემსიყლაპიების ფრთებისა და ფოთლების მსგავსად არის დაძარღვული.
ჰამბურგის საერთაშორისო სამშენებლო გამოფენაზე – “IBA Hamburg” წარმოადგინილი იქნა პროექტი, რომელიც ენერგიის წყაროდ წყალმცენარეებს იყენებს. ამ ეკოინოვაციის მიხედვით, ხუთსართულიან შენობა გარშემორტყმულია წყალმცენარეებიანი პანელები, სადაც წყალი, საკვები ნივთიერებები იქაჩება და ნახშიროჟანგი ნაწილდება. ასევე, ფოტოსინთეზის შედეგად გამრავლებული წყალმცენარეების ნარჩენები გროვდება და ბიოაირად გარდაიქმნება. სახურავზე დამონტაჟებული მზის პანელები კი შენობას ენერგოდამოუკიდებელ ობიექტად აქცევს. არქიტექტურული კონცეფციის მიხედვით, ფასადი მუდმივად მოძრაობს, იცვლის ფერს და უზრუნველყოფს შენობის განათების კონტროლს.
პელემ რიო -დე -ჟანეიროს ერთ-ერთ არაპრესტიჟულ უბანში “მწვანე სტადიონი” ააგეს. სტადიონის აგება პროექტის “Make The Future” ფარგლებში განხორციელდა. “მწვანე” მოედანზე ფეხბურთის მანეჟის გასანათებელ ელექტროენერგიას თავად ფეხბურთელები გამოიმუშავებენ. სტადიონის საფარქვეშ მაღალტექნოლოგიური ელექტროგენერატორი – ფილებია დაგებული და ფეხბურთელების სირბილისა და თამაშის დროს მათი აკუმულატორები იტენება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ იგივე ტექნოლოგიას პროფესიულ საფეხბურთო მოედნებზე გამოიყენებენ ამ ტიპის კომპლექსების ენერგოდამოკიდებულება 40-75% -ით შემცირდება.
ნიუ-იორკს მალე ახალი კუნძულები – „Green Loop“ მიემატება. ამ გრანდიოზულ მშენებლობის პროექტზე არქიტექტურული ბიუროს PRESENT Architecture დიზაინერ-ურბანისტები მუშაობენ. დიზაინერებისა და ეკოლოგების აზრით, ნიუ-იორკისთვის, სადაც ყოველწლიურად 14 მილიონი ტონა ნარჩენი იყრება და ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის 300 მილიონი დოლარი იხარჯება, კვებითი ნარჩენები თავის ტკივილიცაა და მწვანე ბიზმნესისთვის ოქროს საბადოც. მათ ნარჩენების პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზად კომპოსტისგან შექმნილი ხელოვნური კუნძულების აგება მიიჩნიეს. ნიუ-იორკში კომპოსტის ხელოვნური კუნძულები „Green Loop“-ები სანაპირო ზოლთან აიგება. ურბანისტთა აზრით ქალაქში 12 ასეთი კომპოსტის კუნძული უნდა შეიქმნას, თითოეული კუნძული კი დაახლოებით 12 აკრ ფართობს დაიკავებს. ზოგიერთ მათგანზე ახალ “მწვანე ფილტვებს” – საქალაქო პარკებს გააშენებენ.
არგენტინაში დაიწყო პროექტი “Tree Book Tree”. მსოფლიოში პირველად გამოსცეს წიგნი, რომელიც წაკითხვის შემდეგ შეგიძლიათ დარგოთ. ქაღალდში ჩაპრესილია მცენარის თესლები და წაკითხვის შემდეგ თუ წიგნს ჩამარხავთ, მალე მისგან ხე ამოვა თავდაპირველად ამ მეთოდს მხოლოდ შესაფუთი მასალებისთვის იყენებდნენ, მაგრამ ახლა უკვე წიგნების გამოცემაც დაიწყეს. ამ ეკოტექნოლოგიით გამოცემული წიგნის სათაურია “მამაჩემი სელვაში იყო”. წიგნის სათაური მატფორაა. არგენტინა მსოფლიოში ცნობილია ხორცის წარმოებით. ქვეყნის სასაქონლო მეურნეობის განვითარებასთან ერთად გეომეტრიული პროგრესიით ნადგურდება ამაზონის ტროპიკული ტყეები – სელვა. არგენტინასა და ბრაზილიაში დიდი რაოდენობით ტყეების გაჩეხვა სწორედ სასაქონლომ ეურნეობასთანაა დაკავშირებული: საქონელს დიდი ფართობების საძოვრები და საკვებისთვის სახნავ- სათესები სჭირდება. ამგვარად, წიგნის სათაური “მამაჩემი სელვაში იყო”, მეტაფორულად იმაზე მიგვანიშნებს, რომ როცა ის სელვაში იმყოფებოდა ამაზონის ტყეების გაჩეხვით იყო დაკავებული. მაშასადამე, თუ მამები ტყეებს ანადგურებენ, შვილები მათ წიგნების საშუალებით გააშენებენ.
ფრანგმა გამომგონებლებმა მარიო კასერესმა და ქრისტიან კანონიკმა დაბინძურებული ჰაერის ფილტრაციისთვის საინტერესო ეკოინოვაციური იდეა შეიმუშავეს. მათ გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებისგან ხელოვნური ხეები „Boston Treepods“ შექმნეს, რომლებიც ნამდვილი ხეების მსგავსად ნახშირორჟანგს შთანთქავენ და ჟანგბადს გამოყოფენ. ხელოვნური ხის თითოეულ განშტოებაში მოთავსებულია CO2 ფილტრი. ეს ხეები ასევე აღჭურვილია მზის ელემენტებით, გამომუშავებული ენერგია კი ჰაერის ფილტრაციისა და ღამის განათებისთვის გამოიყენება. ასევე ფრანგი ინჟინრების მიერაა შექმნილი ხელოვნური ხე, რომელიც ელექტროენერგიას ქარის საშუალებით გამოიმუშავებს. ხე ჰაერის მცირე მოძრაობაზეც კი მუშაობს, თან უხმაუროდ. ეკოხეს მოხვეული ფორმის “ფოთლები”აქვს, რომლებიც ნებისმიერი კუთხით მოძრაობენ. 8 მ სიმაღლის “ქარის ხის” ერთი პროტოტიპი უკვე დგას ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში. ეკოხეს ასამუშავებლად საკამრისია ქარის სიჩქარე 4 მ/წმ-ს უდრიდეს, რაც ჩვეულებრივ ქარის გენერატორთან შედარებით საკმაო უპირატესობაა. გამომგონებელი ჟერომ მიშო-ლარივიერი იმედოვნებს, რომ მსგავსი ხეები მალე ბევრ ეზოში და ქუჩაში დაიდგმება.
ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში, მდინარე მერსის ნაპირზე, 14-მეტრიანი “მომავლის ყვავილის” სახელით ცნობილი ქანდაკება დგას. 120 მოთუთიებული ფოლადისგან აგებულ ქანდაკებაში ქარის ტურბინაა ჩამონტაჟებული, გამომუშავებული ენერგია კი ქანდაკების განათებას ხმარდება. ავტორის ჩანაფიქრით,“მომავლის ყვავილი” სიმბოლურად გამოხატავს მწვანე ტექნოლოგიებისა და სამომავლო სამრეწველო პროგრესს.
ოკეანის პლასტმასის ნარჩენებისგან გაწმენდის იდეა დანიელ სტუდენტს ბოუენ სლატს საბერძნეთში მოგზაურობისას გაუჩნდა, როდესაც წყალში თევზზე მეტი პლასტმასის ბოთლი ნახა. მისი იდეაა შექმნას V ფორმის, 100 კილომეტრიანი პასიური პლატფორმა, რომელიც ქარისა და ოკეანის დინების დახმარებით პლასტმასის ნარჩენებს შეაგროვებს. პლატფორმა 162 მზის პანელით იქნება აღჭურვილი. მცურავი ფილტრები ნარჩენებს სამი მეტრის სიღრმემდე დაიჭერს, სადაც პლასტმასის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია. ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით ახალი ეკოინიცაიტივა ნაკლები თანხებისა და დროის გამოყენებით გაცილებით დიდი სივრცეების ათვისებას და გაწმენდას ხდის შესაძლებელს. მოპოვებული პლასტმასისგან ნავთობის მიღებაა შესაძლებელი.
სპორტული ფირმა „NIKE“ მწვანე ბიზნესის ერთ-ერთი კარგი მაგალითია. მან პლასტმასის გადამუშავება დაიწყო და დაახლოებით 9 პლასტმასის ბოთლის გადამუშავებით ნიუ-ჯერსის ნაკრებისთვის სპორტული ფორმა შექმნა. ამ ტექნოლოგიის საშუალებით ნაიკმა ძირფესვიანი ცვლილება მოახდინა ნარჩენების შესამცირებლად. მათ მშრალი დაფერვის ტექნოლოგია გამოიყენეს და ამ გზით კაშკაშა, ნათელი ფერები მიიღეს. თუ ადრე ნაიკის ფირმის მამაკაცის მაისურს ღებვის პროცესში საშუალოდ 30 ლიტრი წყალი სჭირდებოდა, ახალი ტექნოლოგიით კომპანიამ წყლის რესურსის ხარჯვა 30 ლიტრიდან 0 -მდე დაიყვანა.
უკვე ფართოდაა დანერგილი ბიობეტონის წარმოების ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა, ბეტონის ბზარები გაამთელოს. ჩვეულებრივი ბეტონი დროთა განმავლობაში იბზარება, რის გამოც ბევრი შენობა, ხიდი თუ გზა ზიანდება. მიკრობიოლოგმა ჰენდრიკ მარიუს იონკერსმა ინოვაციური ეკოტექნოლოგია გამოიგონა. მან ბეტონს წარმოების პროცესში დაუმატა ბაქტერიები, რომლებსაც 200 წლამდე შეუძლიათ ეძინოთ და მხოლოდ წყალთან შეხებისას იღვიძებენ. ამ დროს ისინი გამოყოფენ კალციუმის ლაქტატს, რაც ბზარებს ამთელებს. ტექნოლოგიის გამოყენება უკვე აშენებული ან რთულად მისაწვდომი შენობებისა და გზების შესაკეთებლადაც შეიძლება.
„ნოკია“ უკვე მრავალი წელია უსადენო დასატენი მოწყობილობების შექმნაზე მუშაობს, კომპანიისა და ბრიტანელ დიზაინერების თანამშრომლობით შეიქმნა შარვალი, რომელსაც ამავდროულად მობილურის დატენვაც შეუძლია. მსგავსი პროდუქტის შექმნა, ნოკიას დამტენის ზედაპირისა და ინდუქციური ტექნოლოგიის გამოყენებით გახდა შესაძლებელი. დასატენი მოწყობილობა დამხმარე აკუმულატორის მსგავსად მუშაობს, რომელიც შეგიძლიათ თან ატაროთ. ტელეფონის დასატენად კი საკმარისია მისი შარვლის ჯიბეში მოთავსება. გარკვეული დროის შემდეგ მართალია შარვალიც დასატენი ხდება, მაგრამ შემქმნელები თვლიან, რომ ეკოკონცეფცია ინოვაციურია.
ეკოგამოგონებებს შორის მეტად საინტერსოა მზის პანელებით დეკორირებული ჩანთა „Eclipse“, რომელიც ამავე დროს პორტატულ ელექტროსადგურს წარმოადგენს. ჩანთა-ელექტროსადგურის დატენვა მობილური ტელეფონი, MP3 ან სხვა მცირე ზომის ელექტრომოწყობილობებითაა შესაძლებელი. ჩანთის შიდა მხარეც ნათდება, რათა პატარა ნივთების პოვნა გაადვილდეს. გამომგონებელ კომპანიაში თვლიან, რომ მაღალი მოდის და მეცნიერების თანამშრომლობა ყველასთვის სასიკეთეოა.
თანამედროვე სამყაროში ჯანსაღი კვების საკითხი დღითი დღე აქტუალური ხდება. სოფლის მეურნეობაში პესტიციდებს სხვადასხვა კულტურების მავნებლებისგან და დაავადებებისგან დასაცავად იყენებენ, მაგრამ პესტიციდიანი ხილი და ბოსტნეული ახალ პრობლემებს აჩენს. ვერც ხანგრძლივი რეცხვა, ვერც ხილ-ბოსტნეულისთვის კანის მოშორება ამ პრობლემას ვერ აგვარებს. დიზაინერებმა გამოიგონეს ეკოლოგიური ბურთი – „ECO washing ball“ , რომელიც ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად გამოიყენება. როცა ბურთს ხილ-ბოსტნეულთან ერთად წყლით სავსე თასში ათავსებენ, იგი კლავს მავნე მიკრობებს და ელექტროლიზის მეთოდით ხილსა და ბოსტნეულს პესტიციდებისგან ათავისუფლებს.
-
არქტიკაში ტემპერატურა მატულობს
არქტიკაში ბოლო 115 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. კლიმატის ცვლილება თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა და ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს არქტიკაში, სადაც ეს პროცესი 2-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მთელ დედამიწაზე. მკვლევრებმა გვაუწყეს, რომ 1900 წლიდან მოყოლებული არქტიკაში ჰაერის ტემპერატურამ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და 2014 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე ტემპერატურა საშუალო მაჩვენებლზე 1.3 გრადუსით მეტი იყო. აშშ-ის ოკეანოგრაფიული და ატმოსფერული კვლევების ეროვნული დეპარტამენტის (NOAA) ყოველწლიური მოხსენების თანახმად, უკანასკნელი 115 წლის მანძილზე ჰაერის ტემპერატურა არქტიკაში ყველაზე მაღალია. მსგავსი ანომალია ბოლოს 1900 წელს იქნა დაფიქსირებული.
ჰაერის ტემპერატურის მატებას თან სდევს ყინულების დნობა. გრენლანდიის ტერიტორიის თითქმის ნახევარი 2015 წელს პირველად გათავისუფლდა ყინულისგან. კლიმატის ცვლილება არქტიკაში ბინადარი თევზებისა და ლომვეშაპების იძულებით მიგრაციას იწვევს. ისინი ახალი ტერიტორიებს ითვისებენ. მეცნიერები ასევე ადასტურებენ ევერესტის მყინვარების დნობასაც და აღნიშნავენ, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში მათი ფართობი 28%-ით შემცირდა.
-
ერატოსთენე – გეოგრაფიის ფუძემდებელი
მომავალმა მეცნიერმა განათლება ალექსანდრიასა და ათენში მიიღო. კალიმაჰეს სიკვდილის შემდეგ კი იგი მსოფლიოში უძველეს ალექსანდრიის ბიბლიოთეკას განაგებდა. ერატასოთენე ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი იყო. ის დაინტერესებული იყო ფილოლოგიით (ეს სიტყვა პირველად მან იხმარა „გრამატიკის“ ნაცვლად), მათემატიკით, ასტრონომიით, ქრონოლოგიით, ფილოსოფიით, მუსიკით და, რა თქმა უნდა, გეოგრაფიით.
ერატოსთენე მართლაცდა გეოგრაფიის ფუძემდებელია. სწორედ მან პირველმა დაამკვიდრა ტერმინი ”გეოგრაფია~, პირველმა გაზომა დედამიწის მერიდიანის სიგრძე, ჩამოაყალიბა მათემატიკური გეოგრაფიის საფუძვლები; ასევე შეიმუშავა მარტივ რიცხვთა მოძებნის მეთოდი, ე.წ. ”ერატოსთენეს საცერი“; დაადგინა საბერძნეთის ისტორიის ძირითადი თარიღები. მას ეკუთვნის ნაშრომები ”ძველი კომედიის შესახებ“ (12 წიგნად), ”ქრონოგრაფიათა შესახებ“ (9 წიგნად), ”გეოგრაფია“ (3 წიგნად). თუცა ამჟამად მისი ნაწერებიდან მხოლოდ ნაწყვეტებია შემორჩენილი.
ძველმა ბერძნებმა უკვე იცოდნენ, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს და ამის დამამტკიცებელი არგუმენტებიც ჰქონდათ: პითაგორამ განაცხადა, რომ ” ბუნებაში ყველაფერი ჰარმონიულია, ხოლო ყველაზე სრულყოფილი ფორმა სფეროა. მაშასადამე დედამიწა მრგვალია.” ერატოსთენეც იზიარებდა პითაგორას აზრს დედამიწის სფერულობის შესახებ. მან გამოთვალა მისი გარშემოწერილობა და რადიუსი. თავის ტრაქტატში ”დედამიწის გაზომვის შესახებ” ( Peri tes anametreseos tes ges) ალექსანდრიასა და სიენას შორის არსებული მანძილისა და ორივე ადგილას მზის სხივების დაცემის კუთხის სხვაობის საფუძველზე, ერატოსთენემ ეკვატორის სიგრძე გამოთვალა.
ერატოსთენეს ექსპერიმენტი დედამიწის ზომის დადგენის შესახებ ასე წარიმართა:
ეგვიპტეში მოგზაურობისას, მეცნიერმა ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ ქ. სიენაში (ამჟამინდელი ქალაქი ასუანი), 21 ან 22 ივლისს – ზაფხულის ნაბუნიობის დღეს, შუადღისას მზის სხივები ყველაზე ღრმა ჭის ფსკერსაც კი ანათებენ. მაშასადამე ამ დროს მზე სიენას თავზე ზუსტად ვერტიკალურად მდებარეობდა და არ იყო დახრილი, მაშინ როცა, ამავე დროს, ქ. ალექსანდრიაში, სადაც თვითონ ცხოვრობდა, მზე შედარებით დაბალ სიმაღლეზე იყო და ყოველი საგანი ჩრდილს ქმნიდა.
ერატოსთენემ იცოდა, რომ ალექსანდრია სიენას ჩრდილოეთით თითქმის იმავე გრძედზე მდებარეობდა.
ერასტოთენემ დაამზადა ნახევრადმრგვალი თასისმაგვარი ხელსაწყო, რომლის ფსკერზე, პირდაპირ ცენტრში, ვერტიკალური ჩხირი – გნომონი დაამაგრა. თასის შიგნით მან წრე დახაზა, რომელიც 180 ტოლ ნაწილად – გრადუსებად დაყო.
ზაფხულის ნაბუნიობის დღეს მან ალექსანდრიაში დაკვირვების შედეგად შენიშნა, რომ გნომონის ჩრდილის სიგრძე მის ხელსაწყოზე სულ უფრო და უფრო მცირდებოდა და ბოლოს 7,2-გრადუსზე შეჩერდა. შემდეგ კი კვლავ მატება დაიწყო. რაც იმას ნიშნავდა, რომ მზის სხივების დაცემის კუთხე 7,2° -ია ანუ მზე ზენიტიდან სწორედ ამდენით იყო გადახრილი. ერატოსთენემ 360° გაყო 7,2°-ზე და 50 მიიღო. ამგვარად, მან დაადგინა, რომ სიენასა და ალექსანდრიას შორის დაშორება დედამიწის გარშემოწერილობის 1/50-ის ტოლია.
შემდეგ ბერძენმა მეცნიერმა სინესა და ალექსანდრიას შორის ფაქტიური დაშორება განსაზღვრა. იმ პერიოდში ეს არც თუ ადვილი საქმე იყო. მაშინ ადამიანები აქლემებით გადაადგილდებოდნენ, გავლილ მანძილს კი სტადიებში ზომავდნენ. აქლემების ქარავანი ჩვეულებრივ დაახლოებით 100 სტადიას გადიოდა დღეში. სიენადან ალექსანდრიაში მოგზაურობას 50 დღე სჭირდებოდა. მაშასადამე ორ ქალაქს შორის მანძილის ასე განისაზღვრა:
100 სტადია x 50 დღე = 5000 სტადია.რადგანაც ერატოსთენეს მიხედვით 5000 სტადია დედამიწის გარშემოწერილობის 1/50-ის ტოლია, შესაბამისად მთელი გარშემოწერილობა იქნება:
5 000 სტადია x 50 = 250000 სტადია.სტადიის სიგრძეს ამჟამად სხვადასხვანაირად ანგარიშობენ: ერთი ვარიანტის მიხედვით სტადია 1657 მ-ია. მაშასადამე დედამიწის გარშემოწერილობა ტოლია:
250 000 სტადია x 1657 მ = 39 250 000 მ.მეტრების კილომეტრებში გადასაყვანად მიღებულ რიცხვი 1000-ზე იყოფა და საბოლოო პასუხია 39 250 კმ.
იმ დროისათვის ეს შედეგი საოცრად ზუსტი იყო, რადგან დღევანდელი გამოთვლებით დედამიწის გარშემოწერილობა – 40076 კმ-ია.
თავის 3-ტომიან ნაშრომში ”გეოგრაფია” (Geographika) ერატოსთენემ პირველად გადმოსცა გეოგრაფიის სისტემური მეცნიერული შინაარსი. მან დასაწყისში მიმოიხილა ის საკითხები, რაც იმ დროსათვის ბერძნულ მეცნიერებაში უკვე იყო ცნობილი. ერატოსთენემ პითაგორაზე დაყრდნობით დასაბამი დაუდო მათემატიკურ და ფიზიკურ გეოგრაფიას. ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ თუ გიბრალტარის სრუტიდან გემი სულ დასავლეთით ივლიდა, შესაძლებელი იყო ინდოეთამდე მისვლა. მოგვიანებით, სწორედ ამ ვარაუდზე დაყრდნობით გადაწყვეტა ქრისტეფორე კოლუმბმა 1492 წელს მოგზაურობის დაწყება. ერატოსთენემ თავის ნაშრომს მსოფლიოს გეოგრაფიული რუკაც დაურთო, რომელსაც სტრაბონის ცნობით ჰიპარქე ნიკეიელი აკრიტიკებდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველი რუკა, რომელიც დედამიწის სფეროსებული ფორმის გათვალისწინებით შეიქმნა, სწორედ ერატოსთენეს ეკუთვნის. ითვლება, რომ სწორედ მან პირველმა შეადგინა მსოფლიოს რუკა მერიდიანებისა და პარალელების გამოყენებით, რომლებსაც თავად ”ერთმანეთის გვერდით გამავალ ხაზებსა” და ”შუადღემდე ხაზებს” უწოდებდა.
ერატოსთენეს მიხედვით მსოფლიო – ერთი კუნძულია, რომელსაც ზემოდან ჩრდილოეთის ოკეანე, ხოლო ქვემოდან – ატლანტის ოკეანე ესაზღვრება. კუნძული ევროპად, ლიბიად, არაბეთად, არიანად, ინდოეთად და სკიფიად იყოფა. ინდოეთის სამხრეთით კიდევ ერთი კუნძული – ტაბროპანი, სავარაუდოდ თანამედროვე შრი-ლანკა (ცეილონი) მდებარეობდა.
ამასთან, ერატოსთენე არ უარყოფდა, რომ სხვა ნახევარსფეროში შესაძლებელი იყო ”ანტიპოდების” არსებობა. თუმცა მათამდე მიღწევა შეუძლებელი იყო, რადგან, როგორც ძველი ბერძნები თვლიდნენ, ეკვატორთან ისე ცხელოდა, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი იწვოდა, ხოლო ზღვა კი დუღდა; და პირიქით – პოლუსებთან ისე ციოდა, რომ ვერცერთი ადამიანი ვერ გადარჩებოდა.
გეოგრაფიაში გაწეული ღვაწლის გარდა, ერატოსთენეს ასევე ეკუთვნის მათემატიკური შრომა პლატონიკი (Platonikos), სადაც განხილული აქვს მათემატიკისა და მუსიკის საკითხები, ხოლო ცხრაწიგნიან ნაშრომში ”ქრონოლოგია” (Chronographiai) მან საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქრონოლოგიას. წიგნი მოიცავდა პერიოდს ტროას დაცემიდან ალექსანდრეს სიკვდილამდე. ერატოსთენემ ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულთა სიებზე დაყრდნობით ზუსტი ქრონოლოგიური ცხრილი შეიმუშავა, სადაც მისთვის ცნობილი ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და კულტურული მოვლენა ოლიმპიადების მიხედვით, ანუ 4-წლიანი ინტერვალით იყო დათარიღებული.
ერატოსთენეს 12-ტომიანი ნაშრომი ”ძველი კომედიის” (Peri tes archaias komodias) შესახებ ლიტერატურული, ლინგვისტური და ისტორიული კვლევაა. მასვე ეკუთვნის ლექსები. ერატოსთენე პირველი მეცნიერი იყო, რომელმაც საკუთარ თავს ”ფილოლოგი” (philologos – მეცნიერების მოსიყვარულე, მსგავსად philosophos – სიბრძნის მოსიყვარულე) უწოდა.
-
გეოგრაფიული პროგნოზი და მისი მნიშვნელობა
გეოგრაფიული პროგნოზირება გულისხმობს მეცნიერულად დასაბუთებული თეორიების შემუშავებას ბუნებრივი გარემოს მდგომარეობისა და განვითარების ტენდენციების შესახებ რაციონალური ბუნებათსარგებლობის კუთხით. გეოგრაფიული პროგნოზირება იგივე გეოგრაფიული კვლევების ჩატარებაა მომავალში ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის შესახებ. გეოგრაფიული პროგნოზირების ძირითადი ერთეულები – სივრცე და დრო – პროგნოზის ობიექტსა და მიზანთან და კონკრეტული რეგიონის ბუნებრივ-სამეურნეო თავისებურებებთან ერთად განიხილება.
გეოგრაფიული პროგნოზირების საფუძველია, ერთი მხრივ, გეოსისტემებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დინამიკური და ევოლუციური ტენდენციები, მეორე მხრივ კი – სოციალურ-ეკონომიკური განვითარების არსებული და პერსპექტიული გეგმები, ტექნიკის პროგრესი, რაზეც დამოკიდებულია ბუნებრივ კომპლექსებზე კაცობრიობის ზემოქმედების მიმართულებები.
გეოგრაფიული პროგნოზის სიზუსტე და წარმატება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – იმაზეც, რამდენად სწორადაა შერჩეული და არჩეული მთავარი ფაქტორები და მეთოდები, რომლებიც პრობლემის გადასაჭრელადაა საჭირო. გეოგრაფიული პროგნოზების კლასიფიკაცია ასეთია:
ა) კომპონენტების მიხედვით (ანუ დარგობრივი) – ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური, ნიადაგური და სხვ. და კომპლექსური, როცა ბუნებრივი კომპლექსის მდგომარეობის დინამიკა მთლიანობაში ფასდება;
ბ) პროგნოზები ერთმანეთისგან მასშტაბითაც განსხვავდება. გეოსისტემების დონის მიხედვით განასხვავებენ ლოკალურ (სივრცობრივი მასშტაბი რამდენიმე კვ. კმ-დან რამდენიმე ათას კვ. კმ.-მდე), რეგიონულ (რამდენიმე ათასი კვ. კმ.-დან რამდენიმე ასეულ ათას კვ. კმ.-მდე) და გლობალურ (რამდენიმე ასეული ათასი კვ. კმ.-დან სისტემის იმ ტერიტორიულ დონემდე, როცა ის გეოგრაფიულ გარსს ქმნის) პროგნოზებს. მაგალითად, ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდა და მასთან დაკავშირებული კლიმატის ცვლილების პროგნოზი გლობალური მასშტაბისაა, მდინარეების ამუდარიასა და სირდარიას წყლების არხებში გადანაწილება და შედეგად ბუნებრივი გარემოს ცვლილების პროგნოზი – რეგიონული მასშტაბისა, ხოლო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნის შედეგად გამოწვეული ბუნებრივი გარემოს ცვლილებები – ლოკალური.
გ) დროის მიხედვით გამოყოფენ მოკლევადიან (დროითი მასშტაბი – რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღმდე), საშუალოვადიან (რამდენიმე დღიდან წლამდე) და გრძელვადიან (წლიდან რამდნიმე ასეულ ან ათას წლამდე) პროგნოზს. ცნობილია ისეთი პროგნოზებიც, რომლებიც გათვლილია რამდენიმე ათასწლეულზე და 1 მლნ წელზეც კი. მაგალითად, მყინვარების უკან დახევის ან გავრცელების პროგნოზი, გაუდინარი ტბების წყლის დონის რყევა და სხვ. თუმცა ასეთი პროგნოზები არცთუ ზუსტია – პროგნოზირება ხდება ბუნებრივი ცვლილებების მიმართულებით და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები გათვალისწინებული არ არის.
ადამიანის ცხოვრებაში მეტად აქტუალურია მოკლევადიანი პროგნოზები, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი წლიური, სეზონური და თვის პროგნოზებია. მაგალითად, ამინდის, მდინარეებში წყლის დონის ცვლილებისა და მისი ხარჯის სეზონური რყევის, ზვავების ჩამოწოლის, მეწყერებისა და ღვარცოფების წარმოქმნის პროგნოზი, რათა დროულად იქნეს მიღებული პრევენციული ზომები და თავიდან იქნეს აცილებული მისი კატასტროფული შედეგები. გრძელ- და საშუალოვადიანი პროგნოზირებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს რამდენიმე ფაქტორი: რამდენად ღრმადაა შესაძლებელი წარსულში ბუნების განვითარების კანონზომიერებებში გარკვევა, რამდენად ხანგრძლივად და ზუსტადაა შესაძლებელი მოსალოდნელი ბუნებრივი პროცესებისა და მოვლენების წინასწარმეტყველება. მაგალითად, მთის თანამედროვე მყინვარების კვლევისას შესაძლებელია მათი გაჩენისა და განვითარების ისტორიაში შეხედვა. იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ მყინვარები მომავალშიც იმავე კანონების მიხედვით განვითარდება, რომლებითაც წარსულში ვითარდებოდა, შესაძლებელია მათი განვითარების გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთებაც. ამ პროგნოზის საფუძველს იძლევა გაუდინარი ტბების ფსკერზე დალექილი ქანებიც.
საშუალოვადიანი პროგნოზი მოითხოვს ლანდშაფტის რიტმული, მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი და ტექნოგენური ცვლილებების ყოველმხრივ შესწავლასა და კვლევას. მაგალითად, წყალსაცავების მშენებლობის დროს საინტერესოა არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური გარადქმნები, არამედ ბუნებაში მომხდარი ცვლილებებიც, რომლებიც წყლის ახალი ობიექტის გაჩენას მოჰყვება.
არსებობს გეოგრაფიული პროგნოზირების მეთოდთა წყება. ზოგ მათგანს წინათაც იყენებდნენ, თუმცა არ შეიძლება, მათ უნივერსალური ვუწოდოთ. გეოსისტემების მოსალოდნელ ცვლილებათა წინასწარმეტყველებისას ეს მეთოდები გეოგრაფიაში ერთდროულად გამოიყენებოდა. ზუსტი პროგნოზის მთავარი პირობაა იმ მკვლევარი-სპეციალისტის მიერ ბუნების განვითარების კანონზომიერების ღრმა ცოდნა, რომელიც კონკრეტულ პროგნოზზე მუშაობს და მრავალფაქტორიანი პროცესებისა და მოვლენების კავშირების შესახებ სწორ განსაზღვრებას გვაძლევს.
ბუნებრივი გარემოს პროგნოზირების შედარებით დამუშავებულ მეთოდებს მიეკუთვნება ფიზიკურ-გეოგრაფიული ექსტრაპოლაცია, ფიზიკურ-გეოგრაფიული ანალოგია, ლანდშაფტურ-გენეტიკური მწკრივები, ფუნქციური ურთიერთკავშირები, ექსპერტული შეფასება.
ფიზიკურ-გეოგრაფიული ექსტრაპოლაციის მეთოდი ადრეულ ეტაპზე გამოვლენილ ბუნებრივი კომპლექსის განვითარების მიმართულების გავრცელებას და მომავალში მის სივრცობრივ-დროით დინამიკას ემყარება. თუ ექსტრაპოლაციის მეთოდით გავაკეთებთ მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის პროგნოზს, აღმოჩნდება, რომ პლანეტის მოსახლეობა მომავალშიც იმავე ტემპით გაიზრდება. თუმცა სხვა, უფრო სრულყოფილი მეთოდების მიხედვით, პროგნოზი სულ სხვნაირია: დედამიწის მოსახლეობა 30-40 წლის შემდეგ კი არ გაიზრდება, პირიქით, შესაძლოა შემცირდეს კიდეც.
ფიზიკურ-გეოგრაფიული ანალოგიის მეთოდი ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ერთი ბუნებრივი კომპლექსის პირობებში გამოვლენილი პროცესის (ანალოგის) განვითარება შეიძლება განსაზღვრული ცვლილებებით გადატანილ იქნეს სხვა, პირველის იდენტური პირობების კომპლექსზე. გეოგრაფიული ანალოგიების მეთოდის გამოყენებისას ხდება ერთი ლანდშაფტისთვის დადგენილ კანონზომიერებათა სხვა, ანალოგიურ ლანდშაფტზე გადატანა. ეს მეთოდი საკმაოდ შეზღუდულია და მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტების მსგავსების პირობებში მუშაობს, რადგან დადგენილი კანონზომიერებები განსაზღვრულ გეოგრაფიულ ზონაში მხოლოდ ამ ზონისთვისაა დამახასიათებელი.
ექსტრაპოლაციის ან დროებითი ანალოგიების მეთოდი ბუნებრივ გარემოში მოსალოდნელი ცვლილების შესახებ პროგნოზს თანამედროვე პირობებში მომხდარ ცვლილებებზე დაყრდნობით აკეთებს. მათი გამოყენებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო და აუცილებელია კავშირი სხვა მეთოდებთან, რადგან ბუნებრივი მოვლენების უმრავლესობა არათანაბრად და, ამავე დროს, მრავალი სხვადასხვა ტიპის ფაქტორის ზემოქმედებით მიმდინარეობს. ინდიკაციური მეთოდი ეფუძნება გეოსისტემის ყველა კომპონენტს და იქ მიმდინარე პროცესებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირს. ამ დროს ერთი ინდიკატორის, მაგალითად, მცენარეულობის საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს გეოსისტემაში მოსალოდნელი ცვლილებების შესაძლო ვარინატები. ამ მეთოდს ძირითადად მოკლევადიანი პროგნოზირებისას იყენებენ.
გარემოს ცვლილებათა ზუსტი შეფასებისა და პროგნოზირების დროს მეტად მნიშვნელოვანია ადგილის ლანდშაფტური რუკის შედგენა. რუკა, ფოტოსურათის მსგავსად, აღრიცხავს ბუნებრივი გარემოს კომპონენტების მდგომარეობას დროის მოცემულ პერიოდში. ასეთი რუკების საშუალებით შესაძლებელია ბუნებრივ კომპლექსებში მოსალოდნელ ცვლილებათა განსაზღვრა. ამ პოზიციიდან გამომდინარე, აეროფოტოგადაღებებს დიდი მნიშვნელობა აქვს პროგნოზისთვის.
ლანდშაფტურ-გენეტიკური მწკრივების მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბუნებრივი პროცესების სივრცობრივ ცვლილებათა განვითარების დადგენილი კანონზომიერებები შეიძლება გადატანილ იქნეს მათ დროებით დინამიკაში და პირიქით.
ფუნქციური ურთიერთკავშირების მეთოდი ეფუძნება იმ ფაქტორების გამოვლენას, რომლებიც საპროგნოზო პროცესის დინამიკას განსაზღვრავს, ასევე – მათ შორის და ამ პროცესის მაჩვენებლებს შორის ურთიერთკავშირის პოვნას.
ექსპერტული შეფასების მეთოდი გულისხმობს საპროგნოზო ობიექტის მომავალი მდგომარეობის განსაზღვრას სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა – ექსპერტთა – მოსაზრებების, შეხედულებების შესწავლით.
თანამედროვე პირობებში საპროგნოზო ამოცანების გადასაწყვეტად სულ უფრო მეტად იყენებენ გეოსისტემის მათემატიკური მოდელირების მეთოდს. მისი სიზუსტე დამოკიდებულია იმ ფაქტორების მოცულობის ხარისხზე, რომლებიც გარემოზე ზემოქმედებს. ამ დროს იქმნება იმიტაციური კომპიუტერული მოდელი, რომელიც ბუნებრივი კომპლექსების დრო–სივრცით კავშირებს ასახავს.
გეოგრაფიული პროგნოზის ძირითადი პრინციპები ეფუძნება იმას, რომ ბუნებაში მიმდინარე პროცესები და ცვლილებები განსაზღვრულ პირობებში მიმდინარეობს, განსაზღვრულ კანონზომიერებებს ემორჩილება და გეოსისტემებს შესაბამისი ფუნქციური თავისებურებები აქვს. -
პარიზი – დღესასწაული რომელიც მუდამ ჩვენთანაა
საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქი – პარიზი მდინარე სენაზე, საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ილ-დე-ფრანსის (იგივე პარიზის) რეგიონის ცენტრში მდებარეობს. ქალაქის საზღვრები 1869 წლიდან მცირედ თუ შეიცვალა, ხოლო მოსახლეობა 2015 წლის მონაცემებით 2. 197 ათას კაცის ითვლის. პარიზის აგლომერაციაში კი გარეუბნებთან ერთად 12 672 000 კაცი ცხოვრობს. ის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული მეგაპოლისია ევროპაში.
თავისი არსებობის სხვადასხვა პერიოდში პარიზს სხვადასხვა სახელს უწოდებდნენ, თუმცა მათ შორის ყველაზე ცნობილია ”ჩირაღდნების, სინათლის ქალაქი”, ფრანგულად – «La Ville-Lumiere». ეს არცაა გასაკვირი, რადგან სწორედ პარიზი იყო მსოფლიოში პირველი ქალაქი, სადაც გარეგანათება დამონტაჟდა და ქუჩები გაანათეს. თუმცა მანამდე პარიზს ლუტეცია (Lutetia) ერქვა. სახელი ლათინური სიტყვიდან ”lutum” წარმოსდგება, რომელიც თარგმანში ”ტალახს” ნიშნავს. ითვლება, რომ ქალაქი კელტური ტომების მიერაა დაარსებული, მოგვიანებით კი რომაელებმა დაიპყრეს.
პარიზი ზომიერად ოკეანური კლიმატის ზონაში მდებარეობს და მასზე თბილი ჩრდილო-ატლანტიკური დინება ახდენს გავლენას. ამიტომ ქალაქში იშვიათადაა ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი ტემპერატურა.
ორ ათასწლეულზე მეტი ხნის პარიზი დღეს მსოფლიოს წამყვანი საქმიანი და კულტურული ცენტრია. მისი გავლენა პოლიტიკაზე, განათლებაზე, დასვენებაზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, მოდაზე, მეცნიერებასა და ხელოვნებაზე ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი მთავარი ქალაქის სტატუსს ანიჭებს. ბოლო მონაცემებით დიდი პარიზი ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპის უმსხვილეს საქალაქო რაიონს წარმოადგენს და მშპ-ის მოცულობით მეხუთე ადგილი უკავია მსოფლიოს ქალაქებს შორის.
პარიზი ტურისტების საყვარელი ქალაქია. ყოველ წელს მას 45 მლნ ტურისტი სტუმრობს, რომელთა 60% უცხოელია. მის ღირშესანიშნაობებს შორისაა მთელ მსოფლიოში ცნობილი ადგილები, შენობები, პარკები და უბრალო ქუჩებიც კი.
სულ ერთია, რა დროს ჩადიხარ ქალაქში – დღისით თუ ღამით – პირველს, რასაც ხედავ, ეს ეიფელის კოშკია, რომელიც, როგორც დარაჯი, ისე დგას და აგერ უკვე მრავალი წელია ქალაქის მთავარი ორიენტირი და სავიზიტო ბარათია. პარიზის სიმბოლო – ეიფელის კოშკი – 1887-1889 წლებში აშენდა. მას მსოფლიო გამოფენის შესასვლელის ფუნქცია უნდა ჰქონოდა. კონსტრუქცია 20 წლის შემდეგ უნდა დაეშალათ, მაგრამ რადიოს ქსელის განვითარებამ ეიფელის შედევრი დაშლისგან იხსნა: მასზე რადიომოწყობილობა დამონტაჟდა. 324 მ. სიმაღლის კოშკი 1930 წლამდე მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა. თუ კოშკზე მზიან ამინდში ახვალთ და გადმოიხედავთ, მთელ პარიზს დაინახავთ. თუ ღრუბლიანი ამინდია, მის წვერზე ასულები სულ სხვა – ”ღრუბლებს გადაღმა” – სამყაროში მოხვდებით. ღამით კი კოშკი ათასობით ნათურითაა განათებული და ქალაქის თითქმის ყველა კუთხიდან ჩანს.
ცნობილი მუზეუმი ლუვრი 1793 წელს აშენდა. მას დღესდღეობით მსოფლიოს მუზეუმებს შორის ყველაზე მეტი მნახველი ჰყავს – ყოველწლიურად 5 მლნ. ადამიანი სტუმრობს. ლუვრის წინ 1989 წელს აშენებულმა მინის პირამიდამ აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია არა მარტო არქიტექტორებსა და გარემოსდამცველებს შორის, არამედ კინორეჟისორებს შორისაც. საქმე ის გახლავთ, რომ ნებისმიერმა რეჟისორმა, რომელსაც ლუვრის ეზოში სურს გადაღება, როიალითი უნდა გადაუხადოს მის შემქმნელს. ამიტომაც ხშირად, ახალ ფილმებშიც კი ლუვრთან ერთად ეს პირამიდა არ ჩანს.
პარიზში მოხვედრილი ადამიანი თავს ვალდებულად თვლის, რომ ლუვრს აუცილებლად ესტუმროს. არადა, ამ ქალაქში კიდევ ერთი, ლუვრზე არანაკლებ საინტერესო ორსეს მუზეუმია. ამ ოდესღაც რკინიგზის სადგურის შენობაში უნიკალური სურათებია გამოფენილი, მათ შორის იმპრესიონისტებისა და პოსტიმპრესიონისტების ნახატები.
შეყვარებულების საყვარელი ადგილია ნოტრ-დამის ტაძარი და მისი მოედანი. ალბათ იმიტომ, რომ ამ ადგილას ცნობილი მწერლის, ვ. ჰიუგოს ვერსიით ყველაზე რომანტიკული და, ამავე დროს, ტრაგიკული ისტორია ხდებოდა. ან იქნებ იმიტომ, რომ კვირაობით ”გრანდ” ორღანის სულში ჩამწვდომი მუსიკის მოსმენა შეუძლიათ.
მსოფლიოში ცნობილი კაბარე ”მულენ რუჟი” (Moulin Rouge – ქართულად “წითელი წისქვილი”) 1889 წელს აშენდა და პიგალის მოედნის გვერდით, ე.წ. ”წითელი ფარნების” რაიონში მდებარეობს. კაბარე განთქმული იყო და არის ცეკვა ”კანკანით”.
პარიზში ყოფნისას ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა გაისეირნოთ შანზ-ელიზეზე (ელისეს მინდვრები), რომელიც კონკორდის მოედანზე აღმართული ობელისკიდან იწყება და შარლ-დე-გოლის მოედანზე ტრიუმფალურ თაღთან მთავრდება. გამზირის სიგრძე 1915 მეტრია, ხოლო სიგანე – 70 მეტრს აღწევს.
თუ დასვენება მოგინდათ ლუქსემბურგის ბაღს(Jardin du Luxembourg, მეტსახელი “ლუკო”‘) ესტუმრეთ. ბაღის ფართობი 224 500 მ²-ია. ის უდიდესი საქალაქო პარკია პარიზში. აქვეა ლუქსემბურგის სასახლე, სადაც დღეს საფრანგეთის სენატია განთავსებული. სასახლე და ბაღები არქიტექტორმა სალომონ დე ბროსმა 1615-27 წლებში მარი დე მედიჩისთვის ააგო. ბაღში მიმოფანტულია მრავალი მცირე და დიდი ზომის ქანდაკება და მონუმენტი. აუზის ირგვლივ საფრანგეთის ყოფილი დედოფლების ქანდაკებებია ჩამწკრივებული. ბაღი პარიზელი ბავშვებისა და მათი მშობლების საყვარელი ადგილია. თუ გაგიმართლათ, აქ შეიძლება უფასო კონცერტსაც დაესწროთ.
პარიზის უცვლელმა საზღვრებმა, მკაცრმა სამშენებლო ნორმებმა და არათავისუფალი მიწის დეფიციტმა შექმნა ფენომენი, რომელსაც “პარიზის მუზეუმიფიკაცია ” ეწოდა, რადგან ისტორიული იერსახის შენარჩუნების სურვილი და არსებული კანონები მისი ტერიტორიის ფარგლებში მასიურ მშენებლობებსა და ინფრასტუქტურის განვითარებას აფერხებენ, რაც მეტად აუცილებელია ქალაქის მზარდი მოსახლეობის გათვალისწინებით. ამიტომ ბევრი დაწესებულება და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ელემენტები უკვე ქალაქის გარეუბნებშია განთავსებული ან იქ გადასვლას გეგმავს. ფინანსური და საქმიანი რაიონი ლა დეფანსი, მთავარი სასურსათო საბითუმო ბაზარი რიუნჟი, ცნობილი სასწავლო დაწესებულებები – პოლიტიკური სკოლა (École Polytechnique), მენეჯმენტის სკოლა, ეკონომიკური და კომერციული მეცნიერებების უმაღლესი სკოლა (ESSEC), INSEAD-ის ბიზნეს-სკოლა და სხვ., ასევე მსოფლიოში ცნობილი კვლევითი ლაბორატორია საკლე (Saclay) ან ევრი (Évry), უდიდესი სპორტული მოედანი ”სტად დე ფრანსე” (Stade de France), ასევე ზოგიერთი სამინისტრო (მაგ; ტრანსპორტის), შეიძლება ითქვას, ქალაქის ფარგლებს გარეთ მდებარეობენ.
კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი პარიზის შესახებ:
პარიზში სხვა ბევრი ევროპული დედაქალაქებისგან განსხვავებით ონკანის წყალი სასმელად ვარგისია. წყლის არაჩვეულებრივი გამწმენდი სისტემა პარიზელების სიამაყეა.
მდინარე სენაზე აგებული ყველაზე ძველი ხიდი მე-16 საუკუნეში იყო აგებული, თუმცა მას დღესაც ”ახალი ხიდი” ჰქვია, რადგან მაშინ, როცა ის ააგეს შესაბამისი სახელი ვერ დაარქვეს და ”ახალი ” უწოდეს.
მსოფლიოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირველი მარშრუტი 1662 წლის 18 მარტს ცნობილი ფიზიკოსის, ბლეზ პასკალის ინიციატივით სწორედ პარიზში გაჩნდა.
პარიზის მეტრო გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. იგი ევროპაში ერთ-ერთი უძველესი მეტროპოლიტენია ლონდონის, ბუდაპეშტისა და გლაზგოს მეტროპოლიტენების შემდეგ.
დაბოლოს, პარიზზე უამრავი დაწერილა და კიდევ უამრავი დაიწერება. მეც ვეცადე, რომ ყველასთვის ცნობილი თუ უცნობი ფაქტები თქვენთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა. ბევრი რამ დამრჩა სათქმელი, თუმცა ერთი რამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა: პარიზი მართლაც დღესასწაულია, რომელიც მუდამ ჩვენთანაა.
-
ყველაზე სწრაფი დინება
ყველაზე სწრაფი დინება – ნაკვატო რაპიდსი წყნარ ოკეანეში, კანადის პროვინციის, ბრიტანული კოლუმბიის ნაპირებთან გადის. მისი სიჩქარეა 29,6 კმ/სთ-ია.
-
ზეგანი
ზეგანი – ბრტყელი ან სუსტტალღოვანი ზედაპირის მქონე ვაკე, რომელიც ზღვის დონიდან 500 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარეობს.
-
ზასტრუგა
ზასტრუგა- უძრავი,ქარისმიმართულებით გადაჭიმული ვიწრო და მყარითოვლისთხემის სახელი, რომელიც თოვლის ზედაპირზე ქარისმიერი ეროზიისა და აკუმულაციის შედეგად წარმოიქმნება. ზატრუგას სიგრძე რამდენიმე მეტრამდე გრძელდება, სიმაღლე 1,5 მ -ია (ჩვეულებრივ 20-30 სმ). გვხვდება პოლარულ და ზომიერ სარტყლებში.
-
ვერძის შუბლები
ვერძის შუბლები – მომრგვალო, გუმბათისებური ფორმის ბორცვი ან ცალკეული კლდე, რომელთა ზედაპირი ხშირად დასერილია მოძრავი მყინვარის მოქმედებით. ვერძის შუბლები გავრცელებულია ძველ ან თანამედროვე გამყინვარების რაიონებში. მათი გავრცელების ადგილებს `ხუჭუჭა~ კლდეებს უწოდებენ.